წვდომის მენიუ

შპს ”ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 341 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2016 14:51

მიღების თარიღი ივნისი 02, 2016

შპს ”ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ტოიოტა ცენტრი თბილისმა”  (რეგისტრირებული ქ. თბილისში, საბურთალოს რ-ნის სასამართლოს მიერ რეგ.N 5ა/4-1323, 02.09.1997;  ს.კ. №211346220) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/3835-16, 22.04.16) ქ. თბილისში დეცმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სიხშირისა და საქართველოს ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია სატვირთო გადაზიდვებისა და ტაქსით მომსახურეობისას თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ტოიოტა ცენტრი თბილისის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტოიოტა ცენტრი თბილისს” წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (2500 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. მიეცეს შპს  „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1324 ნებართვა და მიენიჭოს 441.175  მჰც, 441.425  მჰც, 446.225  მჰც,  447.525  მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში და 164.575 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) საქართველოს ტერიტორიაზე, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
  2. შპს ”ტოიოტა ცენტრი თბილისის“  მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
  3. აღირიცხოს შპს ”ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
  4. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით, დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს   მონიტორინგის განხორციელება;
  5. დაევალოს შპს ”ტოიოტა ცენტრი თბილისს”  გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
  6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის”  სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
  7. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
  8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6)  შპს ”ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში; 
  9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის”  ჩაბარებისთანავე. 
  10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მ. ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები