შპს „ეარ ლინქისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2016 10:37
მიღების თარიღი ივლისი 07, 2016
შპს „ეარ ლინქისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I.საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 05 აპრილის Nშ-10/3159-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ეარ ლინქისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (05.04.16 Nშ-10/3159-16) თანახმად, შპს „ეარ ლინქის“ მიერ შეცვლილ იქნა კომპანიის პარტნიორები, კერძოდ 2012 წლის 05 დეკემბრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში კომპანიის დამფუძნებლებად ფიქსირდებიან: გიგი გოცირიძე - 40%, კარენ დარბინიანი - 40% და თამარ მუჯირი -20%, ხოლო 2013 წლის 26 მარტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში კომპანიის წილის მფლობელებად მითითებულნი არიან: თამარ მუჯირი - 20% და არმენ დარბინიანი -80%.
შპს „ეარ ლინქს“ დამფუძნებლების ცვლილების თაობაზე კომისიისათვის არ უცნობებია. აღნიშნული კომისიისთვის ცნობილი გახდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად.
შპს „ეარ ლინქს“ არ მოუმართავს კომისიისთვის წილის გაყიდვაზე თანხმობის მისაღებად;
კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 17.05.16 Nშ-10/4489-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ეარ ლინქის“ მიერ კომისიის თანხმობის გარეშე წილის მფლობელთა განხორციელებულ ცვლილებებს, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია.
კომისის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 16 ივნისი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ეარ ლინქს“, თუმცა საფოსტო გზავნილი არ ჩაბარდა კომპანიას მის იურიდიულ მისამართზე, საკითხის გახილვა გადაიდო 2016 წლის 30 ივნისისათვის, თუმცა გზავნილი კვლავ არ ჩაბარდა კომპანიას.
საკითხის განხილვა გადაიდო 2016 წლის 7 ივლისისათვის და ვინაიდან, კომისიის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შპს „ეარ ლინქს“ ვერ ჩაბარდა შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ, შპს „ეარ ლინქისათვის“ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ეარ ლინქის“ დაუსწრებლად.
II. კომისიისმიერადმინისტრაციულიწარმოებისპროცესშიშესწავლილიმტკიცებულებები
- კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 05 აპრილის Nშ-10/3159-16 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2016 წლის 17 მაისის Nშ-10/4489-16 სამსახურებრივი ბარათი;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ეარ ლინქის“ ამონაწერები (20.02.2013, 08.11.2013) და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ეარ ლინქის“ შესახებ მონაცემები;
- კომისიის მიერ შპს „ეარ ლინქისათვის“ გაგზავნილი შეტყობინებები (N03/2167-16 და N03/1847-16) და უკუგზავნილები, ასევე კომისიის ვებ-გვერდზე საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებული შეტყობინება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „ეარ ლინქი“ 2012 წლის 6 დეკემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2.1 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა, A.F.3.2. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა, B.F.2.6. ინტერნეტ მომსახურება.)
- შპს „ეარ ლინქი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
- 2013 წლის 26 მარტს შეიცვალნენ შპს „ეარ ლინქის“ დამფუძნებლები, კერძოდ, შპს „ეარ ლინქის“ დამფუძნებლებმა გიგი გოცირიძემ (40%-ის მფლობელი) და კარენ დარბინიანმა (40%-ის მფლობელი) თავინთი წილი მიყიდეს არმენ დარბინიანს. სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების შემდეგ, თამარ მუჯირი ფლობს კომპანიის 20%-იან წილს და არმენ დარბინიანი 80%-იან წილს.
- შპს „ეარ ლინქს“ თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ არ მოუმართავს კომისიისათვის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ ტრანზაქციის განხორციელებასთან დაკავშირებით, ამავე კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად.
- ზემოაღნიშნული ცვლილებების თაობაზე კომპანიას წერილობით არ უცნობებია კომისიისათვის და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში არ წარმოუდგენია სათანადო დოკუმენტები.
- შპს „ეარ ლინქის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებულ ცვლილებებს, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე გავლენა არ მოუხდენია.
- შპს „ეარ ლინქის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის (დარღვევის ჩადენის დღისათვის მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
შპს „ეარ ლინქის“ მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, თავისი წილის გასხვისებით, დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი. კომპანიის წილის მფლობელის ცვლილების თაობაზე შპს „ეარ ლინქს“ კომისიისათვის უნდა ეცნობებინა ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში და წარედგინა სათანადო დოკუმენტები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, შპს „ეარ ლინქის“ მიერ დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „ეარ ლინქი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „ეარ ლინქს“ მიეცეს გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ეარ ლინქისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ეარ ლინქისათვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6 ) შპს „ეარ ლინქისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილს) შპს „ეარ ლინქის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
