საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთა შეფასების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 10:41
მიღების თარიღი ივნისი 16, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთა შეფასების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულება, რომლითაც შეიცვალა კომისიის აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციათა განაწილება.
კომისია აღნიშნავს, რომ აუცილებელია კომისიის აპარატში დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პროფესიული ზრდის პოტენციალის შეფასება ატესტაციის გზით, რათა მოხდეს მოქმედი და ახალი დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებთან შესაბამისობის დადგენა. კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის აპარატში დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შეფასება უნდა განხორციელდეს ატესტაციის გზით. აუცილებელია ატესტაცია ჩატარდეს ორ ეტაპად:
ა.კომისიის აპარატში დასაქმებულთა პროფესიული ზრდისა და ზოგადი უნარების სტანდარტიზებული ტესტების მეშვეობით შეფასება;
ბ.კომისიის აპარატში დასაქმებულთაკომპეტენციის, მოტივაციისა და სხვა პროფესიული შესაძლებლობების გასაუბრების მეშვეობით შეფასება.
კომისიაში არ მოქმედებს (და არ მოქმედებდა) აპარატში დასაქმებულთა შესრულებული სამუშაოს შეფასების და აპარატში დასაქმებულთა კომპეტენციისა და/ან ზრდის პოტენციალის შესაფასებელი სტანდარტიზებული, სანდო და ვალიდური მეთოდოლოგია. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნული განხორციელდეს კომისიისგან დამოუკიდებელი, პროფესიული ორგანიზაციის მიერ.
ამ მიზნით, კომისიამ უნდა შეისყიდოს ზოგადი უნარების და მენეჯერული უნარების ტესტების შექმნის, ადმინისტრირების და აპელაციის მომსახურება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის,103-ე, 104-ე, 105-ე მუხლების, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.კომისიის აპარატში დასაქმებულთა კვალიფიკაციის, პროფესიული შესაძლებლობებისა და ზრდის პოტენციალის (უნარების) შეფასება განხორციელდეს ატესტაციის გზით;
2. ატესტაცია განხორციელდეს ორ ეტაპად: ა) სტანდარტიზებული ტესტებისა და ბ) გასაუბრების გზით;
3. ატესტაციის პროცესში შეფასდეს:
3.1. კომისიის აპარატში დასაქმებულთა ზოგადი უნარები GRE ტიპის ტესტის, ხოლო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის - მენეჯერული უნარების ტესტის მეშვეობით;
3.2. კომისიის აპარატში დასაქმებულთა მოტივაცია, კომპეტენცია და პროფესიული შესაძლებლობები შეფასდეს სტრუქტურირებული ინტერვიუს მეთოდით, გასაუბრების ეტაპზე.
4. ატესტაციის პროცესისთვის განისაზღვროს:
4.1. ატესტაციის თითოეული ეტაპისა და თითოეული ეტაპის შემადგენელი კომპონენტის წონა;
4.2. ატესტაციის მინიმალური გამსვლელი ქულა.
5. დაევალოს კომისიის კონსულტანტს რეორგანიზაციის საკითებში თამარ ბოკუჩავას 2016 წლის 23 ივნისამდე:
5.1. ამ გადაწყვეტილების პირველი, მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტების გათვალისწინებით ატესტაციის წესისა და სახელმძღვანელო პრინციპების პროექტის კომისიისათვის წარდგენა;
5.2. ტესტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების (RFP) კომისიისათვის წარდგენა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში.
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის თავმჯდომარეს (ვ.აბაშიძე).
|
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი ელისო ასანიძე კომისიის წევრი კახი ბექაური კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
