წვდომის მენიუ

შპს „NEO.NET“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 405 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2016 16:37

მიღების თარიღი ივნისი 16, 2016

შპს „NEO.NET-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 05 აპრილის Nშ-10/3159-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „NEO.NET“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 26-ე  მუხლის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (05.04.16 Nშ-10/3159-16) თანახმად, შპს „NEO.NET“-ის მიერ შეცვლილ იქნა კომპანიის პარტნიორები, კერძოდ 2013 წლის 24 იანვრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში კომპანიის დამფუძნებლებად ფიქსირდებიან:  გიორგი ღვინიაშვილი - 50%  და კობა უსენაშვილი - 50%, ხოლო 2014 წლის 24 აპრილის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან ამონაწერში კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად მითითებულია კობა უსენაშვილი. ასევე შეიცვალა კომპანიის დირექტორი - გიორგი ღვინიაშვილის ნაცვლად შპს „NEO.NET“-ის  დირექტორად დაინიშნა კობა უსენაშვილი.

შპს „NEO.NET“-ს  დამფუძნებლისა და დირექტორის ცვლილების თაობაზე კომისიისათვის არ უცნობებია. დირექტორის ცვლილების თაობაზე კომისიისათვის ცნობილი გახდა კომპანიის მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის წარმოდგენისას, ხოლო დამფუძნებლის ცვლილება კომისიისთვის ცნობილი გახდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად.

შპს „NEO.NET“-ს არ მოუმართავს კომისიისთვის წილის გაყიდვაზე თანხმობის მისაღებად.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 17.05.16 Nშ-10/4489-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „NEO.NET“-ის მიერ კომისიის თანხმობის გარეშე წილის მფლობელთა განხორციელებულ ცვლილებებს, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია.

კომისის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 16 ივნისი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „NEO.NET“-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2016 წლის 16 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „NEO.NET“-ის დირექტორი კობა უსენაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიას არ ჰყავს იურისტი და მისთვის არ იყო ცნობილი კანონისმიერი ვალდებულებების თაობაზე.

II. კომისიისმიერადმინისტრაციულიწარმოებისპროცესშიშესწავლილიმტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 05 აპრილის Nშ-10/3159-16 სამსახურებრივი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2016 წლის 17 მაისის Nშ-10/4489-16 სამსახურებრივი ბარათი;
  3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან შპს „NEO.NET“-ის ამონაწერები (24.01.2013, 25.04.2014) და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან  შპს  „NEO.NET“-ის   შესახებ  მონაცემები;
  4. შპს „NEO.NET“-ის დირექტორის კ.უსენაშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული  2016 წლის 16 ივნისის კომისიის სხდომაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „NEO.NET“ 2013 წლის 25 იანვრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2.1  ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა, A.F.3.2. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა, B.F.2.6. ინტერნეტ მომსახურება.)
  2. შპს „NEO.NET“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. 2014 წლის 25 აპრილს  შეიცვალა შპს „NEO.NET“-ის დამფუძნებელი, კერძოდ, შპს „NEO.NET“-ის დამფუძნებელმა გიორგი ღვინიაშვილმა (50%-ის მფლობელი) გაყიდა თავისი წილი და კომპანიის დამფუძნებელი, 100%-იანი წილის მფლობელი გახდა კობა უსენაშვილი;
  4. შპს „NEO.NET“-ს თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ არ მოუმართავს კომისიისათვის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის   26-ე მუხლის შესაბამისად და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ამავე კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად;
  5. ზემოაღნიშნული ცვლილებების თაობაზე კომპანიას წერილობით არ უცნობებია კომისიისათვის და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში არ წარმოუდგინა სათანადო დოკუმენტები;
  6. შპს „NEO.NET“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებულ ცვლილებებს, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე გავლენა არ მოუხდენია;
  7. შპს „NEO.NET“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
  7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის (დარღვევის ჩადენის დღისათვის მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
  8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
  9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  10. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

შპს „NEO.NET“-ის მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, თავისი წილის  გასხვისებით, დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი. კომპანიის წილის მფლობელის ცვლილების თაობაზე შპს „NEO.NET“-ს კომისიისათვის უნდა ეცნობებინა ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში და წარედგინა სათანადო დოკუმენტები,  რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, შპს „NEO.NET“-ის მიერ დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და გ) ქვეპუნქტები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის   სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „NEO.NET“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.  

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

  1.  შპს „NEO.NET“-ს მიეცეს გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების  შპს „NEO.NET“-ისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს     „NEO.NET“-ისათვის   ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6 ) შპს „NEO.NET“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილს) შპს „NEO.NET“-ის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები