შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” მაუწყებლად ავტორიზაციის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2016 13:28
მიღების თარიღი ივნისი 02, 2016
შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” მაუწყებლად ავტორიზაციის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივიმ” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/4343- 16 13/05/2016) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივი” ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, ფრანგული, რუსული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 16 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა:
ზ.ა) ინტერნეტი - 01.06.2016
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - 08.01.2017
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
თ.ა) ინტერნეტი - უფასო;
თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მოთხოვნებს;
2. შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
6. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული:
ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 13 მაისს წარმოდგენილ განცხადებაზე არ იყო თანდართული საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ. შესაბამისად კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №01/1455-16, 20.05.2016წ.). შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივიმ” ზემოაღნიშნული ცნობა კომისიაში წარმოადგინა 2016 წლის 24 მაისს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/4821-16)
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხიმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” დირექტორი და 25%-იანი წილის მფლობელია ნინო ბუგეჩაშვილი, დირექტორი და 25%-იანი წილის მფლობელია მანუჩარ მენთეშაშვილი, დირექტორი და 25%-იანი წილის მფლობელია რევაზ წინამძღვრიშვილი და დირექტორი და 25%-იანი წილის მფლობელია ნიკოლოზ მამცელიძე. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ნინო ბეგუჩაშვილი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” დირექტორების და დამფუძნებლების ნინო ბუგეჩაშვილის, მანუჩარ მენთეშაშვილის, რევაზ წინამძღვრიშვილისა და ნიკოლოზ მამცელიძის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” და ფიზიკური პირების ნინო ბუგეჩაშვილის, მანუჩარ მენთეშაშვილის, რევაზ წინამძღვრიშვილისა და ნიკოლოზ მამცელიძის აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ზემოაღნიშნული კომპანია და ფიზიკური პირები კომისიის უწყებრივ რეესტრში საერთოდ არ ფიქსირდებიან.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 2 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” დირექტორები ნიკოლოზ მამცელიძე, მანუჩარ მენთეშაშვილი და ნინო ბუგეჩაშვილი. კომისიის სხდომაზე ნიკოლოზ მამცელიძემ დაადასტურა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივი” და მისი პარტნიორები არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს. მან ასევე დააზუსტა, რომ ინტერნეტ მაუწყებლობას კომპანია დაიწყებს 2016 წლის 2 ნოემბრამდე, ხოლო მაუწყებლობის ენები იქნება ქართული, ინგლისური და რუსული.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის სხდომაზე გაიმართა ცხარე კამათი დაფინანსების გეგმის და დაფინანსების წყაროების თაობაზე, ასევე იმის შესახებ, რომ არსებობს გარკვეული შეუსაბამობა წარმოდგენილ დოკუმენტებს შორის, კერძოდ დაფინანსების გეგმაში მითითებულია, რომ კომპანია ამ ეტაპზე არსებობს დამფუძნებელთა სახსრებით, ხოლო დამფუძნებელთა ქონებრივი დეკლარაციის ფორმაში არ არის მითითებული არანაირი ქონება. სხდომაზე შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” დირექტორმა ნიკოლოზ მამცელიძემ განმარტა, რომ კომპანიას ჰყავს სპონსორი, რომელიც ავტორიზაციის გავლის შემდგომ დააფინანსებს მის საქმიანობას. ასევე მას აქვს ტექნიკა, რომელიც ავტორიზაციის გავლის შემდგომ აისახება კომპანიის ბალანსზე. განმარტების შემდგომ მან კომისიის სხდომა დატოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ხმა ორის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები გიორგი ფრუიძე და ელისო ასანიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრები კახი ბექაური და მერაბ ქათამაძე)
გადაწყვიტა:
1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივი” შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 16 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა:
ზ.ა) ინტერნეტი - 02.11.2016
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - 08.01.2017
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
თ.ა) ინტერნეტი - უფასო;
თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.
2. შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივი” ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრ მერაბ ქათამაძის განსხვავებული აზრი: მერაბ ქათამაძემ აღნიშნა, რომ იგი წინააღმდეგია, შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” მაუწყებლად ავტორიზაციის ვინაიდან მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ დაფინანსების გეგმაში და დაფინანსების წყაროებში მითითებული ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება. მან ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ითხოვს დაფინანსების წყაროს მითითებას, კომპანია დაფინანსების წყაროდ უთითებს დამფუძნებელთა პირად სახსრებს, თუმცა დამფუძნებლების ქონებრივი დეკლარაციის ფორმაში არანაირი ქონება არ არის მითითებული. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ერთმანეთთან შეუსაბამობაშია. მიაჩნია, რომ კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დაფინანსების გეგმა, სადაც ნათლად გამოჩნდება დაფინანსების წყაროები და განსახორციელებელი ინვესტიციები.
კომისიის წევრ კახი ბექაურის განსხვავებული აზრი: კახი ბექაურმა განაცხადა, რომ უნდა იყოს წარმოდგენილი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შესაბამისობაში იქნება კომპანიის მიერ შევსებულ ქონებრივი დეკლარაციების ფორმებთან, წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან უნდა ჩანდეს კომპანია რა ინვესტიციებს გააკეთებს, რა ვადაში გეგმავს შემოსავლის მიღებას, რითაც შეძლებს საკუთარი ბიზნესის დაფინანსებას. კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სხდომაზე გაკეთებული ზეპირი განმარტებები კანონის მოთხოვნის შესრულების თვალსაზრისით არასაკმარისია. შესაბამისად იგი მხარს ვერ დაუჭერს შპს „ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის” მაუწყებლად ავტორიზაციის საკითხს.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
