შპს ,,ჯეონეთისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2016 18:25
მიღების თარიღი მაისი 25, 2016
შპს ,,ჯეონეთისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ,,ჯეონეთმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3479-16 15.04.2016) 1000 სააბონენტო ნომერზე VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეონეთი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
1. A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
2. A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
- რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
3. A. F. 3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
- არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
4. A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
- ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
5. B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
- ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
6. B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:
- კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up);
- სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);
- ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება.
7. B.F.3 მონაცემთა გადაცემა:
- მონაცემთა გადაცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.დ) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნებართვა გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს -1 სააბონენტო ნომერზე;
კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს ,,ჯეონეთის” მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეონეთის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს „ჯეონეთის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 100 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეონეთი” კომისიის 2012 წლის 23 მარტის N227/24 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N5 ნებართვას VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის 1000 სააბონენტო ნომერზე, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს დადასტურება იმისა, რომ ნებართვის მაძიებელის მიერ ათვისებულია კომისიის მიერ მასზე უკვე გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო რაოდენობის 75%.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეონეთი” კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგულარულად წარმოადგენს VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისათვის რეგისტრირებული აბონენტების შესახებ ინფორმაციას. კერძოდ, კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტში წარმოდგენილი სტატისტიკური ფორმების მიხედვით 2016 წლის მარტის მონაცემებით ”ჯეონეთის” VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისათვის რეგისტრირებული აბონენტების რაოდენობა შეადგენს 842. შესაბამისად, შპს ”ჯეონეთს” შესრულებულად უნდა ჩაეთვალოს კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის ვალდებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ,,ჯეონეთს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N281 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 706 770 XXX (სულ ათასი სააბონენტო ნომერი) VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
2. ეცნობოს შპს ,,ჯეონეთს”, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეონეთისთვის” ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: ელისო ასანიძე
კახი ბექაური
გიორგი ფრუიძე
მერაბ ქათამაძე
