წვდომის მენიუ

შპს „ა+ბ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 441 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2016 11:06

მიღების თარიღი ივნისი 30, 2016

შპს „ა+ბ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

  1. საქმის აღწერა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა (№შ-10/3159-16; 05.04.2016) და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/4489-16; 17.05.2016) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ა+ბ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „ა+ბ“-ს მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3159-16; 05.04.2016) თანახმად, შპს „ა+ბ“-ს მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. ადმინისტრაციული დეპარტამენტის განმარტებით, შპს „ა+ბ“-მ კანონით დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა ინფორმაცია წილის მფლობელთა ცვლილების შესახებ. აღნიშნულ სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის შპს „ა+ბ“-ს შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურდიულ პირთა რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B13051304; ამონაწერის მომზადების თარიღი: 02/12/2011; 10:41:27).

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (№შ-10/4489-16; 17.05.2016) სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ა+ბ”-ს წილის შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობის მოთხოვნით კომისიისთვის არ მოუმართავს. ამავე სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ა+ბ“-ს მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებულ წილის მფლობელთა ცვლილებებს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია.

შპს „ა+ბ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 16 ივნისი. შპს „ა+ბ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ შპს „ა+ბ“-ს გაეგზავნა შეტყობინება (N03/1853-16 10.06.2016)  და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით მას   განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2016 წლის 16 ივნისს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ა+ბ“-ს წარმომადგენელი და არც მისთვის სხდომის გამართვის თაობაზე წერილობითი შეტყობინების (N03/1853-16; 10.06.2016) ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისიამ გადადო საკითხის განხილვა 2016 წლის 30 ივნისისთვის, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებით (N03/2241-16; 27.06.2016) ეცნობა შპს „ა + ბ“-ს.

კომისიის 2016 წლის 30 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ა+ბ“-ს წარმომადგენელი. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ა+ბ-ს კომისიის შეტყობინება  (N03/2241-16; 27.06.2016) 2016 წლის 27 ივნისს ჩაბარდა და შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო კომპანიის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია განიხილოს შპს „ა+ბ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხი, შპს „ა+ბ“-ს წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:         

  1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/3159-16; 05.04.2016) თანდართული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურდიულ პირთა რეესტრის ამონაწერით შპს „ა+ბ“-ს შესახებ (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B13051304; ამონაწერის მომზადების თარიღი: 02/12/2011; 10:41:27);
  2. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/4489-16; 17.05.2016);
  3. კომისიის შეტყობინება  (N03/1853-16 10.06.2016)  და შპს „საქართველოს ფოსტის“ უკუგზავნილი;
  4. კომისიის შეტყობინება (N03/2241-16; 27.06.2016) და აღნიშნული შეტყობინების შპს „ა+ბ“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. შპს „ა+ბ“-ს შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

 III.    კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „ა+ბ“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 15.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა ((კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი (ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. 2010 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს „ა+ბ“ წილის მფლობელები იყვნენ: ზაზა ანჯაფარიძე 10 %-ით, ზურაბ ბალავაძე 25 %-ით, ომარი ანჯაფარიძე, მარიამი ანჯაფარიძე 15 %-ით, ლაშა ახობაძე 17 %-ით, ლეილა დოლიძე 16.50 %-ით და მამუკა ხაღულაშვილი 16.50 %-ით (მეწარმეთა და  და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურდიულ პირთა რეესტრის ამონაწერი (ამონაწერის მომზადების თარიღი: 13.10.2010; 16:37:03; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B10124190);
  3. 2011 წლის 26 ოქტომბერს, მეწარმეთა და  და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურდიულ პირთა რეესტრში შპს „ა+ბ“-ს რეგისტრირებულ მონაცემებში შევიდა ცვლილება, კერძოდ, კომპანიის 10 %-იანი წილის მფლობელი ზაზა ანჯაფარიძის ნაცვლად გახდა ზვიადი ხაჩიაშვილი (მეწარმეთა და  და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურდიულ პირთა რეესტრის ამონაწერი (ამონაწერის მომზადების თარიღი:26/10/2011 15:46:12; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B11151507);
  4. შპს „ა+ბ“-ს არ მიუმართავს კომისიისთვის თავისი წილის გასხვისების  განზრახვის შესახებ. შესაბამისად,  შპს „ა+ბ“-ს   არ მიუღია კომისიისგან თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;
  5. შპს „ა+ბ“-ს არ უცნობებია კომისიისთვის წილის მფლობელის ცვლილების თაობაზე;
  6. შპს „ა+ბ“-ს წილის მფლობელის ცვლილებას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია;
  7. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ა+ბ“-ს მიმართ გამოყენებული არ ყოფილა  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე იდენტური/ერთგვაროვანი დარღვევისთვის.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;
  6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
  7. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2011 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;  დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
  8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
  9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  10. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე კომპანიის წილის გასხვისებით შპს „ა+ბ“-ს მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი, ხოლო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების, კერძოდ, წილის მფლობელის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს „ა+ბ“-ს მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ა+ბ”-ს  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა იდენტური/ერთგვაროვანი დარღვევისთვის, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ა+ბ“-ს წილის მფლობელის ცვლილებას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია, მას არ უნდა დაეკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენა კომისიაში.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე მუხლების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და გ) ქვეპუნქტების, 26-ე,  43-ე და  44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „ა+ბ”-ს  მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და  გ)  ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;
  2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ა+ბ”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა:
  3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია)  შპს ,, ა+ბ”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ა+ბ”-ისთვის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ა+ბ”-ისთვის  ჩაბარების დღიდან;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                   გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                   მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები