წვდომის მენიუ

„მაღალი გარჩევადობის ფორმატის განსაზღვრისა და ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 325 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2016 11:23

მიღების თარიღი მაისი 25, 2016

მაღალი გარჩევადობის ფორმატის განსაზღვრისა და ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველო 2015 წელს სრულად გადავიდა ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე, რომელიც თავისი სპეციფიკის გათვალისწინებით, გულისხმობს განსხვავებულ შესაძლებლობებს როგორც სატელევიზიო მაუწყებლებისთვის, ასევე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლების გამავრცელებლებისთვის. 2015 წლის 12 ივნისს ცვლილება განხორციელდა რიგ საკანონმდებლო აქტებში („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა გამომდინარე კანონები), რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ახლებური სამართლებრივი ჩარჩო მაუწყებლებისათვის და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლების გამავრცელებლებისთვის. 2016 წლის 27 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.018102), რომლის მე-2 მუხლის შესაბამისად, კომისიამ 2016 წლის პირველ ივლისამდე უნდა მიიღოს შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მაღალი გარჩევადობის ფორმატი და დადგინდება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი და დაშვების რიგითობის წესი და პროცედურები. ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდა ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე, 2016 წლის 13 მაისს.

„მაღალი გარჩევადობის ფორმატის განსაზღვრისა და ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის დადგენილების მიღების მიზანს წარმოადგენს მულტიპლექსპლატფორმაზე მაუწყებლების დაშვების რეგულაციების განსაზღვრა, რათა თანაბრად იქნეს დაცული როგორც მულტიპლექსპლატფორმის მფლობელის, ასევე მაუწყებლების და მომხმარებლების ინტერესი. წინამდებარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება კომისიამ უნდა უზრუნველყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონით განსაზღვრული პრინციპების დაცვით. ამავე კანონის შესაბამისად, კომისიამ რიგითობის პროცედურების განსაზღვრისას უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ მაუწყებლებს, რომელთა პროგრამებიც გადაიცემა მაღალი გარჩევადობის ფორმატში. ასეთ მაუწყებელთა პრიორიტეტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების დასანერგად და მომხმარებლებისთვის საუკეთესო მომსახურების შესათავაზებლად. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე კომისიამ უნდა განსაზღვროს მაღალი გარჩევადობის ფორმატი (ტელემაუწყებლობის სტანდარტი).

ზემოხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულების მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონის მე-2 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

  1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მაღალი გარჩევადობის ფორმატის განსაზღვრისა და ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
  2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 24 ივნისს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ.კვერენჩხილაძე) და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
  6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ.კვერენჩხილაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                  კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                  მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები