წვდომის მენიუ

ავტორიზებული პირი შპს „G-Connect“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 381 / 20

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 13:38

მიღების თარიღი ივნისი 09, 2016

 ავტორიზებული პირი შპს „G-Connect“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილი  სტატისტიკური ინფორმაციის ნაწილის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ კომისიას წერილობით (N6/5132-16 და N6/5132-16) მიმართა ავტორიზებულმა პირმა  შპს „G-Connect“-მა. წერილების შესაბამისად ავტორიზებული პირი ითხოვს კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ინტერნეტ მომსახურების შესახებ, სტატისტიკური ფორმა 4.1(მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) და 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი- აბონენტი კვარტალში) კომისიამ ცნოს კომერციულ საიდუმლოებად.

   კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირი კომისიას,  კომისიის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესაბამისად, სისტემატურად უგზავნის სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციას ინტერნეტ მომსახურების შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგ დეტალურ მონაცემებს: ინტერნეტ პაკეტების სიჩქარე, პაკეტების შესაბამისი ღირებულება, შესაბამისი აბონენტების რაოდენობა და შემოსავლები. კომისია განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, რადგან იგი წარმოადგენს კომპანიის ძირითად რესურსს მარკეტინგული სტრატეგიის თვალსაზრისით, კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის  პირველი ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

      კომისიამ განიხილა ავტორიზებული პირის წერილები წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნავს შემდეგს:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების და  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეყილების ნაწილობრივ ძალდაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2016 წლის 11 თებერვლის  N95/19  გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ინფორმაცია:

ფორმა 4.1-ში (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - ივსება ყოველთვიურად):

1.       დასახლებული პუნქტი;

2.       მფლობელობის/ხელშეკრულების ტიპი (იურიდიული ან ფიზიკური);

3.       ტექნოლოგია (CDMA, Fiber,Wi-Fi და ა.შ.);

4.       პაკეტის მინიმალური/მაქსიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მინიმალური გლობალური სიჩქარე);

5.       პაკეტის დასახელება;

6.       პაკეტის ღირებულება;

7.       აბონენტები;

8.       ახალი აბონენტი;

9.       შემოსავალი;

10.    დღგ;

ფორმა 4.2-ში (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში - ივსება ყოველკვარტლურად):

1.       დასახლებული პუნქტი;

2.       მფლობელობის ტიპი/ხელშეკრულების (იურიდიული ან ფიზიკური);

3.       ტექნოლოგია (CDMA, Fiber,Wi-Fi და ა.შ.);

4.       პაკეტის მინიმალური/მაქსიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მინიმალური გლობალური სიჩქარე);

5.       პაკეტის დასახელება;

6.       პაკეტის ღირებულება;

7.       აბონენტები;

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.

4. კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული მომსახურების, კერძოდ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება ავტორიზებულ პირებს დაკისრებული აქვთ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე  კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“.  ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დააკმაყოფილოს ავტორიზებული პირების მოთხოვნა, კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების: 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში)  პაკეტურ ჭრილში კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. ამავე დროს, კომისია განმარტავს, რომ ვინაიდან ავტორიზებული პირის მიერ შევსებული და კომისიაში წარმოდგენილი 4.1-ი და 4.2-ი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები შეიცავს ასევე ინფორმაციას ავტორიზებული პირების  აბონენტების ოდენობების შესახებ კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული კონკრეტული პაკეტების ჭრილში, ასევე ინფორმაციას აღნიშნული პაკეტების ჭრილში შემოსავლებისა და გადასახადების თაობაზე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დაკმაყოფილდეს ავტორიზებული პირების მოთხოვნა, ვინაიდან კომისიის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია კონკურენტი კომპანიების მიერ განისაზღვროს, თუ ავტორიზებული პირის  მიერ შექმნილი რომელი კომერციული პროდუქტი (პაკეტი, სატარიფო გეგმა, აქცია) აღმოჩნდა ბაზრისთვის და შესაბამისად აბონენტებისთვის უფრო მიმზიდველი, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებამ კი კომისიის აზრით შესაძლოა ზიანი მიაყენოს ავტორიზებული პირის კონკურენტუნარიანობას.

      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ავტორიზებული პირის მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი კომისიის შემდეგ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები:

1. ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ.

2.ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების ოდენობების შესახებ.

 კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლისა, 98-ე მუხლის  და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ    კენჭისყრის შედეგად:

:

1. ავტორიზებული პირი შპს „G-Connect“-ის მოთხოვნა  დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი შემდეგი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები:

ა) ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ;

ბ) ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების ოდენობების შესახებ;

2. კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების 4.1 და 4.2 ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაცია ნებისმიერ სხვა ჭრილში ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზებული პირისთვის ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ;

3. ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულიმა ავტორიზებულმა პირმა ზემოთ მითითებულ ვადაში ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევის შესახებ  დაუყოვნებლივ  აცნობოს კომისიას;

4. ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზებული პირის მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის   მე–2 ნაწილის შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილების სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზებული პირისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზებული პირისათვის ჩაბარების დღიდან.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული პირისათვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).

   კომისიის თავმჯდომარე                                      ვახტანგ აბაშიძე                   

   კომისიის წევრი                                                     კახა ბექაური

   კომისიის წევრი                                                     გიორგი ფრუიძე

   კომისიის წევრი                                                     მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები