ქ. ბორჯომში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2016 16:19
მიღების თარიღი ივლისი 14, 2016
ქ. ბორჯომში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 5 მაისის N289/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. ბორჯომში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე103.9მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2016 წლის 5 მაისის N289/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 6 ივნისის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 9 ივნისის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2016 წლის 8 ივლისი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 14 ივლისი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2016 წლის 5 მაისის N289/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს ”რადიოცენტრი პლუსმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/5201-16, 06.06.2016წ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 9 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”რადიოცენტრი პლუსის” დირექტორი ინგა დადიანი ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2016 წლის 5 მაისის N289/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსის პირობებს. კერძოდ: საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში ხარვეზით იყო წარმოდგენილი ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.
კომისიის 2016 წლის 9 ივნისის №356/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”რადიოცენტრი პლუსს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2016 წლის 16 ივნისის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2016 წლის 15 ივნისს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (წერილი №6/5493-16).
ზეპირი მოსმენა ქ. ბორჯომში (სიხშირეზე 103.9მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2016 წლის 8 ივლისს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”რადიოცენტრი პლუსის” დირექტორი ინგა დადიანი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/6416-16, 04.07.2016) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს ”რადიოცენტრი პლუსის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”. შპს ”რადიოცენტრი პლუსის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები.
შპს ”რადიოცენტრი პლუსის” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, შპს „რადიო პალიტრა“ მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
საინფორმაციო მიმართულება
ახალი ამბები
,,მთავარი დღეს“
რადიო ’’პალიტრის ძირითადი ღერძია ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებები. სანდო, ოპერატიული და აქტუალური ინფორმაცია ყოველ ნახევარ საათში.
საეთერო დრო:
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 08:00 – 21:00 (საათში ერთხელ)
- 08:00 – 12:30 ყოველ ნახევარ საათში 18:00 დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება ,,ზუსტად 6-ზე“
- შაბათი/კვირა - 10:00 – 21:00 (საათში ერთხელ)
„ბიზნეს ნიუსი“
ახალი ამბები ბიზნესის სფეროდან www.bpn.ge -ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყოველ ნახევარ საათში. საეთერო დრო: 08:30; 09:30; 10:30; 11:30; 12:30.
,,პრესთაიმი“
ყოველ სამუშაო დღეს, რადიო ’’პალიტრის’’ მსმენელი პირველი იგებს, რა ქვეყნდება ქართულ ბეჭდურ მედიაში. ეცნობა პრესის მოკლე მიმოხილვას - პოპულარული გაზეთებისა და ჟურნალების მთავარ თემებს, მნიშვნელოვან აქცენტებს, განსხვავებულ პოზიციებს. საეთერო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:15; 11:15;12:15 საათზე
საზოგადოებრივ - პოლიტიკური მიმართულება
საზოგადოებრივ - პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში რადიო პალიტრა მსმენელს სთავაზობს კომპეტენტური ექსპერტებისა და ცნობილი წამყვანების ანალიტიკურ პროგრამებს, საავტორო თოქ-შოუებსა და პოლიტიკურ დისკუსიებს.
პოლიტიკური თოქ-შოუები:
„მეხუთე სართულზე„
პოლიტიკური თოქ - შოუ ნათია გამცემლიძესთან ერთად მათთვის: ვისაც აინტერესებს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება და სურს მოუსმინოს მათ - ვისაც აქვს ამბიცია მართოს ჩვენი ქვეყანა; ვისთვისაც მნიშვნელოვანია პრობლემები, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს; საეთერო დრო: სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით. 18:30 საათზე.
„ამომრჩეველმა უნდა იცოდეს! „
კობა ბენდელიანის პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემა, სამუშაო კვირის ბოლოს. რადიო ”პალიტრის” მსმენელი, არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური სუბიექტებისგან, კონკრეტულ პასუხებს მიიღებს პარტიების პოლიტიკური გეგმების შესახებ. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს ვინ მოიყვანოს ქვეყნის სათავეში, ვის მისცეს ხმა და რატომ. ამ გადაცემიდან მსმენელი ბევრ რამეს შეიტყობს იმ ადამიანების პოლიტიკურ გეგმებზე, ვისაც ხელისუფლებაში დარჩენა ან მოსვლა უნდა. საეთერო დრო: ყოველ პარასკევს, 18:30 საათზე.
’’მოკლე ჩართვა’’ .
ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ყველაზე ინტერაქტიული შოუ ’’მოკლე ჩართვა’’. გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ ზურაბ თვაურს, სტუმარად ჰყავს - ხალხი, აუდიტორია, მსმენელი. ისინი გამოთქვამენ ყველაზე მოულოდნელ, თამამ, პრინციპულ, თუნდაც უმრავლესობისთვის მიუღებელ აზრებს ყველაზე ცხელ საკითხზე. საეთერო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 20:30 საათზე.
საგანმანათლებლო/ შემეცნებითი და გასართობი მიმართულება
დილის საინფორმაციო გასართობი პროგრამა - ,,დილის პალიტრა“
ყოველი სამუშაო დღე, იწყება ’’დილის პალიტრით’’- ახალი ამბები, ქართული და უცხოური პრესისა და საიტების მიმოხილვა, კალენდარი, აფიშა, ჰოროსკოპი, ’’ავტო- ბილდი’’ - ავტომობილების მფლობელებისა და ავტომოყვარულებისთვის, ვიქტორინა, კულინარია, „წიგნების თარო“, ,,ჯანმრთელობის 5 წუთი„ დილის სტუმრები - სახალისო ამბებითა და ისტორიებით. საეთერო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 08:00 – დან 10:00-მდე.
’’ბიზნეს-პერსონა’’
როგორ კეთდება ბიზნესი საქართველოში, წარმატების ფორმულა, ყველაზე ცნობილი ბიზნესმენებისაგან. რადიო „პალიტრის“ მსმენელი გაეცონობა მათ საქმიანობას ვინც მართავს ბიზნესს, აბანდებს ინვესტიციებს, ქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას! გაეცნობა წარმატების ფორმულას, ყველაზე ცნობილი ბიზნესმენებისაგან! „ბიზნეს პერსონა“, ემა ტუხიაშვილთან ერთად! საეთერო დრო: ყოველ პარასკევს 16:10 საათზე.
’’დიდი ბიზნესი’’
როგორ იწყებდნენ და როგორ ავითარებდნენ თავიანთ საქმეს ადამიანები, რომლებსაც დღეს ბიზნესის გენერლებად მიიჩნევენ. ყველაზე წარმატებული ბრენდებისა და მათი შემქმნელების ისტორიები, რომელთა მაგალითზე ბევრი რამის სწავლა შეიძლება. საეთერო დრო: ორშაბათს და ოთხშაბათს 15:10 საათზე.
„ბლიც-ინტერვიუ’’
ბლიც-ინტერვიუ ცნობილ ადამიანებთან - პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან, მწერლებთან, მხატვრებთან, მეცნიერებთან, რეჟისორებთან, მუსიკოსებთან, მსახიობებთან. პალიტრის მსმენელი სულ რამდენიმე წუთში, ბევრს შეიტყობს მათზე! საეთერო დრო: ყოველ შაბათ კვირას დღეში 4 ჯერ.
’’პროფესია’’
მოკლე ისტორიები სხვადასხვა პროფესიებსა და მათი წარმომადგენლების შესახებ. როგორ ირჩევენ ადამიანები პროფესიას და როგორ ემსახურებიან მას, რა სპეციფიკა აქვს იშვიათ პროფესიებს - ყველაფერი პროფესიის შესახებ. საეთერო დრო: ყოველ შაბათ-კვირას, დღეში ოთხჯერ’’ რადიო პალიტრის’’ ეთერში.
„სახეები ’’
გამოჩენილი ადამიანების 12-15 წუთიანი მხატვრული პორტრეტები. ცხოვრება, ფასეულობები, ადამიანები, ქვეყანა, საქმე - მათი დამოკიდებულებები თვითოეულთან. საეთერო დრო: ყოველ შაბათ-კვირას, დღეში ოთხჯერ ’’ რადიო პალიტრის’’ ეთერში.
„ისტორიანი’’
მსოფლიო და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები - ომები, ზავი, აღმშენებლობა, გამოგონებები. დიდი მეფეები, მხედართმთავრები, საზოგადო მოღვაწეები, მოაზროვნენი, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო. ინტერაქტიული თოქ-შოუ, ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის. საეთერო დრო: სამშაბათს 16:10 საათზე.
„სტუმრად მარიკა დარჩიასთან’’
მარიკა დარჩია წარმოგიდგენთ სხვადასხვა ასაკის, სტატუსისა და პროფესიის ადამიანებს, საზოგადოებისთვის ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ პიროვნებებს, რომლებიც საუბრობენ საკუთარ თავზე და სხვა ადამიანებზე, პატარა და დიდ საქმეებზე, ყვებიან საინტერესო ამბებს, იხსენებენ დაუვიწყარ, ისტორიებს. საეთერო დრო: სამშაბათს და პარასკევს 15:10 საათზე.
’’მშობელთა კრება’’.
რადიო ’’ პალიტრა’’ და ’’პალიტრა მედიის’’ საიტი www.mshoblebi.ge მსმენელს სთავაზობს ერთობლივ პროექტს - რჩევები მშობლებისთვის. მშობლებს პასუხების მიღება შეუძლიათ, ისე როგორც, უმნიშვნელო, ყოველდღიურ კითხვებზე, ასევე მნიშვნელოვან საკითხებზე - ცხოვრების ჯანსაღ წესზე, შვილის ნდობისა და პატივისცემის მოპოვებაზე, მკურნალობაზე, სწორ კვებაზე, სწავლაზე. საეთრო დრო: პარასკევს 10 :45 საათზე.
ბიზნესის მიმართულება
ბიზნეს ეკონომიკური თემატიკის ფარგლებში მსმენელს საშუალება აქვს ყოველდღიურ რეჟიმში მოისმინოს სამომხმარებლო ბაზრის სიახლეები და ეკონომიკური ტენდენციები. ყოველი საათის ნახევარზე (08:00 – დან 12:30- მდე) საინფორმაციო გამოშვებაში ბიზნეს პორტალის www.bpn.ge - ის ინფორმაცია პალიტრის მსმენელისთვის ყველაზე საჭირო და საქმიან ინფორმაციას აჟღერებს.
„საქმე ’’
საქმე - ყველაზე საქმიანი ადამიანებისთვის. ყოველ სამუშაო დღეს ემა ტუხიაშვილთან ერთად ყველაზე საქმიანი გადაცემა მათთვის ვისაც აინტერესებს: ბიზნეს სიახლეები, ტენდენციები ეკონომიკაში, საბირჟო და სავალუტო ტრენდები, მომხმარებელთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები. ასევე მათთვის ვისაც სურს უკეთ მართოს საკუთარი ფინანსები, დაიწყოს ახალი საქმე და გაზარდოს შემოსავლები. საეთერო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:10 საათზე.
„ბიზნეს ნიუსი“
ახალი ამბები ბიზნესის სფეროდან www.bpn.ge -ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყოველ ნახევარ საათში.
,,მაკულატურა“.
ღამის ეთერის გასართობ-შემეცნებითი პროგრამა, რომელსაც უძღვებიან ახალგაზრდა ბლოგერები. ყველაზე საინტერესო და აქტუალური ბლოგების მიმოხილვა და გარჩევა მსმენელთან ერთად, პირდაპირ ეთერში. საეთერო დრო: შაბათს 24:00 საათი.
’’კავკასიური პალიტრა’’ .
პალიტრის მსმენელს, ყოველ კვირას, ყველაზე კომპეტენტური ქართველი ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე, სთავაზობს ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზს, მსოფლიო გეოპოლიტიკური კონტურების ფონზე. რადიო მსმენელს საშუალება აქვს პირდაპირი ჩართვებით მოუსმინოს არეშიძის მიერ შერჩეული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კომენტარებს კავკასიის სხვადასხვა რეგიონიდან. საეთერო დრო: ორშაბათს 18 :30 საათზე.
სპორტული მიმართულება
სპორტული თემატიკის ფარგლებში რადიო პალიტრა დღის განმავლობაში მსმენელს 6 - ჯერ აწვდის უახლეს და ამომწურავ ინფორმაციას სპორტის სამყაროდან. ცხელი, საინტერესო, ორიგინალური ინფორმაცია, მნიშვნელოვანი ტენდენციები და სიახლეები სპორტის სამყაროდან, პირდაპირი ჩართვები სპორტული მოვლენების ეპიცენტრიდან, თამაშებიდან, ნაკლებად ცნობილი დეტალები ცნობილი სპორტსმენების ცხოვრებიდან. მსმენელები გაეცნობიან გაზეთ ,,ლელოსა” და ვებ-გვერდი www.sportall.ge - ის მასალებს. საეთერო დრო : 10:00, 12:00, 14:00, 16:00, 18:00, 20:00 საათზე.
,,ავტობილდი“
რადიო პალიტრა და ჟურნალი ,,ავტობილდი“ წარმოგიდგენთ გადაცემას ავტო სიახლეებზე, საავტომობილო ბაზარზე და ყველა იმ თემაზე რაც ავტომფლობელებს დააინტერესებთ. საეთერო დრო: სამშაბათს და პარასკევს 09:15; 19:35 საათზე.
სამედიცინო თემატიკა
’’რადიო პალიტრა’’, ჟურნალი ’’ოჯახის მკურნალი’’ და საიტი www.mkurnali.ge კვირაში ერთხელ, რადიომსმენელს სთავაზობს შეუცვლელ რადიო კონსულტაციებს სამედიცინო დარგში. გამოცდილი ექიმები პასუხობენ მსმენელთა შეკითხვებს, საუბრობენ ყველაზე გავრცელებულ დაავადებებზე, მკურნალობის მეთოდებზე, მედიკამენტებზე, პრევენციაზე, პაციენტთა უფლებებზე, სამედიცინო დაზღვევის საკითხებზე. გადაცემას უძღვება პოპულარული ექიმი ზურაბ ვარაზი. საეთერო დრო: ოთხშაბათს 16:10 საათზე.
’’ ფსიქოლოგი გვირჩევს”
როგორ გავიადვილო ცხოვრება და როგორ გავუადვილო ის სხვებს, როგორ დავძლიო კომპლექსები, როგორ ვაქციო მტრები მეგობრებად, როგორ შევინარჩუნო პოზიტიური განწყობა, როგორ შევუთავსო ერთმანეთს სამსახური და პირადი ცხოვრება, როგორ გავანაწილო დრო, როგორ მოვიწყო ინტერიერი კონფორტულად და ათასი სხვა სასარგებლო რჩევა, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ უკეთ იგრძნო თავი. „პალიტრა’’ დილის ეთერში, სახლიდან გასვლის წინ ან სულაც დანიშნულების ადგილზე მისვლამდე, გთავაზობთ კვალიფიციური ფსიქოლოგების რადიო კონსულტაციებს. საეთერო დრო: ორშაბათს 09:30 საათზე.
ეკოლოგიური თემატიკა
,,მწვანე ზონა“
ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, გარემოს დაცვითი ჩვევების გამომუშავებას და კონკრეტული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობას ემსახურება გადაცემა ’’მწვანე ზონა’’, რომელსაც ლაშა ჩხარტიშვილი უძღვება. გადაცემა ინტერაქტიულია, მსმენელი მონაწილეობას იღებს ეკოლოგიური პრობლემების წინ წამოწევასა და საკუთარი გარემოს გაჯანსაღებაში. საეთერო დრო: სამშაბათი, 16:10 საათზე.
მუსიკალური მიმართულება
რადიო პალიტრის მრავალფეროვანი, ხარისხიანი მუსიკალური პროგრამა მსმენელს ყოველთვის ტოვებს პალიტრის ტალღაზე. სამაუწყებლო ბადეში არის სხვადასხვა მუსიკალური ბლოკები სხვადასხვა სეგმენტისთვის:
,,ქართული მუსიკის პალიტრა“
,,ოქროს ჰიტი“
’’ ქართული კინო მუსიკა’’
’’მსოფლიო კინო მუსიკა’’
,,ლაუნჯ -პალიტრა“
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. ბორჯომში (სიხშირეზე103.9მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2016 წლის 14 ივლისს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”რადიოცენტრი პლუსის” დირექტორი ინგა დადიანი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს ”რადიოცენტრი პლუსის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამსახურებრივი ბარათი №10/6416-16, 04.07.2016) საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.
კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიოცენტრი პლუსის” დირექტორმა ინგა დადიანმა სალიცენზიო გადასახდელის - 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2016 წლის 5 მაისის N289/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. ბორჯომში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”რადიოცენტრი პლუსი”;
2. უზრუნველყოს შპს ”რადიოცენტრი პლუსმა” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 1,215.00 (ერთი ათას ორასთხუთმეტი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 4,252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს შპს ”რადიოცენტრი პლუსისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”რადიოცენტრი პლუსისთვის” ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
