საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2016 17:20
მიღების თარიღი ივლისი 05, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ და სს „სილქნეტმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის N6/5992-16, 23.06.2016) და წარმოადგინეს კომპანიებს შორის 2016 წლის 22 ივნისს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, 2010 წლის 9 მარტის N10-285 ხელშეკრულებაზე.
კომისიაში 2016 წლის 23 ივნისს წარმოდგენილი დამატებითი შეთანხმების შესაბამისად, მოქმედების ვადა გაუგრძელდა სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებულ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ N10-285 ხელშეკრულებას 2019 წლის 23 ივლისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 24 აპრილის N220/5 გადაწყვეტილებითსს „გაერთიანებული ტელეკომი“ ფლობდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას, რომელიც კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებით და სს „სილქნეტსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების (N10-285) შესაბამისად, პირდაპირი გადაპირების წესით დროებით სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა სს „სილქნეტს“ 2013 წლის 12 მარტამდე. 2013 წლის 19 თებერვალს გაფორმებული დამატებითი შეთანხმების №10-285/1 საფუძველზე, კომისიის 2013 წლის 15 აპრილის N257/19 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მფლობელად 2013 წლის 23 ივლისამდე განისაზღვრა სს „სილქნეტი“. კომპანიებს შორის 2013 წლის 22 ივლისს გაფორმებული დამატებითი შეთანხმებისა და კომისიის 2015 წლის 9 სექტემბრის N553/19 გადაწყვეტილების საფუძველზე ცვლილება შევიდა კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მფლობელად 2016 წლის 23 ივლისამდე კვლავ განისაზღვრასს „სილქნეტი“.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზია ითვალისწინებს შემდეგ სალიცენზიო პირობებს:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც;
ბ) დანიშნულება: მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის;
გ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 23 ივლისამდე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაპირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. გამომდინარე იქიდან, რომ სს “სილქნეტი“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას ფლობს სს “გაერთიანებული ტელეკომთან“ 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული გადაპირების N10-285 ხელშეკრულების და კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილების საფუძველზე და სს “სილქნეტს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2016 წლის 22 ივნისს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებულ გადაპირების ხელშეკრულებაში ცვლილებას, ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილებების შეტანა კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში და ამ მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში დასკვნის წარმოდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2016 წლის 2 აგვისტოს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში კომისიისთვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
