,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის № 571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2016 12:13
მიღების თარიღი ივნისი 30, 2016
,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის № 571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგოში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 მაისის N302/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებით რეგულაციაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომებზე 2016 წლის 14 ივნისს, 21 ივნისს, 28 ივნისს და 30 ივნისს. სხდომებს ესწრებოდნენ შპს „გუდვილკომის“, სს „გლობალ ერთის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, და შპს „მაგთიკომის“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“, შპს „ალტერნეტის“, შპს „მაიფონის“, შპს „პრემიუმ ნეტ ინტერნეიშენალის“, სს „სილქნეტის“ და შპს „ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა (დ. გოგიჩაიშვილი) წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე არსებული რეგულაციით გამოწვეული შედეგების თაობაზე. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის, კერძოდ ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა ავტორიზებული პირების უცხოურ კომპანიებთან ანგარიშსწორებისას დისბალანსის მაქსიმალური შემცირება (განსაკუთრებით რეგიონში არსებულ ქვეყნებთან - რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, უკრაინა, თურქეთი).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას 2016 წლის 13 აპრილს №16/04/13-2 წერილით მიმართა შპს „მაგთიკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/33496-16), საერთაშორისო ზარებზე მოქმედ რეგულაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. კერძოდ, შპს „მაგთიკომი“ ითხოვდა საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ერთიანი ზღვრული ტარიფების დადგენას როგორც ქსელის მფლობელი, ასევე ტრანზიტორი ოპერატორებისათვის, ან ქსელის მფლობელი ოპერატორებისათვის მათ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებაზე ტარიფის დამოუკიდებლად დადგენის უფლების მინიჭებას.
გარდა ამისა, როგორც სამუშაო შეხვედრებზე, ასევე ზეპირი მოსმენის სხდომაზე ავტორიზებულმა პირებმა დასვეს საკითხი, რათა ტრანზიტული ოპერატორებისათვის ქსელის მფლობელი ოპერატორის მიერ განისაზღვროს საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მოცულობები (ე.წ. კვოტები) და ამ ტერმინაციის მოცულობების შესაბამისი საფეხურებრივი ტარიფები, რომელიც განისაზღვრება ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ ტრანზიტორ ოპერატორებთან შეთანხმებით და გამოქვეყნებულ იქნება მოწვევის ოფერტებში. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „გუდვილკომმა“, სს „გლობალ ერთმა“, შპს „კავკასუს ონლაინმა“ და შპს „მაგთიკომმა“ კომისიაში წარმოადგინეს ხელმოწერილი მემორანდუმი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, მაკედონია, ბელგია, ხორვატია, ნორვეგია. წყარო: http://www.culleninternational.com/product/documen-ts/FLTEEU20150102) დასაშვებად იქნა ცნობილი საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე არაევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის ურთიერთჩართვის ტარიფებისაგან განსხვავებული ე.წ. „კომერციული ტარიფების“ დაწესება. გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი იყო იმ დისბალანსის აღმოფხვრა, რასაც წარმოშობდა ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების ოპერატორებს შორის ანგარიშსწორება.
კომისიამ, საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკის გაითვალისწინებით, გაიზიარა ავტორიზებული პირების პოზიცია იმის თაობაზე, რომ ქსელის მფლობელ ოპერატორებს მიეცეთ მათ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებაზე ტარიფის დამოუკიდებლად დადგენის უფლება. ამასთან, კომისიამ ასევე გაიზიარა ავტორიზებული პირების მოთხოვნა, რათა ტრანზიტული ოპერატორებისათვის განისაზღვროს საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მოცულობები და ამ ტერმინაციის მოცულობების შესაბამისი ტარიფები.
წარმოდგენილ პოზიციას დაეთანხმნენ შპს „გუდვილკომის“, სს „გლობალ ერთის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, და შპს „მაგთიკომის“,შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“, შპს „ალტერნეტის“, შპს „მაიფონის“, შპს „პრემიუმ ნეტ ინტერნეიშენალის“, სს „სილქნეტის“ და შპს „ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება მოძრავ და ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე საფეხურებრივი ტარიფი დადგინდეს ოპერატორის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტრაფიკის მოცულობის მიხედვით. საფეხურებრივი ტარიფის დადგენა გულისხმობს ქსელის მფლობელი ოპერატორის ქსელში სხვა ავტორიზებული პირის მიერ ზარის დასრულებისათვის იმგვარი სატარიფო გეგმის შედგენას, სადაც ქსელში დასრულებული ტრაფიკის მოცულობასთან ერთად გაიზრდება მომსახურების ღირებულებაც, კერძოდ ავტორიზებული პირის მიერ საწყის ეტაპზე ტრაფიკის განსაზღვრულ მოცულობაზე დადგენილი ტარიფი გაიზრდება ტრაფიკის მოცულობის ზრდასთან ერთად. ამასთან ერთად, მეორე და შემდგომ საფეხურზე დადგენილ ტარიფსა და პირველ საფეხურზე დადგენილ ტარიფს შორის განსხვავება უნდა შეადგენდეს 25%-ს და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი არ უნდა იყოს მის მიერ მეორე საფეხურზე დადგენილ ტარიფზე ნაკლები. შესაბამისად, ტრანზიტულ ოპერატორებს საშუალება მიეცემათ კონკურენცია გაუწიონ ქსელის მფლობელ ოპერატორებს საერთაშორისო ზარის დასრულების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა: „ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა“.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას ცვლილება:
ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებს - შპს ,,ჯეოსელი”, შპს ,,მაგთიკომი”, შპს ,,მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მიეცეთ კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) ტარიფისაგან განსხვავებული (საფეხურებრივი) ტარიფის დაწესების უფლება შემდეგი პირობებით:
ა) მოძრავ და ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე საფეხურებრივი ტარიფი უნდა დადგინდეს ოპერატორის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტრაფიკის მოცულობის მიხედვით;
ბ) მეორე და შემდგომ საფეხურზე დადგენილი ტარიფი უნდა იყოს პირველ საფეხურზე დადგენილ ტარიფზე 25 %-ით მეტი;
გ) მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი არ უნდა იყოს მის მიერ მეორე საფეხურზე დადგენილ ტარიფზე ნაკლები;“;
ბ) გადაწყვეტილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დაევალოთ შპს ,,ჯეოსელს”, შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,მობიტელს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალი ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 20 ივლისამდე გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოადგინონ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა); მოწვევის ოფერტაში ასახული უნდა იქნეს მიწოდების არსებითი პირობები, მათ შორის:
ა.ა) საერთაშორისო ზარის დასრულების რაოდენობების მიხედვით საფეხურებრივი ტარიფები განზომილების შესაბამის ერთეულებში - ა.შ.შ. დოლარი/წუთი;
ა.ბ) ანგარიშსწორების პირობები;
ა.გ) მოწვევის ოფერტის მოქმედების არანაკლებ 6-თვიანი ვადა.
ბ) მოქმედი მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა კომისიაში წარმოადგინოს საჯაროდ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის არსებით პირობებში, შესაძლო ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე დოკუმენტაცია და მოქმედი მოწვევის ოფერტის ვადის დასრულებამდე 10 კალენდარული დღით ადრე გამოაქვეყნოს ახალი (ან მოდიფიცირებული პირობებით) მოწვევის ოფერტა.“;
გ) გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნას;
დ)გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან და მოქმედების ვადა განისაზღვროს 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;“;
2. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 აგვისტოდან;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
