საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2016 18:56
მიღების თარიღი ივნისი 28, 2016
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია") განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №3/5924-16, 22.06.16) მომართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 2016 წლის 30 ივნისს საქართველოში დაგეგმილი გერმანის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, რადიოკავშირისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს კომისია ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით გამოყენებისთვის. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ 30 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, საქართველოში გერმანის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა ორი დღის ვადით.
კომისიის მიერ ნებართვით გაცემული სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა გადაეცეს სხვა პირს.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლები, გარდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსი ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავისუფლებულია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა F 1342 და მიენიჭოს 390.0375 მჰც და 390.1125 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 12.5 კჰც) ქ. თბილისში, ორი დღის ვადით 30 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
