წვდომის მენიუ

ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 32 / 10

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2016 18:55

მიღების თარიღი იანვარი 15, 2016

ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №671/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი     ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 92,3მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №671/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 7 დეკემბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2015 წლის 10 დეკემბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2016 წლის 12 იანვარი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 15 იანვარი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2015 წლის 5 ნოემბრის №671/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს-მ “მომხმარებელთა საყურადღებოდ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/9574-15, 07.12.2015წ), შპს ”ახალმა რადიომ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/9572-15, 07.12.2015წ) და შპს ”ტვ-სტილმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/9602-15, 07.12.2015წ)  

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 10 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც   ესწრებოდნენ შპს ”ტვ-სტილის” დირექტორი გოგა სამუშია და შპს ”ახალი რადიოს” დირექტორი ბეგლარ ლოგუა ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ შპს ”ტვ-სტილის” და შპს ”მომხმარებელთა საყურადღებოს” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №671/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ:

ა) შპს ”ტვ-სტილის” მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული - საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ; ლიცენზიის სახე, სახეობა და ქვესახეობა; მაუწყებლობის ენა/ენები; მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

ბ) შპს-ს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში სრულყოფილად არ იყო მითითებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები და მონაცემები პარტნიორთა შესახებ. საკონკურსო განაცხადზე არ იყო თანდართული დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე.

კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის №763/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”მომხმარებელთა საყურადღებოდ” გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციისა ასევე დაევალა სს ”საზოგადოება ლევან გაჩეჩილაძის” ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა. კომპანიებს დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2015 წლის 17 დეკემბრის 19:00 საათამდე. შპს ”ტვ-სტილის” მიერ 2015 წლის 17 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (წერილი №6/9957-15).

 შპს ”მომხმარებელთა საყურადღებოდ” მიერ 2015 წლის 17 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციი №6/9903-15), რომელსაც თან ახლავს სს ”საზოგადოება ლევან გაჩეჩილაძის” დირექტორის ვიქტორ წილოსანის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად გიორგი გაჩეჩილაძე (პ/ნ 01008016732) არ არის სს ”საზოგადოება ლევან გაჩეჩილაძის” აქციონერი. კომისიაში წარმოდგენილი წერილის თანახმად შპს ”მომხმარებელთა საყურადღებოდ” პარტნიორები არიან გიორგი ხაინდრავა - 70% და გიორგი გაჩეჩილაძე - 30%. წერილით ასევე წარმოდგენილ იქნა დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე.

ზეპირი მოსმენა ქ. თბილისში (სიხშირეზე 92,3 მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2016 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”ახალი რადიოს” დირექტორი ბეგლარ ლოგუა და შპს-ს ”მომხმარებელთა საყურადღებოდ” დირექტორი გიორგი ხაინდრავა.

კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ იქნა შპს ”ტვ-სტილის” მიერ 2016 წლის 6 იანვარს წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/92-16), რომლის თანახმად კომპანიამ ითხოვა მის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადის განუხილველად დატოვება. სხდომაზე ასევე გამოქვეყნებულ იქნა სსიპ ”საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” ვებ-გვერდის საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 16 დეკემბერს განხორციელდა ცვლილება შპს ”მომხმარებელთა საყურადღებოდ” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა გიორგი ხაინდრავა (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი (B15239536, 16/12/2015 19:44:53)).

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტვ-სტილმა“ უარი განაცხადა წინამდებარე კონსურსში მონაწილეობაზე, კომისიამ დააკმაყოფილა მისი 2016 წლის 6 იანვრის განცხადება საკონკურსო განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე და განიხილა მხოლოდ             შპს „ახალი რადიოს“ და შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ საკონკურსო განაცხადები.

კომისიის ზეპირ მოსმენაზე შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“  დირექტორმა გიორგი ხაინდრავამ აღნიშნა, რომ საქართველოში არ არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია გასცეს ცნობა იმის თაობაზე, რომ  გიორგი გაჩეჩილაძე არ არის სს ”საზოგადოება ლევან გაჩეჩილაძის” აქციონერი. მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეჭვის გასაქარწყლებლად და ასევე, იმ მიზნით, რომ ეს გარემოება კომისიას ხარვეზად არ ჩაეთვალა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით;  პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/221-16, 12.01.2016) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლების, შპს “ახალი რადიოს” და შპს ”მომხმარებელთა საყურადღებოდ” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები განსაზღვრული არ არის, დეპარტამენტს საძიებელი ლიცენზიის სახეობიდან (საერთო რადიომაუწყებლობა) გამომდინარე,  მიზანშეწონილად მიაჩნია წარმოდგენილი კონცეფციების შეფასება/ანალიზი განხორციელდეს პროგრამული მრავალფეროვნების გათვალისწინებით; შესაბამისად, სამაუწყებლო კონცეფციის შეფასებისას გამოკვლეულ იქნა, ლიცენზიის მაძიებელის მიერ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება, ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. შესაბამისად, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.

1. შპს „ახალი რადიოს“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, პროექტის მიზანია მსმენელისთვის შეიქმნას ალტერნატიული რადიოსადგური, რომლის ეთერშიც გაერთიანებული იქნება სოციალური, პოლიტიკური, შემეცნებითი და გასართობი თემები. მისი მსმენელი შეძლებს მოუსმინოს ყველა დროის საუკეთესო ქართულ მუსიკას და ამავდროულად ინფორმირებული იყოს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. რადიოსადგურის პრიორიტეტია - გაზარდოს დედაქალაქის მოსახლეობის ინფორმირებულობა ქვეყნის რეგიონებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც კულტურული ისე სოციალური თემებით.  კონკრეტული რადიოპროექტების მეშვეობით,  კიდევ უფრო სიღრმისეულად შესთავაზოს მსმენელს ევროინტეგრაციისა და ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები. პროექტი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციების, კულტურისა და ბიზნესის მხარდაჭერას; ასევე ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას და წარმოჩენის ხელშეწყობას. აღნიშნული რადიოსადგური ხელს შეუწყობს  საქართველოში ახალი მუსიკალური პროდუქციის შექმნას, რაც გულისხმობს მუსიკალური პროდუქტის დამზადებას, შეფუთვას და შეთავაზებას მსმენელისთვის, რადიო ეთერის თუ სხვა საშუალებებით. პროექტის მიზანია, მოახდინოს გარდატეხა დღეისთვის გამოკვეთილ ტენდენციაში და ჩამოაყალიბოს ახალი ტრენდი ქართულ მუსიკალურ სფეროში. მსმენელის ყურადღების მიქცევის საშუალება მიეცემა ისეთ მუსიკოსებს, რომლებიც დღეს, ქართული მუსიკით დაკომპლექტებული რადიოსადგურების  ფორმატის გათვალისწინებით ვერ ან არ თანამშრომლობენ აღნიშნულ რადიოსადგურებთან და შესაბამისად არ აქვთ პირდაპირი კონტაქტი მსმენელების ფართო მასებთან. სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლცენზიის მაძიებლის მიზანია მსმენელს შესთავაზოს დღეისთვის იგნორირებული თემები და მუსიკალური მიმდინარეობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხანდაზმული მსმენელებისთვის აქტუალურ პროექტებს.

შპს ,,ახალი რადიოს“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, აღნიშნული რადიოსადგურის მუსიკალური და პროგრამული კონტენტი მიმართული იქნება ისეთ მსმენელზე, რომლისთვისაც პრიორიტეტულია პატრიოტიზმი, კულტურულ-ისტორიული ღირებულებები, ეროვნული მუსიკა და ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. სამაუწყებლო ბადე ითვალისწინებს გადაცემებს, მორგებულს ნებისმიერი ასაკის, სქესის და პროფესიის მსმენელზე. რადიო „ჩვენებური“ მოიზიდავს მსმენელის სრულიად ახალ კატეგორიას, იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ქართული მუსიკა, თუმცა არ აკმაყოფილებთ დღეისთვის არსებული რადიოსადგურების ფორმატი (ჟანრობრივად, ინფორმაციული თვალსაზრისით, პროგრამების მრავალფეროვნებით და სხვ.). სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია უცხოური მუსიკის მოსმენაზე, ვინაიდან ხარისხიანი მუსიკა მათთვის პრიორიტეტულია. სწორედ ამ ახალგაზრდებს, „ჩვენებური“ რადიო შესთავაზებს ისეთ მუსიკალურ ნაწარმს, რომელიც ხაზს გაუსვამს საქართველოში ხარისხიანი მუსიკის არსებობას და წარმოაჩენს მის პერსპექტივებს.

შპს ,,ახალი რადიოს“ სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, რადიო „ჩვენებური“-ს მუსიკალური პროგრამა დაკომპლექტდება მხოლოდ ქართული მუსიკით, მის შესაძლო კონკურენტებად მოიაზრება ამავე ფორმატის რადიოსადგურები. ამავე კონცეფციის თანახმად, თბილისში, დღეისთვის, ქართული მუსიკალური პროგრამით მაუწყებლობს მხოლოდ ორი რადიოსადგური. ოფიციალური რეიტინგების მიხედვით ამ რადიოსადგურებს უჭირავთ მოწინავე ადგილები. შპს ,,ახალი რადიოს“ სამაუწყებლო კონცეფციაში ასევე აღნიშნულია, რომ მაღალი რეიტინგის უმთავრესი მიზეზია მსმენელის დიდი ინტერესი ქართული მუსიკის მიმართ. ორივე რადიოსადგური, შეიძლება ითქვას, ერთმანეთის იდენტურია. მსმენელს ხშირად ერევა ერთმანეთში ისინი, ვინაიდან მსგავსება არის სახელწოდებაში, ასევე ფორმატში, გადაცემებში და რადიო სიხშირეც კი (FM დიაპაზონზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის განთავსებული).  მათი მაუწყებლობის  70%-ზე მეტს იკავებს ე.წ. „საქეიფო“ სიმღერები, რამაც, შპს ,,ახალი რადიოს“ მოსაზრებით, სამწუხაროდ, ნაწილობრივ ხელი შეუწყო მხოლოდ ერთი, კონკრეტული ფორმატის მუსიკის პოპულარიზაციას საქართველოში.  ასევე ხშირია დამწყები, არაპროფესიონალი მუსიკოსების მიერ შესრულებული სიმღერების გაჟღერება.

შპს „ახალი რადიოს“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა;

- საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა;

- საბავშვო პროგრამა;

- მუსიკალურ-გასართობი პროგრამა;

- სპორტული პროგრამა;

ლიცენზიის მაძიებლის მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

საინფორმაციო გამოშვება:

საინფორმაციო სამსახური იმუშავებს შემდეგ რეჟიმში:  საინფორმაციო გამოშვება გავა დღის განმავლობაში 12-ჯერ, სრულ საათზე, 9.00-დან 21.00-მდე. ინფორმაციის მიღება მოხდება როგორც რადიოსადგურის ჟურნალისტების, ასევე საინფორმაციო სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. იგეგმება კორესპონდენტების პირდაპირი, სატელეფონო ჩართვები მიმდინარე მოვლენათა ადგილებიდან. სიახლეების სიუჟეტების შერჩევის პრინციპი პირდაპირ კავშირშია რადიოს კონცეფციასთან - პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ ინფორმაციას, რომელის მიმართაც მაღალია საზოგადოების ინტერესი. საინფორმაციო სამსახური მოახდენს მიმდინარე მოვლენების ობიექტურ, მიუკერძოებელ და დროულ გაშუქებას.

„დღის სიახლეები“ - საინფორმაციო გამოშვება, რომელიც გააშუქებს დედაქალაქის და მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას;
ეთერში გასვლის რაოდენობა:  დღე-ღამის განმავლობაში 13-ჯერ.

ეთერში გასვლის დრო:  ყოველ დღე, 9.00-დან 21.00-მდე, სრულ საათზე. შაბათს და კვირას 12.00-დან 20.00-მდე (9-ჯერ).

ხანგრძლივობა:   5 წუთი.

„მნიშვნელოვანი დღეს“ -  დღის ყველაზე აქტუალური მოვლენების სათაურები;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  დღე-ღამის განმავლობაში 12-ჯერ.

ეთერში გასვლის დრო:  ყოველ დღე. 9.30-დან 20.30-მდე, საათის ნახევარზე. შაბათს და კვირას 12.30-დან 19.30-მდე (8-ჯერ).

ხანგრძლივობა:  2 წუთი.

საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:

„ჩვენებური კვირა“ - დედაქალაში და რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური, კულტურული მოვლენების შემაჯამებელი გადაცემა, რომელიც დაყოფილი იქნება 4 ბლოკად: რეგიონები, პოლიტიკა, ბიზნესი, კულტურა;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ერთხელ.

ეთერში გასვლის დრო:  შაბათი, 16.05.

ხანგრძლივობა:  70 წუთი.

„მე და  ევროპა“ - საქათველოს ევროინტეგრაციის გზა, პრობლემები და გამოწვევები.  ყოველი გადაცემა დაეთმობა ერთ კონკრეტულ თემას, რომელზეც წამყვანთან ერთად ისაუბრებს კომპეტენტური ექსპერტი. თემის განხილვაში აქტიურ მონაწილეობას იღებს მსმენელი;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ერთხელ.

ეთერში გასვლის დრო:  ორშაბათი 18.05.

ხანგრძლივობა:  50 წუთი.

მუსიკალურ-გასართობი პროგრამა:

შპს „ახალი რადიოს“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, იმ ფონზე, რომ საქართველოში, შესაბამისი ფორმატით უკვე აღარ მაუწყებლობს  ფოლკლორული მუსიკის („ფოლკ“ რადიო - 99.3fm), საესტრადო და რეტრო (რადიო „ორი“ – 100.9fm), ასევე „ქალაქური“ და საავტორო  (რადიო „ნაცნობი“ – 94.7fm), საბავშვო სიმღერების (საბავშვო რადიო - 97.1fm) რადიოსადგურები, სულ უფრო აქტუალური ხდება აღნიშნული ფორმატების შემცველი რადიომაუწყებლობის არსებობა.

შპს „ახალი რადიოს“ სამაუწყებლო კონცეფციაში ლიცენზიის მაძიებელი აღნიშნავს, რომ ჩნდება კითხვა, რა გახდა მათი ფორმატის ცვლილების მიზეზი? რამდენიმე მიზეზთა შორის შეიძლება გამოვყოთ ერთ-ერთი: შეზღუდული მუსიკალური ფორმატი, რაც გულისხმობს ეთი სახის (მხოლოდ ფოლკლორი, რეტრო, საბავშვო და ა.შ.) მუსიკის გავრცელებას ეთერში, რაც თავისთავად მოქმედებს მსმენელების რაოდენობასა და ოფიციალურ რეიტინგებზე. აღნიშნული ფაქტი კი, მოგეხსენებათ პირდაპირ კავშირშია რადიოსადგურის შემოსავლებთან. სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, რადიო ”ჩვენებური”-ს მუსიკალური პროგრამა დაკომპლექტდება აღნიშნული მიმდინარეობების გათვალისწინებით, თუმცა შერეული ფორმატით:

v ქართული პოპ-მუსიკა - 40%

v ქართული ფოლკლორი - 15%

v ქართული რეტრო - 15%

v ქართული მუსიკა (სხვა მიმდინარეობები) – 30%


ეთერის დიდი ნაწილი დაეთმობა თანამედროვე, მაგრამ ამავდროულად ხარისხიან (როგორც ჩანაწერი, ასევე არანჟირება) მუსიკას.  ამასთან, ეთერში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ფოლკლორულ და რეტრო მიმდინარეობებს. სპეციალური, საბავშვო კონკურსის ფარგლებში, ეთერში გავა ბავშვების მიერ შესრულებული სიმღერები, რაც დღეს, შეიძლება ითქვას, თითქმის არცერთი რადიოსადგურის ეთერში არ ხორციელდება. რუბრიკების სახით გაჟღერდება სპეციფიკური ჟანრის ქართული სიმღერები (ბარდი, ქალაქური, ჯაზი, როკი და სხვ.).

„ჩვენებური დილა“ - შემეცნებით-გასართობი, დილის გადაცემა. წამყვანები სთავაზობენ მსმენელებს სხვადასხვა რუბრიკებს: აფიშა, ყვითელი პრესის მიმოხილვა, ამინდის პროგნოზი, ვალუტის კურსი, კულინარია, დაგეგმილი ღონისძიებები, ინფორმაცია საწვავზე, ინფორმაცია საცობებზე, საინტერესო ფაქტები და ა.შ.;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ხუთი დღე. დღეში ერთხელ.

ეთერში გასვლის დრო:  ორშაბათი-პარასკევი. 9.05-დან 11.00-მდე.

ხანგრძლივობა:  110 წუთი.

„იმღერე ჩვენებურად“ - საბავშვო მუსიკალური კონკურის, რომელშიც, კომპეტენტური ჟიურის და მსმენელების მეშვეობით გამოვლინდება ყოველი თვის გამარჯვებული. ყოველ გადაცემაში მოწვეულნი იქნებიან გასული კვირის 3 მონაწილე და დასახელდება კვირის გამარჯვებული. წლის ბოლოს გაიმართება გალა კონცერტი და შედგება ფინალი;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ერთხელ.

ეთერში გასვლის დრო:  შაბათი.  18.05.

ხანგრძლივობა:  50 წუთი.

რუბრიკა - „იმღერე ჩვენებურად“ - მუსიკალური კონკურსის ნაწილი. ყოველდღიურად ეთერში გადის კონკურსანტი ბავშვების (კვირაში 3 კონკურსანტი) მიერ შესრულებული სიმღერა. ამავდროულად მსმენელს განემარტება ხმის მიცემის წესები;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  დღეში 6ჯერ (თითო სიმღერა 2-ჯერ)

ეთერში გასვლის დრო:  ყოველ დღე.   11.20, 12.20, 14.20, 17.20, 19.20, და 22.20

ხანგრძლივობა:  7 წუთი.,

„ქალის წარმატება“ - პირდაპირი სატელეფონო ჩართვა ერთ-ერთ წარმატებულ და ცნობილ ქალბატონთან. მისი წარმატების საიდუმლო და სხვა დეტალები;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ერთხელ

ეთერში გასვლის დრო:  შაბათი,  14.45.  განმეორებით (ჩანაწერი) 22.00.

ხანგრძლივობა:  10 წუთი.

რუბრიკა - „ფოლკლორული შედევრი“ . ყოველი საათის ბოლოს გადის სიმღერა ქართული ფოლკლორიდან.;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  ყოველ დღე. დღეში 16ჯერ.

ეთერში გასვლის დრო:  ყოველი საათის ბოლოს. 8.55-დან 23.55-მდე.

ხანგრძლივობა:  5 წუთი.

„რეტრომანი“ - გადაცემა გათვლილია ხანდაზმულ მსმენელზე და ამავდროულად, მისი მიზანია ახალგაზრდა მსმენელის ყურადღების მიქცევა ქართული რეტროს მიმართ. კერძოდ, უკანასკნელ რამდენიმე ათწლეულში ჩაწერილი ქართული სიმღერები, რომლებმაც გაუძლეს დროს და დღესაც არ კარგავენ აქტუალურობას. ყოველ გადაცემას ეყოლება სტუმარი - ამავე ჟანრში მომუშავე კომპოზიტორი ან შემსრულებელი;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ერთხელ.

ეთერში გასვლის დრო:  კვირა, 12.05.

ხანგრძლივობა:  50 წუთი.

რუბრიკა -  „ერთი სიმღერის ისტორია“.  გადის ჩანაწერის სახით.  ცნობილი ჰიტის გასვლას წინ უსწრებს მისი შექმნის მოკლე ისტორია (მაქს. 1 წთ.), შემდეგ კი გადის აღნიშნული სიმღერა;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ორი დღე. დღეში 4ჯერ.

ეთერში გასვლის დრო:  შაბათი, კვირა. 11.30-ზე, 14.40-ზე, 19.30-ზე და 22.30-ზე.

ხანგრძლივობა:  5 წუთი.

„ჩვენებური ათეული“ - რადიოსადგურის ოფიციალური, კვირის შემაჯამებელი მუსიკალური ათეული. ათეულის შედგენა მოხდება სოციალურ ქსელში, რადიოსადგურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და SMS-ებით მსმენელების აქტიურობის გათვალისწინებით;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ერთხელ.

ეთერში გასვლის დრო:  კვირა 18.05.

ხანგრძლივობა:  50 წუთი.

„ძველი ნაცნობი“ - შემეცნებით-გასართობი გადაცემა. გადის ჩანაწერის სახით. მსმენელი უსმენს სპეციალურად შერჩეული მსახიობის მიერ, პირველ პირში მოყოლილ, შორეულ წარსულში მოღვაწე, ცნობილი ქართველის ბიოგრაფიას. გადაცემის მიწურულს, მსმენელმა უნდა გამოიცნოს რომელ საზოგადო მოღვაწეზეა საუბარი;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ერთხელ.

ეთერში გასვლის დრო:  კვირა 16.40.

ხანგრძლივობა:  15 წუთი.

„თქვენებური თხოვნები“ - მსმენელის მუსიკალური თხოვნების შესრულება. თხოვნები მიიღება სატელეფონო ზარით, SMS-ით და სოციალური ქსელის გამოყენებით;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  ყოველ დღე. დღეში ორჯერ.

ეთერში გასვლის დრო:  13.05-13.55 და 21.05-21.55 /  შაბათი და კვირა 20.05-დან 21.55-მდე.
ხანგრძლივობა:  50 წუთი.

„მუსიკალური პოეზია“ - გადაცემა-კონკურსი. სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იქნებიან პოეტები, რომლებიც საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ სხვადასხვა მელოდიების ფონზე. მსმენელები, SMS-ების საშუალებით გამოავლენენ თვის და წლის საუკეთესო პოეტს.

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ერთხელ.

ეთერში გასვლის დრო:  კვირა, 22.00.

ხანგრძლივობა:  55 წუთი.

საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა:

„პროფესიონალი“ - გადაცემა დაეთმობა ერთი კონკრეტული, საშუალო ან მსხვილი კომპანიის ისეთ ვაკანსიას, სადაც აუცილებელია გამოცდილება და პროფესიონალიზმი. კომპანიის წარმომადგენლის მიერ, პირდაპირ ეთერში, მოხდება შერჩეულ კანდიდატებს შორის რადიო-ტესტირების ჩაბარება (სპეციალურად შემუშავებული ფორმით). გამარჯვებული კანდიდატი დაასაქმდება შესაბამის კომპანიაში;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ერთხელ.

ეთერში გასვლის დრო:  ოთხშაბათი 15.05.

ხანგრძლივობა:  50 წუთი.

რუბრიკა - „ვაკანტური“.  მისი მეშვეობით მსმენელი გაიგებს თუ რომელი კომპანიები აცხადებენ ვაკანსიას სხვადასხვა პოზიციებზე;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში 5 დღე, დღეში 3-ჯერ.

ეთერში გასვლის დრო:  ორშაბათი-პარასკევი,  11.10,  14.45, და 20.20.

ხანგრძლივობა:  5 წუთი.

„რაც ჩვენია“ - გადაცემა გადის ჩანაწერის სახით. ყოველი გადაცემა ეთმობა საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ კონკრეტულ ისტორიულ ძეგლს. წამყვანი მოუთხრობს მსმენელს  მისი დაარსებიდან დღემდე შემონახულ ისტორიულ ფაქტებს;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში 3 დღე, დღეში 3-ჯერ.

ეთერში გასვლის დრო:  სამშაბათი, ხუთშაბათ, შაბათი.  15.20, 17.40 და 20.45.

ხანგრძლივობა:  5 წუთი.

„გეო ფოლკი“ - გადაცემა დაეთმობა კუთხური ფოლკლორის ისტორიას და განვითარებას. ყოველ გადაცემაში, მოწვეული სტუმარი ისაუბრებს ერთი კოკრეტული კუთხის ფოლკლორულ მუსიკაზე. გაჟღერდება ამავე კუთხის ფოლკლორული სიმღერები. ასევე მოწვეული ანსამბლი ცოცხლად შეასრულებს სიმღერას;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ერთხელ.

ეთერში გასვლის დრო:  კვირა 15.05.

ხანგრძლივობა:  50 წუთი.

„მოდი ვნახოთ!“ - გადაცემა გადის ჩანაწერის სახით. ყოველი გადაცემა ეთმობა ერთ კონკრეტულ კურორტს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის ერთგვარი რადიო-გიდი, რომლითაც მსმენელი შეიტყობს მოცემული კურორტის დადებითი და უარყოფითი მხარეებს;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში 3 დღე, დღეში 3-ჯერ.

ეთერში გასვლის დრო:  ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა.  11.05, 16.20 და 23.00.

ხანგრძლივობა:  5 წუთი.

„ქართული საქმე“ - გადაცემა დაეთმობა ქართულ ბიზნესს. ქართული ბრენდების შექმნის და განვითარების ისტორიას. სტუმრის სტატუსით მოწვეული იქნება კონკრეტული კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც თავად მოუთხრობს მსმენელს საკუთარი ბრენდის შექმნის და განვითარების შესახებ;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ერთხელ.

ეთერში გასვლის დრო:  პარასკევი 18.10.

ხანგრძლივობა:  30 წუთი.

„რადიომობილი“ - რუბრიკა. გადის ჩანაწერის სახით. ყოველი რუბრიკა შეახსენებს მძღოლს ავტოტრანსპორტის მართვის ერთ კონკრეტულ წესს. ასევე სპეციალური (ტექნიკური) რჩევები ქალბატონებისთვის;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  კვირაში ხუთი დღე. დღეში სამჯერ.

ეთერში გასვლის დრო:  ორშაბათი-პარასკევი. 9.45, 18.45 და  22.00.

ხანგრძლივობა:  5 წუთი.

რუბრიკა - „სიტყვის მარაგი“ . ისეთი სიტყვის მნიშვნელობის განმარტება, რომელიც იშვიათად გვხვდება ყოველდღიურ მეტყველებაში;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  ყოველ დღე. დღეში სამჯერ.

ეთერში გასვლის დრო:  12.40, 17.50  და 22.10.

ხანგრძლივობა:  2 წუთი.

სპორტული პროგრამა:

რუბრიკა - „სპორტის დრო“ .  სპორტული სიახლეების მიმოხილვა;

ეთერში გასვლის რაოდენობა:  ყოველ დღე. დღეში ოთხჯერ.

ეთერში გასვლის დრო:  11.40, 15.40,  19.40 და 22.40.

ხანგრძლივობა:  10 წუთი.

შპს „ახალი რადიოს“ სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, აღნიშნული რადიოსადგურის მოღვაწეობა, ორიენტირებულია ფართო აუდიტორიაზე, ის არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ეთერითა და გადაცემების შექმნით. რადიოს ფორმატიდან გამომდინარე, იგეგმება ფართომასშტაბიანი მოღვაწეობა კონცერტების, მუსიკალური კონკურსების, საქველმოქმედო პროექტების და ბიზნესის სტიმულირების მიმართულებით, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. დაგეგმილია უპრეცედენტო, ფართომასშტაბიანი პროექტის - „წლის ჩვენებური“-ს განხორციელება, რაც გულისხმობს სხვადასხვა ნომინაციებში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების გამოვლენას, დაჯილდოვებას და წახალისებას. აღნიშნული პროექტის არსებობა დიდ სტიმულს მისცემს საზოგადოების აქტიურ წევრებს განახორციელონ ახალი იდეები და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში შეძლონ საკუთარი პროექტების წარმოჩენა საზოგადოების წინაშე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აქტივობებს სოციალურ ქსელში და ზოგადად ინტერნეტში. სპეციალურად ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით კი ემიგრანტებისთვის, რადიოსადგურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, დაგეგმილია სხვადასხვა ინფორმაციული და გასართობი პროექტის განხორციელება (კონკურსები, რუბრიკები, რჩევები, ფოტო-ვიდეო არქივი და სხვ.).

შპს „ახალი რადიოს“ სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო კონცეფციაში ნათლად იკვეთება აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანი - ეროვნული რადიოსადგურის შექმნა. თბილისიში, მაუწყებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, რადიო „ჩვენებური“-ს სტრატეგიული გეგმის თანახმად, დაიწყება მუშაობა აღნიშნული პროექტის მეორე ეტაპის განსახორციელებლად, რაც გულისხმობს საქართველოს რეგიონების ათვისებას. მაუწყებლობის დაწყებიდან უახლოეს მომავალში, რადიოს ხელმძღვანელობა მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სხვადასხვა რეგიონებში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების თხოვნით. რადიო „ჩვენებური“, იქნება ერთადერთი რადიოსადგური, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა სახის პროექტებს. ადგილობრივი კორესპონდენტების მეშვეობით მოხდება ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში მიმდინარე მოვლენების ობიექტური და სისტემატური გაშუქება. იგეგეგმება თანამშრომლობა ადგილობრივ რადიოსადგურებთან (ინფორმაციის გაცვლის, რადიო-ხიდის და სხვ. სახით).
განსაკუთრებული ყურადღება მიქეცევა რეგიონში მიმდინარე კულტურულ ღონისძიებებს (ფესტივალი, კონცერტი, საქველმოქმედო ღონისძიება, გამოფენა, სპექტაკლი, სეზონური აქტივობები და სხვ.), რაც დღეისთვის, დედაქალაქში მცხოვრები მსმენელისთვის ყურადღების მიღმა რჩება. ასევე, რეგიონებში მოღვაწე მომღერლებს და მუსიკალურ კოლექტივებს მიეცემათ საშუალება გააცნონ საკუთარი შემოქმედება თბილისის და მომავალში მთელი ქვეყანის მოსახლეობის დიდ ნაწილს.

2. შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“  მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, კომპანიის მთავარი მიზანია, შექმნას ახალი ფორმატის საინფორმაციო სივრცე, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ასაკის მსმენელზე. სამაუწყებლო მოდელი შეიცავს, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე მუსიკალური, პოლიტიკური და შემეცნებითი რუბრიკების ფართო სპექტრს. მსმენელის ინტერესების შესწავლის საფუძველზე გთავაზობთ სამაუწყებლო მოდელს, რომელიც შეესაბამება  „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს;

შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა;

- საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა;

- ახალგაზრდული პროგრამა;

- საბავშვო პროგრამა;

- მუსიკალურ-გასართობი პროგრამა;

- სპორტული პროგრამა;

ლიცენზიის მაძიებლის მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

საინფორმაციო გამოშვება:

წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის შესაბამისად, განთავსდება დღეში 7 ჯერ; ხანგრძლივობა 5 წუთი;

საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა:

რუბრიკა  „პოლიტიკური მიმოხილვა“ – რუბრიკა  „პოლიტიკური მიმოხილვა“  არის პოლიტიკურ-ანალიტიკური ტიპის რუბრიკა, სადაც წამყვანი სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს დღის და კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებსა და მსოფლიოსა და საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს.

მუსიკალურ-გასართობი პროგრამა:

რუბრიკა  „კინომანია“ – რუბრიკა  „კინომანიაში“  გაჟღერდება ინფორმაცია ახალი ფილმების, კინოფესტივალების შესახებ. ქართული და უცხოური კინოს ისტორია  -  ესაა ამ რუბრიკის შემადგენელი ნაწილი.  რუბრიკის ბოლოს გაჟღერდება მუსიკა იმ ფილმიდან, რომლის შექმნის ისტორიასაც გააცნობს წამყვანი მსმენელს.

რუბრიკა  „მისმინე მე“ – რუბრიკა  „მისმინე მე“  მოიცავს DJ-სა და მსმენელის აქტიურ კონტაქტს პირდაპირ ეთერში, მსმენელი sms თხოვნებითა და სატელეფონო ჩართვების მეშვეობით მოითხოვს სასურველ მუსიკალურ კომპოზიციას, რომელსაც შეძლებისდაგვარად გაუშვებს წამყვანი პირდაპირ ეთერში.

გათამაშებები და ვიქტორინები – ამ რუბრიკის მეშვეობით პირდაპირ ეთერში ჩატარდება სხვადასხვა სახის ვიქტორინები როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის.  მათ პირდაპირ ეთერში შეეძლებათ, როგორც მონაწილეობა კონკრეტულ ვიქტორინაში, აგრეთვე მიკროავტობუსიდან ჩაუსვლელად სასურველი პრიზის მიღება. შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ წარმომადგენელი კონკრეტული კომპანიის წარმომადგენელთან შეთანხმებით დახვდება მიკროავტობუსს სამარშრუტო გეგმის მიხედვით იმ ადგილას, სადაც ამ კომპანიის ფილიალი მდებარეობს და ადგილზე გაათამაშებს პრიზებს.

საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა:

რუბრიკა  „შედევრები“ – ამ რუბრიკის მიზანია, წამყვანმა მსმენელს მიაწოდოს ინფორმაცია კლასიკური, საოპერო, ხალხური და სხვა ჟანრის მუსიკის შედევრების შესახებ,  აგრეთვე გააცნოს კომპოზიტორთა მოკლე ბიოგრაფია და ანონსი გაუკეთოს ცალკეული კომპოზიტორთა შედევრს.

რუბრიკა  „თუ საჭესთან ხარ“ – რუბრიკა  „თუ საჭესთან ხარ“  -  ესაა საინფორმაციო რუბრიკა, რომელიც განკუთვნილია მსოფლიო საავტომობილო სფეროში მომხდარ სიახლეებს.  რუბრიკა შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას ავტომობილების მოვლის შესახებ.

რუბრიკა  „გათენდა!  წავედით“ – ამ რუბრიკას შემეცნებითი სახე აქვს და მსმენელს საშუალებას აძლევს, გაიგოს უფრო მეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებისა, მათი დაარსების ისტორიისა და არქიტექტურული ნიმუშების შესახებ.

რუბრიკა  „გაასწორე შეცდომა“  -  ესაა შემეცნებითი რუბრიკა, რომლის მიზანია მსმენელისთვის ქართული ენის გრამატიკულად გამართული ფორმების ახსნა, ბარბარიზმებისა ჟარგონული სასაუბრო ლექსიკის დახვეწა სწორი გრამატიკული ფორმებით.  მოცემული რუბრიკა ქართული ენის სასწავლო კურსს წარმოადგენს.

რუბრიკა  „რა გაწუხებს?“ – ეს რუბრიკა შემეცნებითი რუბრიკაა. ამ რუბრიკაში გაჟღერებული იქნება ექიმების მოკლე რჩევები მსმენელისთვის, რომელიც ეხება სამედიცინო სფეროს, ჯანმრთელობასა და მასზე ზრუნვას.

რუბრიკა  „კარი ღიაა“ – ეს რუბრიკა საინფორმაციო ტიპისაა და ემსახურება სიახლეების მიწოდებას სტუდენტებისთვის, აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვისა და ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სიახლეებით საგანმანათლებლო სფეროში, იქნება ეს გაცვლითი პროგრამები, ღია კარის დღეები უნივერსიტეტებში, სასწავლო კურსები,  სტუდენტური ვაკანსიები თუ მრავალი სხვა.

რუბრიკა  „შუადღე მშვიდობისა“ – ამ რუბრიკის მეშვეობით წამყვანი მსმენელს გააცნობს სამომხმარებლო ფასებს ნებისმიერი პროდუქტის შესახებ, აგრეთვე მსმენელი შეიტყობს სასარგებლო სიახლეებს ბაზარზე არსებული ფასდაკლებების, აქციებისა და გათამაშებების შესახებ.

რუბრიკა  „დავაგემოვნოთ ერთად“ – ეს არის საინფორმაციო-შემეცნებითი რუბრიკა კულინარიის შესახებ. ამ რუბრიკაში გაჟღერდება კულინარიული რეცეპტები, ინფორმაცია კერძის დამზადების ხერხებისა და მეთოდების, და, რაც მთავარია,  -  სასარგებლო ინფორმაციას ჯანმრთელობის შესახებ.

რუბრიკა  „ახალი ტენდენციები“ – ეს რუბრიკა არის საინფორმაციო-შემეცნებითი და მოიცავს ყველაფერს მოდის სამყაროს, ინტერიერის დიზაინის და ყველა იმ მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ, რაც დიასახლისებს და არა მარტო მათ, ნებისმიერ მსმენელს დააინტერესებს.

რუბრიკა  „დააბრუნე დრო“ – რუბრიკა  „დააბრუნე დრო“  არის საინფორმაციო-შემეცნებითი და განკუთვნილია ქალებისთვის. ახალი ამბები კოსმეტოლოგებისგან, დიეტები, თავის მოვლის საშუალებები და მეთოდები  -  ეს ყველაფერი გაჟღერდება რუბრიკა  „დააბრუნე დროში.“

რუბრიკა  „აქციე მგზავრობა მოგზაურობად“ – ეს რუბრიკა საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათისაა. ამ რუბრიკის მეშვეობით მსმენელი მოისმენს ინფორმაციას მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კურორტების შესახებ, გაიგებს სასარგებლო ინფორმაციას ტურისტული სააგენტოების, სასტუმროებისა და ავიახაზების სიახლეების შესახებ.

რუბრიკა  „ფარმაცია“ – რუბრიკა  „ფარმაცია“  არის საინფორმაციო ტიპის რუბრიკა და მსმენელს გააცნობს ყველა საჭირო ინფორმაციას მედიკამენტების, მათი დანიშნულებისა და მოხმარების წესების შესახებ, აგრეთვე გაჟღერდება სამომხმარებლო ფასები მედიკამენტებზე.

რუბრიკა  „სანამ სახლში დაბრუნდები“ – ამ რუბრიკის მეშვეობით წამყვანი მსმენელს გააცნობს სამომხმარებლო ფასებს ნებისმიერი პროდუქტის შესახებ, აგრეთვე მსმენელი შეიტყობს სასარგებლო სიახლეებს ბაზარზე არსებული  ფასდაკლებების, აქციებისა და გათამაშებების შესახებ.

რუბრიკა  „შენი უბანი“ – ეს რუბრიკა არის შემეცნებითი და მსმენელი მოისმენს ინფორმაციას თბილისის უბნების დაარსების, თბილისის გამორჩეული ქუჩების ისტორიის შესახებ. ამ რუბრიკაში გაჟღერდება სამომხმარებლო ინფორმაცია უბნების მიხედვით.

რუბრიკა  „დღის მოვლენები“ – ეს რუბრიკა არის შემეცნებითი და მსმენელი მოისმენს ყველა იმ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის შესახებ, რაც კონკრეტულ დღეს საქართველოსა თუ მსოფლიოში მომხდარა.

რუბრიკა  „სუფთა სახლი“ – ამ რუბრიკაში გაჟღერდება ყველა სასარგებლო რჩევა დიასახლისებისთვის, იქნება ეს სახლის მოვლის საშუალებებისა თუ სხვა სასარგებლო ინფორმაციის შესახებ.

ახალგაზრდული პროგრამა:

რუბრიკა  „განწყობა გადამდებია“ – ეს რუბრიკა ემსახურება ახალგაზრდების ინტერესების დაკმაყოფილებას. რუბრიკის მეშვეობით ახალგაზრდები გაიგებენ ინფორმაციას ღამის ცხოვრების სიახლეების,  დაგეგმილი კონცერტებისა დქა ღონისძიებების შესახებ.

საბავშვო პროგრამა;

საბავშვო შემეცნებითი რუბრიკა  „იცოდე უფრო მეტი“ – რუბრიკის მიზანია მოზარდების ინტელექტის ამაღლება, რუბრიკა არის შემეცნებითი და ემსახურება ბავშვებისთვის საჭირო ინფორმაციის გაგებას საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის,  გეოგრაფიის,   ასევე  ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ.

სპორტული პროგრამა:

წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის შესაბამისად, განთავსდება დღეში ორჯერ, პროგრამის ხანგრძლივობა 10 წუთი;

ანონსები და აფიშები:

„დილის გადაცემა“ – პროგრამის მიზანია წამყვანის მიერ დილის გადაცემის შემადგენელი რუბრიკების მსმენელისთვის ანონსირება  და კონკრეტულ დღეს მომხდარი ისტორიული მოვლენების გაცნობა,   ასევე საერო და სასულიერო დღესასწაულების შესახებ ინფორმირება.

რუბრიკა  „გამომყევი ყველგან“ – ესაა საინფორმაციო რუბრიკა, რომელშიც წამყვანი წარმოადგენს  მიმდინარე დღის საბავშვო, კულტურული ღონისძიებების შესახებ ანონსს,  აგრეთვე - კინოს, თეატრის, გამოფენისა და კონცერტის შესახებ აფიშას.

რუბრიკა  „tv აფიშა“ – ამ რუბრიკაში წამყვანი მსმენელს გააცნობს მიმდინარე და მომდევნო დღის სატელევიზიო აფიშას.

რუბრიკა  „ღამის ქალაქი“ – ამ რუბრიკაში წამყვანი მსმენელს გააცნობს ინფორმაციას თბილისის ღამის ცხოვრების შესახებ, კონცერტები, შოუები და ყველაფერი, რაც კონკრეტულ დღეს თბილისში ღამით მოხდება, დააანონსებს წამყვანი.

წამყვანები შერჩეულნი იქნებიან პროფესიონალიზმის მიხედვით. ყველა გადაცემის დრო განისაზღვრება საჭიროებისამებრ.

კომპანიის სამაუწყებლო კონცეფცია აგებულია მსმენელისათვის ფაქტების ობიექტურად გადაცემის პრინციპზე. სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ მსმენელს მიაწვდის ინფორმაციას მომხდარი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ, იმის შესახებ, რაც ნამდვილია და აღიარებულია. ლიცენზიის მაძიებელი აღნინავს, რომ ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რომელიც ფაქტების გადაკეთებასა და მათ დამხინჯებას გულისხმობს.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ კომისიის 2015 წლის 12 იანვრის ზეპირ მოსმენაზე აღნიშნა, რომ ორივე ლიცენზიის მაძიებელი აკმაყოფილების საერთო მაუწყებლობისთვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.

წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების ურთიერთშედარების საფუძველზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ  ლიცენზიის მაძიებლების მიერ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის მოცვის ხარისხი უპირატესად უზრუნველყოფილია შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ მიერ. გარდა იმისა, რომ შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ მიერ სამაუწყებლო კონცეფციაცაში გათვალისწინებულია ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი პროგრამა და ამით კომპანია ითვალისწინებს საზოგადოების ამ ნაწილის ინტერესებსაც, აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის მაძიებლების მიერ შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნებაც მეტწილად უზრუნველყოფილია შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“-ს მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში. ამასთან აღსანიშნავია, შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ გაფორმებული მემორანდუმი შპს „თბილისის მიკროავტობუსთან“, რის საფუძველზეც თბილისის მიკროავტობუსებში კომპანიის შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ რადიომაუწყებლობა განხორციელდება. აღნიშნული მემორანდუმის გათვალისწინებით შედგენილია კომპანიის სამაუწყებლო ბადეც. კერძოდ, გათვალისწინებულია თუ დღის კონკრეტულ მონაკვეთში ძირითადად საზოგადოების რა ნაწილი უფრო ხშირად მგზავრობს და შესაბამაისად დაგეგმილია სამაუწყებლო ბადეც. ამასთანავე, სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია ისეთი გათამაშებები და ვიქტორინები, რომელიც მსმენელს მიკროვატობუსიდან ჩაუსვლელად გათამაშებაში/ვიქტორინაში მონაწილეობის მიღების და პრიზების ადგილზე მიღების საშუალებას იძლევა, რაც მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ახალი ტიპის პროგრამას წარმოადგენს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ სალიცენზიო განცხადებების კომისიაში წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, 2015 წლის 7 დეკემბრის 17:00 საათამდე წარმოდგენილი ჰქონდა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი იყო გიორგი ხაინდრავა, ხოლო 30%-იანი წილის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე. ამასთან, როგორც ირკვევა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან (https://napr.gov.ge/) 2015 წლის 16 დეკემბერს შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ 100% წილის მფლობელად განისაზღვრა გიორგი ხაინდრავა. კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ვებ-გვერდზე 2015 წლის 16 დეკემბრიდან და აღნიშნული ინფორმაცია კომისიისთვის ცნობილი გახდა ზეპირ მოსმენამდე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს ამ წარმოების ფარგლებში როგორც ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი, ასევე, კომისიის მიერ მოპოვებული და საჯაროდ განხილული დოკუმენტაციის საფუძველზე. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2015 წლის 16 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად არ ირღვევა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიმართ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრული წესები. ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, ის გარემოება, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების თაობაზე ინფორმაცია მოიპოვა თავად კომისიამ და არ წარმოუდგენია ლიცენზიის მაძიებელს, ასევე,  სადამფუძნებლო დოუმენტაციაში განხორციელებული ცვლილება არ წარმოადგენს ლიცენზიის მაძიებლისთვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. თბილისში (სიხშირეზე 92,3მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2016 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდნენ შპს ”ახალი რადიოს” დირექტორი ბეგლარ ლოგუა და  შპს ”მომხმარებელთა საყურადღებოს” დირექტორი გიორგი ხაინდრავა.

საკონკურსო სხდომაზე გიორგი ხაინდრავამ და ბეგლარ ლოგუამ კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება მათ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების უპირატესობებზე და ისაუბრეს  საქმიანობის დაფინანსების გეგმებზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობიდან (საერთო რადიომაუწყებლობა) გამომდინარე და იმის გამო, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები განსაზღვრული არ არის, კომპანიების მიერ წარმოდგენილი კონცეფციების შეფასება/ანალიზი განხორციელდა პროგრამული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სამაუწყებლო კონცეფციის შეფასებისას გამოკვლეულ იქნა, ლიცენზიის მაძიებელის მიერ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება, ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა. ამასთან, შესწავლილ იქნა ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტთან, რომლის თანახმად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.

კომისიის 2015 წლის 15 იანვრის სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა. ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის სამმა წევრმა (კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები: გიორგი ფრუიძე და მერაბ ქათამაძე), ხოლო კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ მხარი არ დაუჭირა. ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შპს „ახალი რადიოს“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს მხარი არ დაუჭირა კომისიის არცერთმა წევრმა.

კომისია აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის, ლიცენზიის მაძიებელთა სამაუწყებლო კონცეფციებისა და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესწავლის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ პროგრამირების ასპექტის მიხედვით, შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ სამაუწყებლო კონცეფციაში უპირატესად უზრუნველყოფილია შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის მოცვის ხარისხი, შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება, ლიცენზიის მაძიებლის მიერ თავის სამაუწყებლო კონცეფციაში ასევე გათვალისწინებულია ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი გადაცემა და შესაბამისად მათი ინტერესები, ამასთან, მის სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია ისეთი გათამაშებები და ვიქტორინები, რომლებიც მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ახალი ტიპის პროგრამას წარმოადგენს, რის გამოც კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს შპს “მომხმარებელთა საყურადღებოდ“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებისა და IX თავის, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  37-ე, 43-ე და მე-60 მუხლისა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №671/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები მერაბ ქათამაძე და გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე)

გადაწყვიტა:

1.  ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “მომხმარებელთა საყურადღებოდ”;

2.  უზრუნველყოს შპს “მომხმარებელთა საყურადღებოდ” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 2,138.40 (ორი ათას ასოცდათვრამეტი და 40) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 7,484.40 (შვიდი ათას ოთხასოთხმოცდაოთხი და 40) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს შპს “მომხმარებელთა საყურადღებოდ” და შპს ”ახალი რადიოსთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “მომხმარებელთა საყურადღებოდ” ჩაბარების დღიდან.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი: ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლით განსაზღვრული კონკურსის ჩატარების წესი. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის მიერ დალუქული სახით წარმოდგენილი, მოსამზადებელ სხდომაზე გახსნილი და საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებული დოკუმენტაცია ლიცენზიის მაძიებლის პარტნიორების შესახებ შეცვლილია კონკურსის ჩატარების დღისთვის. ამ გარემოების გამო დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი. ასევე, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადებასთან ერთად განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფციის წარმოდგენას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. ვინაიდან კონკურსის გამოცხადების დროს არ იყო დადგენილი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები და არც დღეს არის დადგენილი, შესაბამისად, ვერც კონკრეტული კონკურსანტის და ვერც რომელიმე სხვა კონკურსში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია ვერ იქნება არარსებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში. მან აღნიშნა, რომ იგივე შენიშვნა ჰქონდა კონკურსის გამოცხადების დროსაც. შესაბამისად იგი წინააღმდეგი იყო კონკურსის გამოცხადების სანამ არ დადგინდებოდა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები. 

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                    მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები