შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2016 16:17
მიღების თარიღი ივლისი 05, 2016
შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
მხარეები:
საჩივრის ავტორი: ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
წარმომადგენელი: ვ. მამულია
მოწინააღმდეგე მხარე: შპს „სტუდია მაესტრო“
წარმომადგენელი: ნ. ქურდოვანიძე
დავის საგანი: სარეკლამო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით მაუწყებლის ეთერში განთავსება
I.დავის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 23 ივნისს ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (შემდგომში „საია“) კომისიას მიმართა საჩივრით (Nშ-6/5969-16) შპს „სტუდია მაესტროსთან“, სოციალური რეკლამის განთავსების თაობაზე, დავის განხილვის მოთხოვნით. აღნიშნული საჩივრის თანახმად, საიამ წერილობით მიმართა (08.06.2016 Nგ-06/108-16) შპს „სტუდია მაესტროს“ სოციალური რეკლამის განთავსების თხოვნით; საიას საჩივრის თანახმად, რეკლამა შეეხება მოქალაქეების ინფორმირებას ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემატიკასთან დაკავშირებით. შპს „სტუდია მაესტრომ“ უარი განუცხადა საის რეკლამის განთავსებაზე და აცნობა შემდეგი: „სამწუხაროდ შპს „სტუდია მაესტრო“-ს და „საიას“ შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე იძულებულები ვართ თქვენს თხოვნაზე უარი განგიცხადოთ. საიამ მიიჩნია, რომ სოციალური რეკლამის განთავსებაზე მაუწყებლის უარი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
საიას საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული აქვს:
- მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი, რომლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია, როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტი, ითვალისწინებს, რომ მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მაუწყებელს აკისრია გარკვეული ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, მათ შორის ერთ-ერთ ასეთ ვალდებულებას წარმოადგენს სოციალური რეკლამის ეთერში განთავსება. სოციალური რეკლამა ემსახურება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მიუღებელია მისი განთავსების შეზღუდვა მაუწყებლის მიერ.
საიას მოთხოვნები:
- შესწავლილ იქნას შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი;
- კომისიამ განუმარტოს შპს „სტუდია მაესტროს“ სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულება და წესი;
- დაევალოს შპს „სტუდია მაესტროს“ ეთერში გაუშვან საიას მიერ 2016 წლის 8 ივნისის კორესპონდენციით წარდგენილი სოციალური რეკლამა;
- შპს „სტუდია მაესტროს“, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
საიას საჩივრის (23.06.2016 Nშ-6/5969-16) საფუძველზე, საიას საჩივრის კომისიის მიერ განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით, კომისიის სხდომა დაინიშნა 2016 წლის 5 ივლისს. სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით ეცნობათ, როგორც საიას, ისე შპს „სტუდია მაესტროს“ და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
2016 წლის 5 ივლისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ საიას წარმომადგენელი ნ. ქურდოვანიძე და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი ვლადიმერ მამულია.
საიას წარმომადგენელმა ნ. ქურდოვანიძემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ საჩივარს და განაცხადა, რომ საიას მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა კრიტერიუმს.
შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელმა ვ. მამულიამ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საიას არასწორი საფუძვლით ეთქვა უარი რეკლამის განთავსებაზე და საიას მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის შპს „სტუდია მაესტროს“ ეთერში განთავსებაზე უარის თქმის რეალურ მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.
- „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
- „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან საია სადაოდ ხდის, მის მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის, შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების თაობაზე უარის თქმის საკითხს, „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან გამომდინარე სწორედ კომისიას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და ამავე დროს, დაკისრებული ვალდებულება განახორციელოს სამაუწყებლო რეკლამის სფეროში, რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს წარმოებაში საიას საჩივარი და შესაბამისად დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება საიას საჩივრის განხილვის მიზნით.
III.სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტების, 70-ე მუხლის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 და 21-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ საიას საჩივრის (23.06.2016 Nშ-6/5969-16) განხილვის მიზნით;
- საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 21 ივლისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსა“ და საიასათვის გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
