წვდომის მენიუ

„ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 384 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 30, 2016 13:02

მიღების თარიღი ივნისი 14, 2016

ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი  მიმართულებები, რომლის საფუძველზეც შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული  „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციები“, რომლითაც, ასევე განისაზღვრა ადგილობრივი საეთერო მაუწყებლებისათვის, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის/მულტიპლექს პლატფორმის ფორმირებისათვის საჭირო სიხშირული რესურსის მაუწყებლისათვის მინიჭების საკითხები და ქსელების აგების ვადები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით  (ძალაში შევიდა 2014 წლის 27 თებერვალს. სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341), ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) დაეკისრა გარკვეული ვალდებულებები, რომელთა შესასრულებლად, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომისიას განესაზღვრა  ვალდებულება იხელმძღვანელოს „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341)  საფუძველზე,  კომისიამ 2014 წლის 28 ნოემბერს მიიღო №661/13 გადაწყვეტილება ,,ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე”.

2016 წლის 18 მაისს, საქართველოს მთავრობის №862 განკარგულებით მოწონებულ იქნა ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციების II ეტაპი, რომლითაც, არსებული მდგომარეობისა და ადგილობრივი მაუწყებლების თხოვნის გათვალისწინებით, ადგილობრივ მაუწყებლებს/ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანებებს ადგილობრივი მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის/მულტიპლექს პლატფორმის სრულად ფორმირების ვადად განესაზღვრათ, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული  სამოქმედო გეგმისა და კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებისაგან  განსხვავებული ვადა, არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტი, ხოლო მოთხოვნის  არსებობის შემთხვევაში,  მულტიპლექს პლატფორმის სრულად ფორმირებისათვის და მულტიპლექს პლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან მსურველი (საქართველოს ფარგლებში ავტორიზებული) მაუწყებლების არადისკრიმინაციული დაშვებისათვის, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადა. ადგილობრივ მაუწყებლებს/ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანებებს, ასევე განესაზღვრათ მათ მიერ ფორმირებული ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის/მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით საკუთარი სამაუწყებლო კონტენტის გატარების ვალდებულება 2016 წლის 1 ივნისამდე. ამავდროულად განისაზღვრა კომისიის უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გააუქმოს ადგილობრივი მაუწყებლისათვის, ხოლო ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების შემთხვევაში ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანებისათვის  ან/და ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების იმ მაუწყებლისათვის, რომელიც ვერ ასრულებს ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რადიოსიხშირებული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ,,ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის № 661/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა.

საქართველოს   ზოგადი  ადმინისტრაციული    კოდექსის   63-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ,,ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე)  უზრუნველყონ   წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული  გადამცემი სადგურის/სადგურების გამოყენებით ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების სრულად ფორმირება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში;“;

ბ) მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყონ მულტიპლექს პლატფორმის სრულად ფორმირება და მულტიპლექს პლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან მსურველი (საქართველოს ფარგლებში ავტორიზებული) მაუწყებლების არადისკრიმინაციული დაშვება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში“.

2.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 28 ნოემბრის №661/13 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებულ მაუწყებლებს განემარტოთ:

ა) უზრუნველყონ საკუთარი სამაუწყებლო კონტენტის გავრცელება მათ მიერ ფორმირებული მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღრულ ვადაში;

ბ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია გააუქმოს ადგილობრივი მაუწყებლისათვის, ხოლო ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების შემთხვევაში ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანებისათვის  ან/და ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების იმ მაუწყებლისათვის, რომელიც ვერ ასრულებს ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რადიოსიხშირებული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება.; 

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის  ადგილობრივი მაუწყებლებისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა (ი. ხარებავა);

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე), კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი) და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში.   

კომისიის    თავმჯდომარე                                           ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის    წევრი                                                       ელისო ასანიძე

კომისიის    წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                       მერაბ ქათამაძე  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები