შპს ,,ჯეოსელისთვის“ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2016 10:51
მიღების თარიღი ივნისი 30, 2016
შპს ,,ჯეოსელისთვის“ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
განმცხადებელი: შპს ,,ჯეოსელი“
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“
მოთხოვნა: შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღება, მათ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ არსებული ფინანსური დავალიანების შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ მიერ სრულად დაფარვამდე.
I. აღწერილობითი ნაწილი
2016 წლის 20 ივნისს, შპს ,,ჯეოსელმა“ განცხადებით (№შ-6/5750-16; 20.06.2016) მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯია” არღვევს მათ შორის 2016 წლის 3 ივნისს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებს, კერძოდ, შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მის მიმართ გააჩნია ფინანსური ვალდებულება, რომლის ოდენობა, 2016 წლის 18 ივნისის მდგომარეობით, შეადგენს 106 486 ლარს.
2016 წლის 21 ივნისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელის“ განცხადების (№შ-6/5750-16; 20.06.2016) განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 30 ივნისს, რის შესახებ წერილობითი შეტყობინებებით ეცნობათ შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“. შეტყობინებასთან ერთად, შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით, შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” გადაეგზავნა შპს ,,ჯეოსელის“ განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.
2016 წლის 30 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლ.გიორგაძე და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ დირექტორი გ.ხანჯალაძე.
კომისიის სხდომაზე, შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას (№შ-6/5750-16; 20.06.2016), აღნიშნა, რომ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“ დაფარა დავალიანების ნაწილი და მოითხოვა მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ მიერ შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ დარჩენილი დავალიანების სრულად დაფარვამდე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან. ამასთან, მან განაცხადა, რომ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელი“ არ შეაჩერებს შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან“ მოქმედ ურთიერთჩართვას, თუ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“ არ გაზრდის არსებულ დავალიანებას და იმავდროულად დაიწყებს ამ დავალიანების დაფარვას.
კომისიის სხდომაზე, შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიამ დაფარა ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანების ნაწილი და კომპანია ზომებს იღებს დარჩენილი დავალიანების - 28000 ლარის დაფარვის მიზნით. ასევე განაცხადა, რომ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“ დარჩენილი დავალიანების დაფარვამდე თვითონ შეაჩერებს საერთაშორისო ზარების გაშვებას შპს ,,ჯეოსელის“ მიმართულებით.
2016 წლის 30 ივნისის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებები:
1. შპს ,,ჯეოსელის“ 2016 წლის 20 ივნისის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5750-16);
2. შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შორის 2016 წლის 3 ივნისს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება;
3. კომისიის სხდომაზე შპს ,,ჯეოსელისა“ და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” წარმომადგენლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები;
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,ჯეოსელისა“ და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ თაობაზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება მხარეებს შორის 2016 წლის 3 ივნისს დადებული ხელშეკრულებით;
2. შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 3.2.12 პუნქტის თანახმად, შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“ ვალდებულია განუხრელად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები; 3.2.5 პუნქტის შესაბამისად, მიღებული ურთიერთჩართვის მომსახურებისთვის მოახდინოს ანგარიშსწორება ხელშეკრულებაში აღნიშნული პირობებისა და ვადების შესაბამისად; 5.1. პუნქტის თანახმად, შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“ ვალდებულია დაუყონებლივ (არაუგვიანეს 1 სამუშაო დღეში) გადაუხადოს შპს ,,ჯეოსელს“ მიღებული ურთიერთჩართვის მომსახურების ღირებულება, თუ გაწეული მომსახურების ღირებულება გაუტოლდება მის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიით გათვალიწინებულ თანხას ან/და სრულად გაიხარჯება ავანსის სახით გადახდილი თანხა;
3. შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯია” აღიარებს მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის გაწეული მომსახურებისათვის ფინანსურ ვალდებულებებს შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ 28 000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულია და უდავოა მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ 28000 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვის ვალდებულება ეკისრება შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“. შესაბამისად, შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ განცხადების გათვალიწინებით - შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“ დავალიანების დაფარვამდე თვითონ შეაჩერებს საერთაშორისო ზარების გაშვებას შპს ,,ჯეოსელის“ მიმართულებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ჯეოსელს“ უნდა მიეცეს თანხმობა შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის მიერ მხარეებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ მიერ ფინანსური დავალიანების სრულად დაფარვამდე. ამავე დროს, კომისია ყურადღებას ამახვილებს შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლის განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიღების შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელი“ არ შეაჩერებს შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან“ მოქმედ ურთიერთჩართვას, თუ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“ არ გაზრდის არსებულ დავალიანებას და იმავდროულად დაიწყებს ამ დავალიანების დაფარვას.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ მიერ შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე არსებული ფინანსური ვალდებულების - 28000 ლარის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელს" მიეცეს თანხმობა შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის მიერ მხარეებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ მიერ ფინანსური დავალიანების სრულად დაფარვამდე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეოსელისათვის“ და შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასათვის” გაგზავნა (ი.ხარებავა);
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშემწყობ დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე - 12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
