წვდომის მენიუ

შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 379 / 20

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 13:42

მიღების თარიღი ივნისი 09, 2016

შპსკავკასუს ონლაინისმიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2015 წლის 31 დეკემბრის №825/19 გადაწყვეტილების თანახმად დაწყებულია შემომავალი საერთაშორისო ზარების მონიტორინგი და კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ შპს "კავკასუს ონლაინისაგან" დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 26 აპრილის წერილის მოთხოვნის თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში 2016 წლის 11 მაისის №01-02/8640 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-6/4329-16, 13.05.2016 წ.) წერილით წარმოადგინა  ინფორმაცია კომპანიის პარტნიორი საერთაშორისო ოპერატორებისაგან გამავალი და შემომავალი ტრაფიკის ჯამური მოცულობისა და ჯამური ღირებულების შესახებ. ასევე ინფორმაცია ცალკეულ პარტნიორ საერთაშორისო ოპერატორთან შეთანხმებული 1 წუთის ღირებულების შესახებ ზარების დასრულებისათვის.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისის 2016 წლის 20 მაისის №01-02/8672 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-6/4687-16, 20.05.2016 წ.) წერილით მოითხოვა მის მიერ 2016 წლის 11 მაისის №01-02/8640 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის  და დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას. 

შპს „კავკასუს ონლაინი" წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მათი  მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ კომპანიის მიერ პარტნიორ საერთაშორისო ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეიცავს კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ პირობებს, რომლის მიხედვითაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულების პირობები, ანგარიშსწორება, გაწეული მომსახურების მოცულობა და ღირებულება  გაუმჟღავნონ სხვა პირებს მეორე მხარის თანხმობის გარეშე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 26 აპრილის  =08/1283-16 წერილის მოთხოვნის თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიას წარმოუდგინა ინფორმაცია, რომელიც  მოიცავს 4 კატეგორიის დოკუმენტაციას:

1. ფოლდერი სახელწოდებით "ინვოისები";

2. ფოლდერი სახელწოდებით "გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები";

3. ფოლდერი სახელწოდებით "შედარების ოქმები";

4. ფოლდერი სახელწოდებით "ცხრილები, ფორმა". ამ უკანასკნელში მოცემულია დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პარტნიორი საერთაშორისო ოპერატორის მიხედვით და  შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ "ადგილობრივი ოპერატორის" ქსელში დასრულებული ზარების მოცულობისა და ტარიფების შესახებ.

კომპანია წერილში ასევე აღნიშნავს, რომ დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობასაც ითხოვს,  შეიცავს ინფორმაციას  შპს „კავკასუს ონლაინის“  2პარტნიორი საერთაშორისო ოპერატორების" დასახელების, მხარეთა მიერ დასრულებული ზარების რაოდენობისა (გაწეული მომსახურების მოცულობა) და მომსახურების ტარიფების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „კავკასუს ონლაინი“ ითხოვს, რომ  კომისიამ უნდა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა და არ გაუმჟღავნოს იგი სხვა პირებს, მათ შორის, კომისიის 2015 წლის 31 დეკემბრის №825/19 გადაწყვეტილების შესაბამისად შექმნილ მონიტორინგის ჯგუფს, იმ შემთხვევაში თუ ამ ჯგუფში შევლენ სხვა ავტორიზებული პირების წარმომადგენლები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;

კომისიამ განიხილა შპს „კავკასუს ონლაინის“  2016 წლის 20 მაისის №01-02/8672  წერილი, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე  და აღნიშნავს,  რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი 2016 წლის 11 მაისის №01-02/8640 წერილის თანდართული CD დისკით წარმოდგენილი შემდეგი სახის ინფორმაცია, კერძოდ: "ინვოისები"-ს ფოლდერში ჩაწერილი ელექტრონული დოკუმენტებში (გაგზავნილი და მიღებული ინვოისები) და "ცხრილები, ფორმა" ფოლდერში  ჩაწერილი ელექტრონული დოკუმენტებში (ექსელის ფაილები სახელწოდებით - "დანართი 1" და "დანართი 2") თითოეული კონტრჰაგეტნის მიერ მიწოდებული  ტრაფიკის მოცულობა და  ერთი წუთის ღირებულება, ხოლო სხვა დანარჩენი ინფორმაცია უნდა დარჩეს ღიად.

რაც შეეხება "გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები"-ს ფოლდერში ჩაწერილი ელექტრონულ დოკუმენტებს (ჩარიცხული და გადარიცხული თანხების საგადასახადო დავალებები) და  "შედარების ოქმების" ფოლდერში, მასში ჩაწერილი შედარების აქტებს, რომელიც გაფორმებულია ადგილობრივ ოპერატორებთან და მოიცავს 2016 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების პერიოდს,  უნდა დარჩეს ღიად. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ 2016 წლის 20 მაისის №01-02/8672 წერილით წარმოდგენილი მოთხოვნა და ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი შპს „კავკასუს ონლაინის“ 2016 წლის 11 მაისის №01-02/8640 წერილის  დანართებით წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 1. შპს „კავკასუს ონლაინის“ 2016 წლის 20 მაისის №01-02/8672 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ-6/4687-16, 20.05.2016 წ.) წერილით წარმოდგენილი მოთხოვნა შპს „კავკასუს ონლაინის“ 2016 წლის 11 მაისის №01-02/8640  წერილის თანდართული CD დისკით წარმოდგენილი ინფორმაციისა და  დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს  ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი შემდეგი დოკუმენტები:

1.1. "ინვოისები"-ს ფოლდერში ჩაწერილი ელექტრონული დოკუმენტებში (გაგზავნილი და მიღებული ინვოისები) თითოეული კონტრჰაგეტნის მიერ მიწოდებული  ტრაფიკის მოცულობა და  ერთი წუთის ღირებულება, ხოლო სხვა დანარჩენი ინფორმაცია უნდა დარჩეს ღიად;

1.2. "ცხრილები, ფორმა" ფოლდერში  ჩაწერილი ელექტრონული დოკუმენტებში (ექსელის ფაილები სახელწოდებით -"დანართი 1" და "დანართი 2") თითოეული კონტრჰაგეტნის მიერ მიწოდებული  ტრაფიკის მოცულობა და  ერთი წუთის ღირებულება, ხოლო სხვა დანარჩენი ინფორმაცია უნდა დარჩეს ღიად;

2. ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს  შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვიდან  იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის   მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისთვის“  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის  დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).

                კომისიის თავმჯდომარე                                                   ვახტანგ აბაშიძე

                კომისიის წევრი                                                                   კახა ბექაური

                კომისიის წევრი                                                                   გიორგი ფრუიძე 

                კომისიის წევრი                                                                   მერაბ ქათამაძე

               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები