ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2016 18:26
მიღების თარიღი იანვარი 15, 2016
ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №678/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. რუსთავში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 97,8მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №678/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 7 დეკემბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2015 წლის 10 დეკემბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2016 წლის 12 იანვარი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 15 იანვარი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 6,885.00 (ექვსი ათას რვაასოთხმოცდახუთი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2015 წლის 5 ნოემბრის №678/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/9595-15, 07.12.2015წ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 10 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც კომპანიის დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი ესწრებოდა, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №678/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, ინფორმაცია აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს; საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ.
კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის №769/10 გადაწყვეტილების შესაბამისად სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2015 წლის 17 დეკემბრის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2015 წლის 15 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (წერილი №6/9841-15).
კომისია აღნიშნავს რომ 2015 წლის 17 დეკემბერს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მიერ წარმოდგენილ იქნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/9929-15) რომლის თანახმად კომპანიის 15%-იანი წილის მფლობელმა მერაბ ტყეშელაშვილმა გაასხვისა კუთვნილი წილი თამარ ტყეშელაშვილზე (პ/ნ 01008022322). წერილზე თანდართულია შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, სადაც 15%-იანი წილის მფლობელად ფიქსირდება თამარ ტყეშელაშვილი, 2015 წლის 7 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (B15234757), ასევე 2015 წლის 15 დეკემბრის ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 დეკემბერს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ“ ასევე წარმოადგინა თამარ ტყეშელაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი №2-ით).
ზეპირი მოსმენა ქალაქ რუსთავში (სიხშირეზე97,8მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2016 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/221-16, 12.01.2016) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”. შესაბამისად, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.
სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
საინფორმაციო გამოშვება – „საინფორმაციო გამოშვება ეთერში გავა საათში ერთხელ ყოველი საათის ბოლოს. მთავარი გამოშვება ,,ქრონიკა" ეთერში გავა 20:30 წუთზე. მთავარი გამოშვების ქრონომეტრაჟი განისაზღვრება 20 წუთით. მოკლე საინფორმაციო გამოშვებების ქრონომეტრაჟი იქნება 10 წუთი. დღის განამვალობაში მოკლე საინფორმაციო გამოშვებების მოვლენათა განვითარების მიხედვით დაემატება სიახლეები. დღის განმავლობაში სიახლეების მოძიებაზე იმუშავებს საინფორმაციო სამსახურის 4 კაციანი შემადგენლობა. საინფორმაციო გამოშვებების მიმდინარეობის პერიოდში განხორციელდება პირდაპრირი ჩართვები. მთავარ გამოშვებაში იქნება სტუმრის ბლოკი, დღის განმავლობაში აქტუალური თემიდან გამომდინარე. საინფომაციო სამსახური ხელმძღვანელი განსაზღრავს თემების აქტუალობას და პასუხისმგებელი იქნება საინფორმაციო მასალების სიზუსტეზე.
საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება- სტუდია 4. გადაცემა ეთერში გავა კვირაში ერთხელ საღამოს ეთერში. გადაცემის სტუმრები იქნებიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ საკითხზე კომპეტენტურნი იქნებიან. გადაცემის წამყვანი ეთერში აქტუალურ შეკითხვებს დასვამს . გადაცემაში მოსახლეობას ჩართვის შესაძლებლობა უფასო სატელეფონო ზარის საშუალებით ექნება. გადაცემის ქრონომეტრაჟი განისაზრვრება 30-40 წუთით. გადაცემაში შესაძლებელია იყოს ორი ან რამდენიმე სტუმარი.
მუსიკალური გადაცემა --,, დილის კოქტეილი" და საღამოს მუსიკალური გადაცემა „ ვიპ შოუ" ეთერში გავა ყოველდღე დილის და საღამოს ეთერში, ქრონომეტრაჟი განისაზღვრება 40 წუთით, გადაცემაში მსმენელს სატელეფონო ზარის საშუალებით ჩართვის საშუალება ექნება. მსმენელს შესაძლებლობა ექნება დარეკოს და შეუკვეთოს მათთვის სასურველი კომპოზიცია. წამყვანი წაიკითხავს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციებს, იქნება სხვადასხვა რუბრიკები: ,,ეს საინტერესოა", ,,ერთი მომღერლის ისტორია" და სხვა. საღამოს მუსიკალურ გადაცემა ,, ვიპ შოუში" კვირაში ორჯერ მოწვეული იქნება ქართველი ცნობილი მომღერალი. გადაცემა პოპულარაზაციას გაუწევს ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს. გადაცემაში მუსიკალური კოპოზიციები გათვლილი იქნება ყველა თაობის მსმენელზე.
გადაცემა ჯანრთელობა - ეთერში გავა კვირაში ერთხელ. გადაცემას ეყოლება წამყვანი - პროფესიონალი ექიმი, რომელიც სტუმრებთან ერთ კონკრეტულ, დაავადებაზე ისაუბრებს და მსმენელს გაუწევს კონსულტაციას. ესაუბრება დაავადების პრევენციაზე და მკურნალობაზე. გადაცემაში მსმენელი უფასო სატელეფონო ზარების საშუალებით ჩაერთვება.
გადაცემა ..მართლმსაჯულება" - გადაცემა ეთერში გავა კვირაში ერთხელ. გადაცემას წაიყვანენ გამოცდილი იურისტები, ისინი შეეცდებიან პირდაპირ ეთერში გასცენ პასუხები მსმენელის შეკითხვებს. მსმენელი გადაცემაში უფასო სატელეფონო ზარის საშუალებით ჩაერთვება. გადაცემაში სტუმად იურისტები იქნებიან მოწვეული.
გადაცემა ,,არტ რუსთავი" იქნება ყოველკვირეული. გადაცემაში მოხდება „მთელი კვირის განმავლობაში რუსთავში განვითარებული კულტურული მოვლენების მიმოხილვა . გადაცემაში მოწვეული იქნებიან რუსთავში კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები და ა.შ.
გადაცემა ,,სპორტ ტური" კვირაში ერთხელ გავა ეთერში და რუსთავში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას მიეძღვნება. გადაცემაში სტუმრად მოწვეულნი იქნებიან რუსთავში მოღვაწე სპორტსმენები.
გადაცემები ,,ნიღბებს მიღმა" და ,,სინემატოგრაფი" - ეთერში გავა კვირაში ერთხელ. ,,სინემატოგრაფის" - წამყვანი იქნება კინომცოდენე, რომელიც მსმენელს კინოს ისტორიის შესახებ და მუნჯი კინოს შესახებ მოუყვება. ,,ნიღბებს მიღმა" -ეთერში ასევე კვირაში ერთხელ გავა. გადაცემის სტუმრები ქართველი მსახიობები და რეჟისორები იქნებიან, რომელიც მსმენელს საკუთარი შემოქმედების შესახებ მოუყვებიან.
კვირაში ერთხელ ეთერში განთავსდება, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული,,მრავალკუთხედის" და ,,განსხვავებული აზრის" აუდიო ვერსია.
რადიო ფორმატი გააერთიანებს HER და DANCE ფორმატებს, მოიცავს თანამედროვე პოპულარულ ჰიტებს, როგორც ქართულს ასევე უცხოურს.
2016 წლის 12 იანვარს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ აღნიშნა, რომ ლიცენზიის მაძიებელი აკმაყოფილების საერთო მაუწყებლობისთვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქალაქ რუსთავში (სიხშირეზე 97,8მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2016 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს ამ წარმოების ფარგლებში როგორც ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი, ასევე, კომისიის მიერ მოპოვებული და საჯაროდ განხილული დოკუმენტაციის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ იმის გამო, რომ კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2015 წლის 10 დეკემბერს გამართული მოსამზადებელი სხდომის შემდგომ, განხორციელდა ცვლილებები და შეიცვალა 15%-იანი წილის მფლობელი, კომისიის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მიერ 2015 წლის 17 და 21 დეკემბერს წარმოდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა თამარ ტყეშელაშვილის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად თამარ ტყეშელაშვილის მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება. ასევე კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით თამარ ტყეშელაშვილის აფილირება ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან არ დადასტურდა. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მაძიებლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების შედეგად არ ირღვევა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიმართ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრული წესები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა ასევე სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამსახურებრივი ბარათი №10/221-16, 12.01.2016) საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.
კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ დირექტორმა გიორგი მგალობლიშვილმა სალიცენზიო გადასახდელის - 6,885.00 (ექვსი ათას რვაასოთხმოცდახუთი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №678/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები მერაბ ქათამაძე და გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე)
გადაწყვიტა:
1. ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“;
2. უზრუნველყოს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ“ ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 1,377.00 (ერთი ათას სამასსამოცდაჩვიდმეტი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300063062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 4,819.50 (ოთხი ათას რვაასცხრამეტი და 50) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის“ ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი: ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლით განსაზღვრული კონკურსის ჩატარების წესი. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის მიერ დალუქული სახით წარმოდგენილი, მოსამზადებელ სხდომაზე გახსნილი და საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებული დოკუმენტაცია ლიცენზიის მაძიებლის პარტნიორების შესახებ შეცვლილია კონკურსის ჩატარების დღისთვის. ამ გარემოების გამო დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი. ასევე, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადებასთან ერთად განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფციის წარმოდგენას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. ვინაიდან კონკურსის გამოცხადების დროს არ იყო დადგენილი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები და არც დღეს არის დადგენილი, შესაბამისად, ვერც კონკრეტული კონკურსანტის და ვერც რომელიმე სხვა კონკურსში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია ვერ იქნება არარსებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში. მან აღნიშნა, რომ იგივე შენიშვნა ჰქონდა კონკურსის გამოცხადების დროსაც. შესაბამისად იგი წინააღმდეგი იყო კონკურსის გამოცხადების სანამ არ დადგინდებოდა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
