წვდომის მენიუ

შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 436 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2016 16:52

მიღების თარიღი ივნისი 30, 2016

შპსჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ისათვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

  1. I.             საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული, საფინანსო და ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათები (N10/3382-16, 13.04.2016; №შ-10/4786-16, 23.05.2016; N10/4759-16, 23.05.2016) საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში მოხსენიებული კონტრაჰენტი ოპერატორი შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენსი“ ავტორიზაციის გავლის დღიდან (17.04.2015) არ ასრულებს მასზე დაკისრებულ კანონისმიერ ვალდებულებებს, კერძოდ კომისიაში არ წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებს და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, ასევე არ იხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“  2016 წლის 19 თებერვალს გაეგზავნა კომისიის წერილი №05/593-16, რომლითაც კომპანიას ეცნობა,  რომ კომისიის 2016 წლის  11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით მოხდა კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცება. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონულ კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელს ყველა პირს, ასევე მაუწყებლებს  დაევალათ გადაწყვეტილების დანართ №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი პერიოდულობით. ზემოაღნიშნული წერილით შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“ განემარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. აღნიშნული წერილი კომპანიას 2016 წლის 22 აპრილს ჩაბარდა.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური (N10/4759-16, 23.05.2016) და საფინანსო (N10/4759-16, 23.05.2016) დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად,  2016  წლის 8 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს ,,ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016  წლის 16 ივნისს.  აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ს ეცნობა შეტყობინებით (№03/1658-16; 08.06.2016), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ  შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ს 2016 წლის 8 ივნისს ჩაბარდა (გზავნილის კოდი: AP01000880123).   

კომისიის 2016 წლის 16 ივნისის სხდომას ესწრებოდა შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი ჯ. გველებიანი, რომელმაც აღიარა შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშს“-ის  მიერ კანონდარღვევის ფაქტი და აღნიშნა, რომ კომპანიამ სხდომამდე რამოდენიმე წუთით ადრე კომისიაში სრულად წარმოადგინა  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ჯ. გველებიანმა კომისიის 2016 წლის 16 ივლისის სხდომაზე დამატებით განაცხადა, რომ შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენ“-ს  წარმოსადგენი რჩება რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები,  რომელთა წარმოდგენა და  შესაბამისი რეგულირების საფასურის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა კომპანიის მიერ უახლოვეს მომავალში განხორცილდება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგლებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დამატებითი მოკვლევის მიზნით გადატანილ იქნა 2016 წლის 30 ივნისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიის წარმომადგენელი გაფრთხილდა კანონით დადგენილი წესით.

კომისია აღნიშნავს,  რომ 2016 წლის 29 ივნისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10/6198-16, 29.06.2016), რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ 2016 წლის 24 ივნისს შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-მა კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის აპრილის თვიდან 2015 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით  და 2016 წლის იანვარის თვიდან 2016 წლის  მაისის თვის ჩათვლით რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და განახორციელა შესაბამისი საფასურის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2016 წლის 29 ივნისის მდგომარეობით შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ს   კომისიის წინაშე დავალიანება აღარ ერიცხება.

  2016 წლის 30 ივნისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2016 წლის 29 ივნისის №შ-10/6186-16 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/6199-16, 30.06.2016) ეცნობა, რომ 2016 წლის აპრილის თვეში შპს „ჯეოსელის“ მიერ განხორციელდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კორექტირება, რის შედეგადაც,  შპს „ჯეოსელის“  სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმებში (ფორმა N5.3) დაფიქსირდა ახალი კომპანია შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ი, რომელიც 2015 წლის 15 ივნისის თვიდან შპს „ჯეოსელის“ კონტრაჰენტ ოპერატორს წარმოადგენს.  აღნიშნული სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა,  რომ შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-მა  2016 წლის აპრილის თვეში კომისიაში წარმოადგინა ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა არასრულყოფილად და კომპანიას კვლავ წარმოსადგენი რჩება 2016 წლის მაისის თვის  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.  კერძოდ: ფორმა N5.2 (ურთიერთჩართვა არარეზიდენტ ოპერატორთან) და ფორმა N5.3  (ურთიერთჩართვა რეზიდენტ ოპერატორთან).

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2016 წლის 30 ივნისს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ის წარმომადგენელი ჯ. გველებიანი, რომელმაც განმარტა, რომ კომპანიის მიერ 2016 წლის 16 ივნისს წარმოდგენილ სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმებში არ არის ასახული 2016 წლის მაისის თვის ფორმები N5.2 და N5.3. კომპანიის წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დამატებით განაცხადა, რომ 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ყველა სხვა დარღვევა  შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ის მიერ აღმოფხვრილია.

კომისიის 2016 წლის 30 ივნისის სხდომაზე კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსმა გ. კვერენჩხილაძემ განაცხადა, რომ შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ის მიერ კომისიაში დაგვიანებით წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებიდან და კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 15 ივნისიდან შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ი წარმოადგენს შპს „ჯეოსელის“ კონტრაჰენტ ოპერატორს,  თუმცა აღნიშნული კომისიისთვის ცნობილი გახდა  მხოლოდ 2016 წლის აპრილის თვეში შპს „ჯეოსელის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დაკორექტირების შემდგომ.  შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ა და შპს „ჯეოსელს“  შორის 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებულია ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რაც მხოლოდ შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ გამოვლინდა. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსმა გ. კვერენჩხილაძემ დამატებით განმარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა და ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, რათა განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული  კანონისმიერი ვალდებულებება კი არც ერთი კომპანიის მიერ არ ყოფილა შესრულებული.  

  1. II.     კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
  2. კომისიის  აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/4759-16, 23.05.2016);
  3. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/4786-16, 23.05.2016);
  4. კომისიის 2016  წლის 19 თებერვლის  №05/593-16 წერილი და ამ წერილის შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: AP01000665704; ჩაბარების თარიღი: 22.04.2016);
  5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ის  შესახებ მონაცემები;
  6. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის სამსახურებრივი ბარათი შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმების წარმოდგენის თაობაზე (N10/6198-16, 29.06.2016);
  7. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული-დეპარტამენტის 2016 წლის 30 ივნისის სამსახურებრივი ბარათი შპს „ჯოდო-ტელეკომუნიკეიშენს“-ის მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების არასრულად წარმოდგენის თაობაზე (N10/6199-16, 30.06.2016);
  8. შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ის წარმომადგენლის ჯ. გველებიანის  2016 წლის 16 და 30 ივნისის კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
  9. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის გ. კვერენჩხილაძის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის სხდომაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს  „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენსი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 17.04.2015; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება);

2. შპს  „ჯოდო ტელეკომუნიკეისენსი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე/ მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით; აღნიშნულის თაობაზე შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“  2016 წლის 19 თებერვალს გაეგზავნა კომისიის წერილი №05/593-16, რომლიც კომპანიას 2016 წლის 22 აპრილს ჩაბარდა;

5. შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ს ავტორიზაციის გავლის დღიდან (17.04.2015) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (8.06.2016) არ ჰქონდა შევსებული და კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი  სტატისტიკური ანგარიშგების არც ერთი ფორმა;

6. შპს  „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“ ავტორიზაციის გავლის დღიდან (17.04.2015) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (8.06.2016) კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშები და არ ჰქონდა ჩარიცხული რეგულირების შესაბამისი საფასური;

7. შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-მა 2015 წლის 24 ივნისს კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის აპრილი - დეკემბრის და 2016 წლის იანვარ - მაისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და განახორციელა რეგულირების საფასურის ჩარიცხვა კომისიის ანგარიშზე;

8.  შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-მა 2016 წლის 16 ივნისს კომისიაში არასრულად წარმოადგინა  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. კომპანიას გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოსადგენი ჰქონდა 2016 წლის მაისის თვის ფორმა N5.2 (ურთიერთჩართვა არარეზიდენტ ოპერატორებთან) და ფორმა N5.3 (ურთიერთჩართვა რეზიდენტ ოპერატორებთან);

7.  შპს ,,ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე/მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის, კანონითა და კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით, ასევე კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით არასრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენით შპს ,,ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ის მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, ხოლო კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენით და კანონით დადგენილი ვადების დარღვევით რეგულირების საფასურის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაფრთხილების საფუძველია.

 კომისიას ასევე მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიმართ უნდა დაიწყოს ახალი ადმინისტრაციული წარმოება, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით და 34-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო,  ვინაიდან, საქმის განხილვის სტადიაზე, გამოვლიდნა, რომ შპს „ჯეოსელს“ როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს არ ჰქონდა კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისი  ურთიერთჩართვის ხელშეკრულება,  რისი ვალდებულებაც მას გააჩნია.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულირების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“  მიეცეს გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ჯეოსელისათვის“  შეტყობინების გაგზავნა მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით და 34-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;

3.  უზრუნველყოს შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-მა  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, კერძოდ: 2016 წლის მაისის თვის ფორმების N5.2 და N5.3,  კომისიაში  10 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ისათვის ჩაბარება;

5.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“ -ის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ჯოდო ტელეკომუნიკეიშენს“-ისათვის  ჩაბარების დღიდან;

7.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) კომპანიისათვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-3  პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური  დეპარტამენტის უფროსს (რ. სხირტლაძე);

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-4 და მე-8 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (გ. კვერენჩხილაძეს).

                კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

                კომისიის წევრი                                                               კახი ბექაური

                კომისიის წევრი                                                              გიორგი ფრუიძე

                კომისიის წევრი                                                               მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები