წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია „კავკასიის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 37 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2016 18:25

მიღების თარიღი იანვარი 26, 2016

შპს ტელეკომპანია „კავკასიის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელეკომპანია „კავკასიამ“(კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/164-16 11/01/2016) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-232, 14.07.2015) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს  თბილისის მულტიპლექსის გარდა იმაუწყებლოს ბათუმის, ზუგდიდის, თელავის, ქუთაისის და ფოთის მულტიპლექსებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „კავკასია“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-232, 14.07.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

1. მაუწყებლობის სახე:ტელემაუწყებლობა;

2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

4. მაუწყებლობის ენა: ქართული;

5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 8 საათი;

6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი:
ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (თბილისის მულტიპლექსი);

ბ)ინტერნეტი (საქართველო);

გ)თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

7. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო)

ბ) ინტერნეტი - ღია (უფასო);

გ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2016 წლის 26 იანვრის სხდომას არ ესწრებოდა რომ შპს ტელეკომპანია „კავკასიის“  უფლებამოსილი წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს                       შპს ტელეკომპანია „კავკასიის”  მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-232, 14.07.2015) მოდიფიცირება,  და მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და გეოგრაფიულ არეალად დამატებით  განისაზღვროს ბათუმის, ზუგდიდის, თელავის, ქუთაისის და ფოთის მულტიპლექსები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-232, 14.07.2015)  და მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად თბილისის მულტიპლექსთან ერთად დამატებით განისაზღვროს - ბათუმის მულტიპლექსი, ზუგდიდის მულტიპლექსი,  თელავის მულტიპლექსი,  ქუთაისის მულტიპლექსი,  ფოთის მულტიპლექსი;

2. შპს ტელეკომპანია „კავკასია” ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია „კავკასიისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება                          (ნ. ჯანელიძე).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                   გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                   მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები