წვდომის მენიუ

შპს ,,ჯეოსელისთვის“ შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 410 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2016 12:04

მიღების თარიღი ივნისი 16, 2016

შპს ,,ჯეოსელისთვის“ შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ

განმცხადებელი: შპს ,,ჯეოსელი“

მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,მაიფონი“

მოთხოვნა: შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,მაიფონს“ შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღება, მათ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე,  შპს ,,მაიფონის“ მიერ შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ არსებული ფინანსური დავალიანების სრულად დაფარვამდე.

I. აღწერილობითი ნაწილი

2016 წლის 6 ივნისს, შპს ,,ჯეოსელმა“ განცხადებით (№შ-6/5210-16; 6.06.2016) მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, იმ საფუძვლით, რომ მათ შორის 2016 წელს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,მაიფონს” მის მიმართ გააჩნია ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა, 2016 წლის 31 მაისის მდგომარეობით, შეადგენს 265 595 ლარს.

2016 წლის 9 ივნისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელის“ განცხადების (№შ-6/5210-16; 6.06.2016) განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 16 ივნისს, რის შესახებ წერილობითი შეტყობინებებით ეცნობათ შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,მაიფონს“.  შეტყობინებასთან ერთად,  შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით,  შპს ,,მაიფონს” გადაეგზავნა შპს ,,ჯეოსელის“ განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. მას,  ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.

2016 წლის 16 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლ.გიორგაძე და შპს ,,მაიფონის“ დირექტორი ქ.ჩლაიძე.

კომისიის სხდომაზე, შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას (№შ-6/5210-16; 6.06.2016), აღნიშნა, რომ შპს ,,მაიფონის“ დავალიანება 2016 წლის 14 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 126847 ლარს და მოითხოვა მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, მათ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე,  შპს ,,მაიფონის“ მიერ შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ არსებული ფინანსური დავალიანების სრულად დაფარვამდე. ამასთან მან განაცხადა, რომ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელი“ არ შეაჩერებს შპს ,,მაიფონთან“ მოქმედ ურთიერთჩართვას, თუ შპს ,,მაიფონი“ არ გაზრდის არსებულ დავალიანებას (126847 ლარი)  და იმავდროულად დაიწყებს ამ დავალიანების დაფარვას.

კომისიის სხდომაზე, შპს ,,მაიფონის“ დირექტორმა აღიარა ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანება 126847 ლარის ოდენობით და აღნიშნა, რომ შპს ,,მაიფონმა“ დაფარა დავალიანების ნაწილი და კომპანია ზომებს იღებს დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით.

2016 წლის 16 ივნისის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ  ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებები:

1. შპს ,,ჯეოსელის“ 2016 წლის 6 ივნისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5210-16);

2. შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,მაიფონს“ შორის 2016 წელს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება;

3. კომისიის სხდომაზე შპს ,,ჯეოსელისა“ და შპს ,,მაიფონის” წარმომადგენლების მიერ მიცემული  ახსნა-განმარტებები;

4. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,ჯეოსელისა“ და შპს ,,მაიფონის“ თაობაზე.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,მაიფონს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები  წესრიგდება მხარეებს შორის  2016 წელს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით;

2. შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,მაიფონს“ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტის შესაბამისად, შპს ,,მაიფონი“ ვალდებულია მიღებული ურთიერთჩართვის მომსახურებისთვის მოახდინოს ანგარიშსწორება ხელშეკრულებაში აღნიშნული პირობებისა და ვადების შესაბამისად; 3.2.12 პუნქტის თანახმად, განუხრელად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ხოლო 5.1. პუნქტის თანახმად, შპს ,,მაიფონი“ ვალდებულია დაუყონებლივ (არაუგვიანეს 1 სამუშაო დღეში) გადაუხადოს შპს ,,ჯეოსელს“ მიღებული ურთიერთჩართვის მომსახურების ღირებულება, თუ გაწეული მომსახურების ღირებულება გაუტოლდება მის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიით გათვალიწინებულ თანხას ან/და სრულად გაიხარჯება ავანსის სახით გადახდილი თანხა;

3. შპს ,,მაიფონი” აღიარებს მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის გაწეული მომსახურებისათვის  ფინანსურ ვალდებულებებს შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ 126 847 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულია და უდავოა მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპს ,,მაიფონის” მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ 126 847 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვის ვალდებულება ეკისრება შპს ,,მაიფონს“. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ჯეოსელს“ უნდა მიეცეს თანხმობა შპს ,,მაიფონთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე შპს ,,მაიფონის“ მიერ ფინანსური დავალიანების სრულად დაფარვამდე. ამავე დროს, კომისია ყურადღებას ამახვილებს შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლის განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელი“ არ შეაჩერებს შპს ,,მაიფონთან“ მოქმედ ურთიერთჩართვას, თუ შპს ,,მაიფონი“ არ გაზრდის არსებულ დავალიანებას (126847 ლარი)  და იმავდროულად დაიწყებს ამ დავალიანების დაფარვას.

II.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად,  ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3  პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,მაიფონის“ მიერ შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ, ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე, არსებული ფინანსური ვალდებულების - 126 847 ლარის 10 კალენდარული დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელს" მიეცეს თანხმობა შპს ,,მაიფონთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, აღნიშნული ფინანსური ვალდებულების შესრულებამდე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეოსელისათვის“ და შპს ,,მაიფონისათვის” გაგზავნა (ი.ხარებავა);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშემწყობ დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე - 12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები