წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 348 / 6

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2016 17:30

მიღების თარიღი ივნისი 02, 2016

შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F13 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით მიმართა შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებამ“ (კომისიაში რეგისტრაციის N7/3925-16, 26.04.2016), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 6 იანვრის N01/5 გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნება“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0. მჰც ± 3 მჰც, დანიშნულება -  ავტორიზაციით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობა;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 02.06.2016;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.

შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2016 წლის 2 ივნისი. შესაბამისად, შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად:

ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს. შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი 2016 წლის 2 ივნისს და კომისიაში წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/5002-16, 31.05.2016), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშების თაობაზე.

რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან ჩანს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ოდენობის დადგენისთვის, გამოყენებულ იქნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ე) ქვეპუნქტით განსაზღვრული  წესი. კერძოდ კი თანხა გაანგარიშებულ იქნა კომისის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმულით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F13 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს 982,084.50 (ცხრაასოთხმოცდაორი ათას ოთხმოცდაოთხი და 50) ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 2 ივნისს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა  შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ედიშერ ქარჩავა, რომელმაც დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 982,084.50 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა. მან ასევე კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებისთვის“ განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის ვადის 2016 წლის ბოლომდე განსაზღვრა და აღნიშნულ ვადაზე თანხის განწილვადება.

კომისია აღნიშნავს, რომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის   განწილვადება  6 თვეზე, ყოველთვიური თანაბარი გადახდის ვალდებულებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  49-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიას 2016 წლის 2 ივნისიდან 10 წლის ვადით  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0. მჰც ± 3 მჰც, დანიშნულება -  ავტორიზაციით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობა;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 02.06.2026;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად.

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 982,084.50 ლარით.

3. უზრუნველყოს შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებამ“  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 982,084.50 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა

-ბანკის კოდი-TRESGE22

-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402

163 680.75 ლარი  - 2016 წლის 2 ივლისამდე;

163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 აგვისტომდე;

163 680.75 ლარი -  2016 წლის 2 სექტემბრამდე;

163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 ოქტომბრამდე;

163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 ნოემბრამდე;

163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 დეკემბრამდე.

4. შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნება“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

5. ლიცენზიის მფლობელის  მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებისთვის“   გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).

7. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე.

8. გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ძალაში შევიდეს შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებისთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებისთანავე.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე (გარდა ბ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                   გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                   მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები