წვდომის მენიუ

შპს „მედია ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 34 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2016 18:07

მიღების თარიღი იანვარი 21, 2016

შპს „მედია ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 14 დეკემბრის Nშ-10/9801-15 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ შპს „მედია ტვ“-ს მიმართ 2015 წლის 16 ნოემბერს შედგენილი შემოწმების აქტი N22  თანდართული მასალებით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შემოწმების დამსწრე მოწმის ქათევან კაკაბაძის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის ჩაბარების დამადასტურებებლი დოკუმენტი). მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 14 დეკემბრის N10/9801-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 16 ნოემბერს კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „მედია ტვ“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №22. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, მისამართზე  სარაჯიშვილის გამზ. N5 შპს „მედია ტვ“-ს ოფისში, კომპანიის მოლარე-ოპერატორის ქეთევან კაკაბაძის თანდასწრებით.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 14 დეკემბრის N10/9801-15 სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ 2015 წლის 16 ნოემბერს, შპს „მედია ტვ“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „TV 3“, „Охота и Рыбалка“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „კავკასია“, „ენკი-ბენკი“, „Discovery“, „მაესტრო“, „Eurosport“, „ერთსულოვნება“, „Еврокино“, „ობიექტივი“, „Animal planet“, „კომედი არხი“,  „GDS“, „Setanta sport“, „THT“, „RTVi“, „აჭარა“, „3600“, „Шансон ТВ“, „CTC“.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 14 დეკემბრის Nშ-10/9801-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „მედია ტვ“-ს 2015 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი შემოწმების აქტში დაფიქსირებულ არცერთ სამაუწყებლო არხზე საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ   შპს ,,მედია ტვ“-ს მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება  არამართლზომიერად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით (ჩაბარების თარიღი: 16.01.2013; ქვითრის ნომერი: 010003903536), შპს  „მედია ტვ“-ს, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში ჩასმამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 5 იანვარს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 5 იანვრის Nშ-10/38-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით - შპს „მედია ტვ“-სა და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის გაფორმებული ხელშკერულების ასლი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედია ტვ“-სა და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის 2013 წლის პირველ მაისს გაფორმებული ხელშეკრულების 10.1  მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 3(სამი) თვის ვადით, ხოლო 10.2 მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების 10.1 მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ მხარეები არ გამოთქვამენ ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს წინამდებარე ხელშეკრულება ითვლება ავტომატური წესით გაგრძელებულად იგივე პირობებითა და იგივე ვადით. ხელშეკრულების ამავე პუნქტის თანახმად,  ხელშეკრულების მოქმედება არ გაგრძელდება ავტომატური წესით თუ „ტრანზიტორს“ გააჩნია დავალიანება „კომპანიის“ წინაშე, რის შესახებაც „კომპანია“ უგზავნის წერილობით შეტყობინებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა ითვლება შეწყვეტილად.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მედია ტვ“-სა და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის 2013 წლის პირველ მაისს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი I-ის შესაბამისად, საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედი“ შპს „მედია ტვ“-ს გადასცემს უფლებას სატელევიზიო არხების: „TV1000“, „TV1000 Action“, „TV1000 Русское кино“ „THT“-ს ტრანზიტით გავრცელების თაობაზე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (14.12.15 Nშ-10/9801-15) საფუძველზე, კომისიაში  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016 წლის 6 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  „მედია ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2016 წლის 21 იანვარს  15:00 საათზე;  აღნიშნულის თაობაზე  შპს „მედია ტვ“-ს ეცნობა შეტყობინებით (შეტყობინების თარიღი: 06.01.2016; შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი: 03/56-16) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. კომისიის 2016 წლის 6 იანვრის N03/56-16 შეტყობინება, კომისიის 2016 წლის 21 იანვრის სხდომის ჩატარების თაობაზე, შპს „მედია ტვ“-ს ჩაბარდა 2016 წლის 8 იანვარს (გზავნილის კოდი: 070000015862; ჩაბარების თარიღი: 08.01.2016 ; ჩაიბარა: ქეთევან კაკაბაძემ )

კომისიის 2016 წლის 21 იანვრის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ განაცხადა, რომ შპს „მედია ტვ“-სა და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება კომისიაში შპს „მედია ტვ“-ს მიერ წარმოდგენილია 2013 წლის 20 მაისს და შესაბამისად, კომპანია შემოწმების მომენტში სამაუწყებლო არხ „THT“-ს რეტრანსლირებას ახორციელებდა მართლზომიერად.

კომისიის 2016 წლის 21 იანვრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მედია ტვ“-ს დირექტორი ნინო ბოლქვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ  ყველა ზემოაღნიშნულ  სამაუწყებლო არხზე კომპანიას კომისიაში ჰქონდა წარმოდგენილი მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა, დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ხელშეკრულებებს გაუვიდა მოქმედების ვადა და საჭიროებდა განახლებას. კომისიის 2016 წლის 21 იანვრის სხდომაზე შპს „მედია ტვ“-ს დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ აღიარა დარღვევის ფაქტი და განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულ სამაუწყებლო არხებთან განაახლებდა ხელშეკრულებებს.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (14.12.15 ;Nშ-10/9801-15);
  2. 2015 წლის 16 ნოემბრის  N22 შემოწმების აქტი;
  3. 2015 წლის 16 ნოემბრის შპს „მედია ტვ“-ს შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);
  4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 5 იანვრის Nშ-10/38-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული  - შპს „მედია ტვ“-ს და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით;
  5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „მედია ტვ“-სთვის  ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  6. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „მედია ტვ“-ს შესახებ;
  7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი. მახარაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 21 იანვრის სხდომაზე;
  8. შპს „მედია ტვ“-ს დირექტორის ნინო ბოლქვაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 21 იანვრის  სხდომაზე.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „მედია ტვ“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 19.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახე - A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4  მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2015 წლის 16 ნოემბერს, 12:05 საათზე განხორციელდა შპს „მედია ტვ“-ს შემოწმება კომპანიის ოფისში, მისამართზე ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. N5; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N22. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში  დასაქმებული უფლებამოსილი პირები: იოსებ ბაღაშვილი და  ზურაბ კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე, კომპანიის წარმომადგენელი (მოლარე-ოპერატორი) ქეთევან კაკაბაძე;
  3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „მედია ტვ“ საკუთარი საკაბელო ქსელით  ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „TV 3“, „Охота и Рыбалка“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „კავკასია“, „ენკი-ბენკი“, „Discovery“, „მაესტრო“, „Eurosport“, „ერთსულოვნება“, „Еврокино“, „ობიექტივი“, „Animal planet“, „კომედი არხი“,  „GDS“, „Setanta sport“, „THT“, „RTVi“, „აჭარა“, „3600“, „Шансон ТВ“, „CTC“;
  4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 5 იანვრის Nშ-10/38-16 სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილ იქნა შპს „მედია ტვ“-ს და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმითედს“ შორის 2013 წლის პირველ მაისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების მოქმედების ვადის ავტომატური გაგრძელების პირობას. შპს „მედია ტვ“-სა და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის 2013 წლის პირველ მაისს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი I-ის შესაბამისად საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედი“ შპს „მედია ტვ“-ს გადასცემს სამაუწყებლო არხების: „TV1000“, „TV1000 Action“, „TV1000 Русское кино“ და „THT“-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებას. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შპს „მედია ტვ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია 2013 წლის 20 მაისს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2700-13). შესაბამისად, შემოწმების მომენტში შპს „მედია ტვ“ მართლზომიერად ახდენდა სამაუწყებლო არხ „THT“-ს ტრანზიტს;
  5. 2015 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით და ასევე, ამ განაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „მედია ტვ“-ს არ აქვს წარმოდგენილი მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „TV 3“, „Охота и Рыбалка“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „კავკასია“, „ენკი-ბენკი“, „Discovery“, „მაესტრო“, „Eurosport“, „ერთსულოვნება“, „Еврокино“, „ობიექტივი“, „Animal planet“, „კომედი არხი“,  „GDS“, „Setanta sport“, „RTVi“, „აჭარა“, „3600“, „Шансон ТВ“, „CTC“. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაფიქსირებულ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება საკუთარი საკაბელო ქსელით  შპს „მედია ტვ“ მიერ ხორციელდება  არამართლზომიერად;
  6. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით (შპს „მედია ტვ“-ს ჩაბარდა 16.01.2013) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „მედია ტვ“-ს ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ამავე წერილით შპს „მედია ტვ“-ს ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 16 ნოემბრის №22 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
  8. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2015 წლის 16 ნოემბრის №22 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);
  9. შპს „მედია ტვ“-ს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.

 კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
  8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  9. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ  სამაუწყებლო არხების: „TV 3“, „Охота и Рыбалка“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „კავკასია“, „ენკი-ბენკი“, „Discovery“, „მაესტრო“, „Eurosport“, „ერთსულოვნება“, „Еврокино“, „ობიექტივი“, „Animal planet“, „კომედი არხი“,  „GDS“, „Setanta sport“, „RTVi“, „აჭარა“, „3600“, „Шансон ТВ“, „CTC“-ის შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „მედია ტვ“-ს  მიერ, დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.

ვინაიდან, შპს „მედია ტვ“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „მედია ტვ“-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირება, რომელთა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოდგენილი არ არის, კერძოდ: „TV 3“, „Охота и Рыбалка“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „კავკასია“, „ენკი-ბენკი“, „Discovery“, „მაესტრო“, „Eurosport“, „ერთსულოვნება“, „Еврокино“, „ობიექტივი“, „Animal planet“, „კომედი არხი“,  „GDS“, „Setanta sport“, „RTVi“, „აჭარა“, „3600“, „Шансон ТВ“, „CTC“.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „მედია ტვ“-ს მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. შპს „მედია ტვ“-მ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: „TV 3“, „Охота и Рыбалка“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „კავკასია“, „ენკი-ბენკი“, „Discovery“, „მაესტრო“, „Eurosport“, „ერთსულოვნება“, „Еврокино“, „ობიექტივი“, „Animal planet“, „კომედი არხი“,  „GDS“, „Setanta sport“, „RTVi“, „აჭარა“, „3600“, „Шансон ТВ“, „CTC“-ის საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მედია ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „მედია ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  „მედია ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები