წვდომის მენიუ

შპს „სტერეო +”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 352 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2016 11:09

მიღების თარიღი ივნისი 02, 2016

შპს „სტერეო +”-ის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სტერეო +”-მა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/4667-16 20/05/2016) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-31, 20.11.2013) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული შპს „სტერეო+“-ს არხი ასოცირდება მუსიკასა და გართობასთან. კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება აქცენტი მთლიანად გაკეთდეს ამ მიმართულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო +” მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-31, 20.11.2013), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

1. მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

4. მაუწყებლობის ენა: ქართული;

5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 20 საათი;

6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (MUX E მულტიპლექსი);

ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

7. მაუწყებლობის დაწყების ვადა:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - 17.06.2015;

ბ)თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები  - 10.01.2014

გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - 10.01.2014

8. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2016 წლის 2 ივნისის სხდომას ესწრებოდა შპს „სტერეო+”-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი ირინე პაპიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა ავტორიზაციის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „სტერეო +”-ს მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-31, 20.11.2013) მოდიფიცირება და  მაუწყებლობის ქვესახეობად სპეციალიზებული მაუწყებლობის განსაზღვრა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „სტერეო +”-ს მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-31, 20.11.2013) და მაუწყებლობის ქვესახეობად განისაზღვროს სპეციალიზებული (გასართობი/მუსიკალური) ტელემაუწყებლობა;

2. შპს „სტერეო +” ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო +”-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                      ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                      ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                      გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                      მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები