წვდომის მენიუ

შპს ,,ჯეოსელისთვის“ შპს ,,გლობალ ერთთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 409 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2016 12:02

მიღების თარიღი ივნისი 16, 2016

შპს ,,ჯეოსელისთვის“ შპს ,,გლობალ ერთთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ

განმცხადებელი: შპს ,,ჯეოსელი“

მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,გლობალ ერთი“

მოთხოვნა: შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,გლობალ ერთს“ შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღება, მათ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე,  შპს ,,გლობალ ერთის“ მიერ შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ არსებული ფინანსური დავალიანების სრულად დაფარვამდე.

I. აღწერილობითი ნაწილი

2016 წლის 6 ივნისს, შპს ,,ჯეოსელმა“ განცხადებით (№შ-6/5209-16; 6.06.2016) მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა შპს ,,გლობალ ერთთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, იმ საფუძვლით, რომ მათ შორის 2016 წელს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,გლობალ ერთს” მის მიმართ გააჩნია ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა, 2016 წლის 31 მაისის მდგომარეობით, შეადგენს 855 406 ლარს.

2016 წლის 9 ივნისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელის“ განცხადების (№შ-6/5209-16; 6.06.2016) განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 16 ივნისს, რის შესახებ წერილობითი შეტყობინებებით ეცნობათ შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,გლობალ ერთს“.  შეტყობინებასთან ერთად,  შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით,  შპს ,,გლობალ ერთს” გადაეგზავნა შპს ,,ჯეოსელის“ განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. მას,  ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.

2016 წლის 16 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლ.გიორგაძე და შპს ,,გლობალ ერთის“ დირექტორი გ.მაჩიტაძე.

კომისიის სხდომაზე, შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას (№შ-6/5209-16; 6.06.2016), აღნიშნა, რომ შპს ,,გლობალ ერთის“ დავალიანება 2016 წლის 14 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 485273 ლარს და მოითხოვა მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, მათ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე,  შპს ,,გლობალ ერთის“ მიერ შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ არსებული ფინანსური დავალიანების სრულად დაფარვამდე. ამასთან მან განაცხადა, რომ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელი“ არ შეაჩერებს შპს ,,გლობალ ერთთან“ მოქმედ ურთიერთჩართვას, თუ შპს ,,გლობალ ერთი“ არ გაზრდის არსებულ დავალიანებას (485273 ლარი)  და იმავდროულად დაიწყებს ამ დავალიანების დაფარვას.

კომისიის სხდომაზე, შპს ,,გლობალ ერთის” დირექტორმა აღიარა ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ არსებული ფინანსური დავალიანება 485273 ლარის ოდენობით და აღნიშნა, რომ შპს ,,გლობალ ერთი“ ყოველდღიურად ფარავს არსებულ დავალიანებას და მას სჭირდება გარკვეული დრო დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით, რაზედაც მოლაპარაკებებს აწარმოებს შპს ,,ჯეოსელთან“.

2016 წლის 16 ივნისის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ  ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. შპს ,,ჯეოსელის“ 2016 წლის 6 ივნისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5209-16);

2. შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,გლობალ ერთს“ შორის 2016 წელს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება;

3. კომისიის სხდომაზე შპს ,,ჯეოსელისა“ და შპს ,,გლობალ ერთის” წარმომადგენლების მიერ მიცემული  ახსნა-განმარტებები;

4. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,ჯეოსელისა“ და შპს ,,გლობალ ერთის“ თაობაზე.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,გლობალ ერთს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები  წესრიგდება მხარეებს შორის  2016 წელს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით;

2. შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,გლობალ ერთს“ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტის შესაბამისად, შპს ,,გლობალ ერთი“ ვალდებულია მიღებული ურთიერთჩართვის მომსახურებისთვის მოახდინოს ანგარიშსწორება ხელშეკრულებაში აღნიშნული პირობებისა და ვადების შესაბამისად; 3.2.12 პუნქტის თანახმად, განუხრელად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ხოლო 5.1. პუნქტის თანახმად, შპს ,,გლობალ ერთი“ ვალდებულია დაუყონებლივ (არაუგვიანეს 1 სამუშაო დღეში) გადაუხადოს შპს ,,ჯეოსელს“ მიღებული ურთიერთჩართვის მომსახურების ღირებულება, თუ გაწეული მომსახურების ღირებულება გაუტოლდება მის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიით გათვალიწინებულ თანხას ან/და სრულად გაიხარჯება ავანსის სახით გადახდილი თანხა;

3. შპს ,,გლობალ ერთი” აღიარებს მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის გაწეული მომსახურებისათვის  ფინანსურ ვალდებულებებს შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ 485 273 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულია და უდავოა მოქმედი ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე შპს ,,გლობალ ერთის” მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ 485 273 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვის ვალდებულება ეკისრება შპს ,,გლობალ ერთს“. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ჯეოსელს“ უნდა მიეცეს თანხმობა შპს ,,გლობალ ერთთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე შპს ,,გლობალ ერთის“ მიერ აღნიშნული ფინანსური დავალიანების სრულად დაფარვამდე. ამავე დროს, კომისია ყურადღებას ამახვილებს შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლის განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელი“ არ შეაჩერებს შპს ,,გლობალ ერთთან“ მოქმედ ურთიერთჩართვას, თუ შპს ,,გლობალ ერთი“ არ გაზრდის არსებულ დავალიანებას (485273 ლარი)  და იმავდროულად დაიწყებს ამ დავალიანების დაფარვას.

II.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად,  ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3  პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,გლობალ ერთის“ მიერ შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ, ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე, არსებული ფინანსური ვალდებულების - 485 273 ლარის 10 კალენდარული დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელს" მიეცეს თანხმობა შპს ,,გლობალ ერთთან" მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, აღნიშნული ფინანსური ვალდებულების შესრულებამდე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეოსელისათვის“ და შპს ,,გლობალ ერთისათვის” გაგზავნა (ი.ხარებავა);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშემწყობ დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები