შპს „არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2016 12:19
მიღების თარიღი ივნისი 02, 2016
შპს „არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2016 წლის 4 აპრილს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 4 აპრილის Nშ-10/3147-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით (დანართი: 1. შპს „არგოს“ შესახებ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; 2. კომისიის 2016 წლის 16 მარტის N05/907-16 წერილის ასლი; 3. კომისიის 2016 წლის 16 მარტის N05/907-16 წერილის შპს „არგოსთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი შპს „არგო“ არ წარმოადგენს შემდეგ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს: 2015 წლის ივლისის თვიდან ფორმა 1.1 (შემოსავლები); 2015 წლის აპრილის თვიდან ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი); 2015 წლის ივლისის თვიდან კვარტალური ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში); 2015 წლის იანვრის თვიდან ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 2015 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და 2014 – 2015 წლების ფორმა 1.3 (ინვესტიციები). ამასთან, მიუხედავად კომისიის 2016 წლის 16 მარტის N05/907-16 წერილობითი შეტყობინებისა, რომელიც შპს „არგოს“ 2016 წლის 21 მარტს ჩაბარდა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.
2016 წლის 6 მაისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2016 წლის 3 მაისის N10/4085-16 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 6 მაისის Nშ-10/4210-16 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „არგოს“ 2015 წლის ნოემბრის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 16 მარტის N05/907-16 შეტყობინებით შპს „არგოს“, მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ასევე, შპს „არგო“ ზემოაღნიშნული შეტყობინებით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 4 აპრილის Nშ-10/3147-16 მოხსენებითი ბარათის და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 6 მაისის Nშ-10/4210-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 10 მაისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,არგოს“ გაეგზავნა შეტყობინება (N03/1365; 10.05.2016), რომლითაც კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შპს „არგოს“ ვერ ჩაბარდა, თუმცა, შეტყობინება გაგზავნილი იქნა იმ მისამართზე, რა მისამართიც კომპანიის მიერ იყო მითითებული და რომელიც დაცულია კომისიის უწყებრივ რეესტრში.
2016 წლის 17 მაისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 17 მაისის დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათით (17.05.2016; N10/4463-16) ეცნობა, რომ შპს „არგოს“ , მის მიერ 2015 წლის ნოემბრამდე კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების მიხედვით ერიცხება დავალიანება -166.63 ლარი.
კომისიის 2016 წლის 19 მაისის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „არგოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, აღინიშნა, რომ კომპანიას ვერ ბარდება შეტყობინება იმისდა მიუხედავად, რომ შეტყობინება იგზავნება იმ მისამართზე, რომელზეც შპს „არგოს“ 2016 წლის 21 მარტს ჩაბარდა კომისიის N05/907-16 წერილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების თაობაზე. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სხდომის 2016 წლის 2 ივნისისათვის გადადების თაობაზე, ხოლო კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალა ხელახალი შეტყობინების მომზადება და შპს „არგოსთვის“ გადაგზავნა (N03/1469-16, 20.05.2016).
2016 წლის 2 ივნისის კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის არა ერთი მცდელობის მიუხედავად შპს „არგოს“ ვერ ჩაბარდა შეტყობინებები (N03/1365-16, 10.05.2016; N03/1469-16, 20.05.2016) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, სხსომის გადადების, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანიას შეტყობინებები გაეგზავნა იმ მისამართზე, რომელი მისამართიც ფიქსირდება კომისიის უწყებრივ რეესტრში და რომელ მისამართზეც შპს „არგოს“, დაგვიანებით, 2016 წლის 20 მაისს, ჩაბარდა ა/წ 18 მაისს ხელმეორედ გაგზავნილი შეტყობინება შპს „არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების და სხდომის 2016 წლის 19 მაისის 15:00 საათზე ჩანიშნვნის თაობაზე. კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტის ნინო ამირიძის განმარტებით, 2016 წლის 27 მაისს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული შპს „არგოსთვის“ გაგზავნილი შეტყობინების ტექსტიც. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შპს „არგო“ არ გამოცხადდა კომისიის 2016 წლის 2 ივნისის სხდომაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „არგოს“ დაუსწრებლად.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 4 აპრილის Nშ-10/3147-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 6 მაისის Nშ-10/4210-16 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 17 მაისის დაზუსტებული სამსახურებრივი ბარათი N10/4463-16 შპს „არგოს“ მიერ რეგულირების ყველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის და დავალიანების თაობაზე;
- კომისიის 2016 წლის 16 მარტის N05/907-16 წერილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენის თაობაზე და აღნიშნული წერილის შპს „არგოსთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:AP01000494422; ჩაბარების თარიღი: 21.03.2016);
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „არგოს“ შესახებ მონაცემები;
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „არგო“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 05.08.2014; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi );
2. შპს „არგოს“ 2016 წლის 10 მაისის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით კომისიაში წარმოსადგენი აქვს: 2015 წლის ივლისის თვის ფორმა N1.1 (შემოსავლები); 2015 წლის აპრილის თვიდან ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი); 2015 წლის ივლისის თვიდან კვარტალური ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში); 2015 წლის იანვრის თვიდან ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 2015 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და 2014 – 2015 წლების ფორმა 1.3 (ინვესტიციები);
3. შპს „არგოს“ 2016 წლის 10 მაისის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის კომისიაში არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, რომლის წარმოდგენის ვალდებულება გათვალისწინებულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით. ასევე, კომისიის 2016 წლის 16 მარტის N05/907-16 წერილით შპს „არგოს“ მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ასევე, შპს „არგო“ კომისიის ზემოაღნიშნული წერილით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს; კომისიის 2016 წლის 16 მარტის N05/907-16 წერილი შპს „არგოს“ ჩაბარდა 2016 წლის 21 მარტს;
4. შპს „არგოს“, მის მიერ 2015 წლის ნოემბრის თვემდე წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების მიხედვეთ, კომისიის მიმართ ერიცხება დავალიანება - 166.63 ლარი;
5. შპს „არგოს“ კომისიაში 2015 წლის ნოემბრის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად, რეგულირების საფასურის წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.
6. შპს „არგოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები. ამავე გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი № 1 და დანართი № 2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „არგოს“ მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობით, ასევე რეგულირების საფასურის დავალიანების გადაუხდელობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტები, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტი და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ შპს „არგოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „არგოს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს გაფრთხილება, ხოლო სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, უნდა დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (2015 წლის აპრილის თვიდან ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი); 2015 წლის ივლისის თვიდან კვარტალური ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში); 2015 წლის იანვრის თვიდან ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 2015 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და 2014 – 2015 წლების პერიოდის ფორმა 1.3 (ინვესტიციები)) შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ასევე, 2015 წლის ნოემბრის თვიდან რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენა და მათ შესაბამისად კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის ჩარიცხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პიველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ასევე, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „არგოს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „არგომ“ 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, კერძოდ: 2015 წლის ივლისის თვიდან ფორმა 1.1 (შემოსავლები); 2015 წლის აპრილის თვიდან ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი); 2015 წლის ივლისის თვიდან კვარტალური ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში); 2015 წლის იანვრის თვიდან ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 2015 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და 2014 – 2015 წლების პერიოდის ფორმა 1.3 (ინვესტიციები) შევსება და კომისიაში წარმოდგენა;
3. უზრუნველყოს შპს „არგომ“ 10 სამუშაო დღის ვადაში რეგულირების საფასურის დავალიანების 166.63 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა, ასევე 2015 წლის ნოემბრის თვიდან რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „არგოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „არგოს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „არგოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „არგოსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
