„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 10:26
მიღების თარიღი მაისი 25, 2016
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებით დამტკიცდა კომისიის ახალი დებულება, რომლის ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის პირველი ივლისი. აღნიშნული დებულებით ცალკე გამოიყო და შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რის შედეგადაც კომისიის მოქმედი ორგანიზაციული სტრუქტურა არსებითად შეიცვალა.
კომისიაში დაგეგმილია კომისიის აპარატის თანამშრომელთა ატესტაცია, კერძოდ, მათი სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შეფასება დაკავებული ან/და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან. დაკავებულ/დასაკავებელ თანამდებობასთან თანამშრომელთა შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, კომისიაში ატესტაცია ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე განისაზღვრება არსებულ თანამშრომელთა პოტენციალი ტესტირების საშუალებით, ხოლო ატესტაციის მეორე ეტაპზე ჩატარდება თანამშრომელთა გასაუბრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის აპარატის თანამშრომელთა ატესტაციის პროცესი დასრულებული იყოს კომისიის დებულების ძალაში შესვლამდე და კომისიის ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაში არსებობდეს ატესტაციაგავლილი თანამშრომლებისათვის ახალი საშტატო პოზიციების შეთავაზების შესაძლებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილი გარემოებების მიხედვით, საჭირო გახდა საატესტაციო ტესტების შედგენის/ადაპტაციის, ადმინისტრირებისა და შედეგების აპელაციის მომსახურების მისაღებად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადება. თავის მხრივ, ტენდერის ჩატარება, მათ შორის, ტენდერის გამოცხადება, გამარჯვებულის გამოვლენა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება გარკვეულ პერიოდს უკავშირდება. ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლებელია ტენდერი დასრულდეს უარყოფითი შედეგით, არ შედგეს ან შეწყდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ვადა აღნიშნული ტესტების მოსამზადებლად, ხოლო მოგვიანებით მოხდეს ტესტირების ადმინისტრირება, აპელაცია და საბოლოო შედეგის მიღება.
კომისია აღნიშნავს, რომ ტესტირების შემდეგ უნდა დაიგეგმოს ინდივიდუალური გასაუბრება თითოეულ თანამშრომელთან, რაც კომისიის წინაშე უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში მდგარი ამოცანების გათვალისწინებით (საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესების დაცვაზე უშუალო მონიტორინგის განხორციელება), საკმაო დროს მოითხოვს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ატესტაციის პროცესის ორივე ეტაპის დასრულება 2016 წლის პირველ ივლისამდე ვერ მოხერხდება, რის გამოც კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების ძალაში შესვლის თარიღად უნდა განისაზღვროს 2016 წლის 30 დეკემბერი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
- ზეპირი მოსმენა გაიმართის 2016 წლის 24 ივნისს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ.კვერენჩხილაძე) დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ.კვერენჩხილაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
