შპს “მომავლის რეკლამის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 და №B76 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 და 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 12:28
მიღების თარიღი მაისი 25, 2016
შპს “მომავლის რეკლამის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 და №B76 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 და 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/17-15, 09.02.2015წ.) მიმართა შპს “მომავლის რეკლამამ” მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 და №B76 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს №B76 ლიცენზიის თემატიკად გასართობი მაუწყებლობის, ხოლო №B59 ლიცენზიის ქვესახეობად საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე უმჯობესია ერთიანი გასართობი ფორმატით მაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მომავლის რეკლამა” ფლობს:
1. კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 105.0 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი და მიმდებარე სოფლები;
2. კერძო მაუწყებლობის №B76 ლიცენზიას, 2025 წლის 8 აპრილამდე კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (საგანმანათლებლო/შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 16 საათი;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. თბილისი |
97.1 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44"N 44°47'05"E |
100 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 7 აპრილის №225/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მომავლის რეკლამის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 და №B76 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 და 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 11 მაისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/2792-16, 23/03/2016) თანახმად, “ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების შესაბამისად, ქ. ქუთაისი მდებარეობს N253 სამაუწყებლო ზონაში. „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 10 მარტის N160/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, N253 სამაუწყებლო ზონაში რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
1. საერთო რადიომაუწყებლობა;
2. სათემო რადიომაუწყებლობა;
3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა;
გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მოქმედი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შესაბამისად ქ. ქუთაისში (ზონა N253) საერთო რადიომაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება შპს „მომავლის რეკლამის“ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხს, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
2016 წლის 11 მაისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს „მომავლის რეკლამის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა დამატებითი დასაბუთების მოთხოვნის მიზნით გამოეცხადებინა შესვენება და ზეპირი მოსმენის სხდომის გაგრძელების თარიღად განსაზღვრა 2016 წლის 19 მაისი.
2016 წლის 19 მაისს ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს „მომავლის რეკლამის“ დირექტორი იოსებ ძნელაძე. სხდომაზე გამოქვეყნდა შპს „მომავლის რეკლამის“ მიერ წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №12/4624-16б 19.05.16), რომლის თანახმად რადიომაუწყებლობის ბაზრის კვლევის შედეგად კომპანიამ გადაწყვიტა „რადიო დარდიმანდის“ მაუწყებლობის არეალის გაფართოება. ამ მიზნით განხორციელდა შპს ”ვი-ეს”-ის კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის შპს ”მომავლის რეკლამის” სახელზე გადაცემა. როგორც წერილშია აღნიშნული კომპანია ითხოვს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირებას და ქვესახეობად სპეციალიზებული (გასართობი) ფორმატის განსაზღვრას იმის გამო, რომ კომპანიას სურს მაუწყებლობის არეალის გაზრდა და ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში ერთი და იგივე ფორმატით მაუწყებლობა. ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „მომავლის რეკლამის“ დირექტორმა იოსებ ძნელაძემ დაადასტურა, რომ შპს „მომავლის რეკლამა“ ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში იმაუწყებლებს ერთი და იგივე პროგრამული ბადით. ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 4 სამუშაო დღე - 2016 წლის 25 მაისი.
2016 წლის 25 მაისს კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „მომავლის რეკლამის“ დირექტორი იოსებ ძნელაძე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. კომისიას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „მომავლის რეკლამას“ კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიაში ვალდებულებად განესაზღვროს იგივე პროგრამული ბადით მაუწყებლობა რა პროგრამული ბადითაც მაუწყებლობს ქ. თბილისში კერძო მაუწყებლობის №B76 ლიცენზიის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს “მომავლის რეკლამის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B76 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება
კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა“;
2. მოდიფიცირდეს შპს “მომავლის რეკლამის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებაში და:
ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა“;
ბ) გადაწყვეტილების მესამე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის პ) და ჟ) ქვეპუნქტები:
„პ) უზრუნველყოს ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა;
ჟ) უზრუნველყოს კერძო მაუწყებლობის №B76 ლიცენზიით გათვალისწინებული პროგრამული ბადით მაუწყებლობა;“
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
ვ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მომავლის რეკლამისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
