წვდომის მენიუ

შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიას” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 8 მაისის №311/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 437 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2016 11:04

მიღების თარიღი ივნისი 30, 2016

შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიას” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის  2013 წლის 8 მაისის №311/6  გადაწყვეტილებაში ცვლილებების  შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №№7/5236-16, 6/5258-16, 07.06.2016წ.) მიმართა შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიამ“ მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს №B18 ლიცენზიის ქვესახეობად საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (გასართობი/შემეცნებითი) რადიომაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოთხოვნა ძირითადად განპირობებულია ფინანსური სიძნელეებით. კომპანიას ამ ეტაპზე არ გააჩნია არანაირი შემოსავალი. მომავალშიც მწირი შემოსავალი მხოლოდ რეკლამიდან ელოდება, რაც არ იქნება საკმარისი იმისათვის რომ გაკეთდეს საინფორმაციო და პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემები. გარდა ამისა კომპანიის მიერ ჩატარებულმა მსმენელის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქ. თბილისსა და მის შემოგარენში უფრო აქტუალურია გასართობი და შემეცნებითი ხასიათის გადაცემები და ხარისხიანი მუსიკა.   

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანია” ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B18 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2013 წლის 8 მაისის №311/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 100,3 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/5461-16, 14/06/2016) თანახმად, “ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისი, მდებარეობს N259 სამაუწყებლო ზონაში. „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 10 მარტის N160/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, N259 სამაუწყებლო ზონაში რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები განსაზღვრულია შემდეგნაირად:

1. სათემო რადიომაუწყებლობა;

2. საერთო რადიომაუწყებლობა;

3.  სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა;

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მოქმედი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შესაბამისად ქ. თბილისში (ზონა N259) საერთო  რადიომაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა, დეპარტამენტის აზრით ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხს, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის კერძო მაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 8 მაისის №311/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2016 წლის 28 ივლისის 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                               კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                               გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                               მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები