წვდომის მენიუ

შპს „რადექსისათვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

ნომერი: 422 / 3

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2016 16:13

მიღების თარიღი ივნისი 23, 2016

               

შპსრადექსისათვის  ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/2013-16, 29.02.2016) საიდანაც ირკვევა, რომ შპს „რადექსი“ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ კანონისმიერ ვალდებულებებს, კერძოდ  2015 წლის თებერვლის თვის შემდეგ არ წარმოადგენს კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს და არ იხდის რეგულირების საფასურს.  

 კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2016 წლის 20 მაისის №შ-10/4660-16 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/4785-16, 23.05.2016)  დამატებით ეცნობა, რომ შპს ,,რადექსს“ 2015 წლის თებერვლის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, ხოლო კომპანიის მიერ წინა თვეებში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების მიხედვით, შპს „რადექსს“ ერიცხება 37.14 ლარის ოდენობის დავალიანება კომისიის წინაშე.

კომისიის აპარტის სამართლებრივ დეპარტამენტს 2016 წლის 20 მაისის Nშ10/4659-16 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (N10/4760-16, 23.04.2016) ეცნობა, რომ შპს „რადექსს“ კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში წარმოდგენილი აქვს 2013 წლის მაისიდან 2015 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ფორმა N1.1 (შემოსავლები), რომელთა შესაბამისად ირკვევა, რომ კომპანიას 2013 წლის სექტემბრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით დაფიქსირებული აქვს შემოსავალი (სხვა საცალო საკომუნიკაციო მომსახურება - სხვა), რომლის ოდენობაც შეადგენს 103,663 ლარს დღგ-ს გარეშე, ხოლო 2015 წლის აპრილის თვიდან 2015 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს ნულოვანი გაანგარიშებები. ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „რადექსს“ 2016 წლის 23 მაისის მდგომარეობით წარმოსადგენი აქვს შემდეგი ფორმები:

  • ფორმა N1.1 (შემოსავლები) – 2016 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის აპრილის თვის ჩათვლით;
  • ფორმა N1.2 (თანამშრომლები) – 2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით;
  • ფორმა N1.3 (ინვესტიციები) – 2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით;

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური (N10/4760-16, 23.05.2016) და საფინანსო (N10/4785-16, 23.05.2016) დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათების, ასევე საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N10/2013-16, 29.02.2016) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016  წლის 25 მაისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს ,,რადექსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016  წლის 2 ივნისს.  აღნიშნულის თაობაზე შპს ,,რადექსს“ ეცნობა შეტყობინებით (№03/1513-16; 24.05.2016), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.  მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  შპს „რადექსს“ ვერ ჩაბარდა, თუმცა, შეტყობინება გაგზავნილი იქნა იმ მისამართზე, რა მისამართიც კომპანიის მიერ იყო მითითებული და რომელიც დაცულია კომისიის უწყებრივ რეესტრში. 

კომისიის 2016 წლის 2 ივნისის სხდომაზე,  რომელსაც არ ესწრებოდა შპს „რადექსის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი,  აღინიშნა, რომ კომპანიას ვერ ბარდება შეტყობინება იმის მიუხედავად, რომ შეტყობინება იგზავნება იმ მისამართზე,  რომელზეც შპს „რადექსს“ 2015  წლის 23 დეკემბერს ჩაბარდა კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის N756/18  გადაწყვეტილება „შპს „რადექსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.  კომისიამ, 2016 წლის 2 ივნისის სხდომაზე  მიიღო გადაწყვეტილება საკითხის განხილვის 2016 წლის 16 ივნისისათვის გადადების თაობაზე, ხოლო კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალა ხელახალი შეტყობინების მომზადება  და შპს „რადექსისათვის“ გადაგზავნა.

 საკითხის განხილვა გაიმართა 2016 წლის 16 ივნისის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი,  მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინებები  (N03/1513-16, 24.05.2016; N03/1659-16, 08.06.2016) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, სხდომის გადადების, მისი  ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ასევე გაგზავნილ  იქნა შპს „რადექსის“ მიერ მითითებულ მისამართზე.

კომისიის გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2016 წლის 23 ივნისს, 15:00 საათზე, ხოლო კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალა შეტყობინების მომზადება და შპს „რადექსისათვის“ გადაგზავნა.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა სამსახურებრივი ბარათი (N10/5971-16, 23.06.2016), რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ შპს „რადექსი“ ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას აღარ ახორციელებს, რაც შპს „რადექსის“ საქმიანობის დადგენის მიზნით F22 ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირულ რესურსზე განხორციელებული რადიომონიტორინგით დასტურდება.  კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  შპს „რადექსი“  2013 წლის აგვისტოს თვიდან 2015  წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ფლობდა F22 ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირეებს, რაც მას ესაჭიროებოდა ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2016 წლის 23 ივნისის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „რადექსის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა შეტყობინება  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე წარმოების დაწყების,  სხდომის გადადების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ 2016 წლის 21 ივნისს კომისიის ოფიცალურ ვებ-გვერდზე  საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული. კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ  უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  შპს „რადექსის“ დაუსწრებლად.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის  აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/4760-16, 23.05.2016);
  2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/4785-16, 23.05.2016);
  3. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ -10/2013-16; 29.02.2016);
  4. კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის  №05/2233-15 წერილი და ამ წერილის შპს ,,რადექსისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040030118577; ჩაბარების თარიღი: 7.10.2015);
  5. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 23 ივნისის N10/5971-16 სამსახურებრივი ბარათი შპს „რადექსის“ საქმიანობის შეჩერების თაობაზე;
  6. კომისიის 2013 წლის 2 აგვისტოს N478/5 გადაწყვეტილება„შპს „ჯითიეს“-სა და შპს „რადექს“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F22 ლიცენზიის გადაპირების შესახებ“ ;
  7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „რადექსის“  შესახებ მონაცემები.
    III.  კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს  „რადექსი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 27.05.2013; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოვებული მომსახურებით უზრუნველყოფა);

2. შპს  „რადექსი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, ინფორმაციულ-ანალიტიკური და საფინანსო დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათებით დადგინდა, რომ შპს „რადექსი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში,  ერთობლივად  კომისიაში არ წარმოადგენს რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს, არ იხდის რეგულირების საფასურს და არ ეწევა  ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას;

IV.    გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

 „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე/მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

შპს ,,რადექსისათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა 2016  წლის 23 ივნისის კომისიის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191  მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნატის შესაბამისად,  კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას, არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან  წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას, არ იხდის რეგულირების საფასურს.  მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „რადექსის“  მიერ კომისიაში  წარმოდგენილია 2015 წლის მარტის თვიდან  2015 წლის დეკემბერის თვის ჩათვლით პერიოდის  სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვანი გაანგარიშებები,  ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (ბოლო წარმოდგენა 2015 წლის თებერვალი), კომპანიის მიერ არ არის გადახდილი რეგულირების საფასური და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 23 ივნისის N10/5971-16 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად  კომპანია არ ეწევა ავტორიზებულ საქმიანობას, შპს „რადექსს“  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა შეუჩერდეს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

V  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის,43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების  და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს „რადექსს“,  კომისიის ინიციატივით შეუჩერდეს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2.  განემარტოს შპს „რადექსს“, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ  შემთხვევებში კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

3.  განემარტოს შპს „რადექსს“, რომ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება;

ბ) შპს „რადექსისათვის“ გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

გ) შპს „რადექსის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                კომისიის თავმჯდომარის

          მოვალეობის შემსრულებელი                                მერაბ ქათამაძე                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

            კომისიის წევრი                                                      ელისო ასანიძე

            კომისიის წევრი                                                      კახი ბექაური

            კომისიის წევრი                                                      გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები