”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2016 11:49
მიღების თარიღი მაისი 11, 2016
”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 9 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №571/9 ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ”. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილი იქნა:
1. საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს ”ჯეოსელი”, შპს ”მაგთიკომი”, შპს “მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“):
ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
2. გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის მოძრავ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის დადგენილ იქნა სხვა მოძრავი ან ფიქსირებული ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ქსელში ტერმინაციის შემდეგი ტარიფები:
ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
3. გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული პირების გარდა სხვა ავტორიზებული პირების მიერ სხვა მოძრავი ან ფიქსირებული ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის დადგენილ იქნა შემდეგი ტარიფები:
ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,16 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0.09 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
გადაწყვეტილება ამოქმედდა 2014 წლის 1 ნოემბრიდან და მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №241/19 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმადაც აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
კომისიის 2015 წლის 31 დეკემბრის №825/19 გადაწყვეტილებით:
1) 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც დადგინდა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს ”ჯეოსელი”, შპს ”მაგთიკომი”, შპს “მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“):
ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,25 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,15 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
2) 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილების მეორე პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის მოძრავ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის დადგინდა სხვა მოძრავი ან ფიქსირებული ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების ქსელში ტერმინაციის შემდეგი ტარიფები:
ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,25 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;
ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,15 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი.
3) 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც ამ გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 ივლისის ჩათვლით“;
კომისიამ გაითვალისწინა რა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებული სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ტენდენციები, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ”. ამასთან, აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებით ავტორიზებულ პირებს მიეცემათ საშუალება დროულად დაიჭირონ თადარიგი და გაითვალისწინონ მათ საქმიანობაზე კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანით გამოწვეული შესაძლო გავლენა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე, კახი ბექაური, გიორგი ფრუიძე, მერაბ ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე),
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 14 ივნისს 15.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი:
კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან მიაჩნია, რომ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე კომისიის მიერ დადგენილი რეგულაცია გასაუქმებელია, წინააღმდეგია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
