გორის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2016 16:20
მიღების თარიღი ივლისი 14, 2016
გორის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 5 მაისის N292/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი გორის მუნიციპალიტეტში (სიხშირეზე 97.8 მჰც) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2016 წლის 5 მაისის N292/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 6 ივნისის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 9 ივნისის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2016 წლის 8 ივლისი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 14 ივლისი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის 2016 წლის 5 მაისის N292/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკამ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/5199-16, 06.06.2016წ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 9 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის” უფლებამოსილი წარმომადგენელი მარიამ გოგოსაშვილი ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2016 წლის 5 მაისის N292/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში ხარვეზით იყო წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია. დეკლარაციაში არ იყო მითითებული ინფორმაცია კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ.
კომისიის 2016 წლის 9 ივნისის №359/10 გადაწყვეტილების შესაბამისად ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2016 წლის 16 ივნისის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2016 წლის 15 ივნისს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია (წერილი №6/5491-16).
ზეპირი მოსმენა მარნეულის მუნიციპალიტეტში (სიხშირეზე 97.8მჰც) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2016 წლის 8 ივლისს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის” უფლებამოსილი წარმომადგენელი მარიამ გოგოსაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ1) ქვეპუნქტის შესაბამისად, სათემო მაუწყებლობა არის კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/221-16, 12.01.2016), სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. დასკვნის შესაბამისად, ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებულია პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავენ მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის უნდა ემსახურებოდეს.
ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად რადიო იზიარებს ზოგადად მედიის სამოქმედო სამ უმთავრეს პრინციპს: იგი გაავრცელებს ახალ ამბებს; გაწევს საგანმანათლებლო საქმიანობას და გაართობს მომხმარებელს. გარდა ამ სამი პრინციპისა, „მოზაიკას“, როგორც სათემო რადიოს ახასიათებს მეოთხე პრინციპი - თანამშრომლობა. სწორედ თემის თითოეული წევრის აქტიურობა, მათი მონაწილეობა/ჩართულობა სათემო რადიოს საქმიანობაში ზრდის რადიოს მიმართ მთელი თემის სანდო დამოკიდებულების ხარისხს.
სათემო რადიოს ეთერში განთვსდება გადაცემები შემდეგი სამაუწყებლო ბადის მიხედვით:
ორშაბათი – კვირა
8:00 – 10:00 – დილის გადაცემა „მოზაიკური დილა“ (ამინდის პროგნოზი, სავალუტო კურსი, სამომხმარებლო ფასები პროდუქტზე, დღის კალენდარი, დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი, სამედიცინო რჩევები, კულინარიული რეცეპტი, პრესის მიმოხილვა, მუსიკა)
10:00 –11:00 – მუსიკა
11:00 – 12:00 – რუბრიკები („თემის ხმა“, „პირველად ისტორიაში“, ‘ნაწყვეტი დღიურიდან“) და მუსიკა
12:00 – 12:30 – გადაცემა „ჩემი მუსიკალური სამყარო“
12:30 – 13:00 – მუსიკა
13:00 – 14:00 – შუადღის პროგრამა „მოზაიკური შუადღე“ (დღის სიახლეები, მსოფლიო ამბები, ამინდის პროგნოზი, სავალუტო კურსი, დღის კალენდარი, დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი, მუსიკა)
14:00 –14:30 – „თემის ფლეილისტი“
14:30 – 14:35 – რუბრიკა „ჩემი მუსიკა“.
14:35 – 14:45 – რუბრიკა „მუსიკა ცვლილებებისთვის“
14:45 – 15:00 – მუსიკა
15:00 – 15:05 – საინფორმაციო გამოშვება „თემის ამბები“
15:05 – 16:00 – მუსიკა, რადიო „მოზაიკის“ გადეცემების ანონსები.
16:00 – 17:00 – რუბრიკები („სასარგებლო რჩევები“, „უცნაური ამბები“, „იცით თუ არა, რომ...“) და მუსიკა
17:00 – 18:00 – მუსიკა
18:00 – 18:15 – საინფორმაციო გამოშვება „თემის ამბები“.
18:15 – 19:00 – მსოფლიო სიახლეები, დღის კალენდარი, ამინდის პროგნოზი, სავალუტო კურსი, მუსიკა.
19:00 – 19:30 – საავტორო გადაცემები („სოციუმი“, „ესტაფეტა“, „საუბრები“, „თვითმმართველობის დრო“, „ინტერვალი“, „კინო-ბიბლიოთეკა“, „ცხოვრება კოტეჯში“)
19:30 –21:00 – საღამოს პროგრამა „მოზაიკური საღამო“ (დღის სიახლეები, ამინდის პროგნოზი, სავალუტო კურსი, „თემის ხმა“, „ნაწყვეტი დღიურიდან“ მუსიკა)
21:00 – 22:00 – რეტრო და კინო მუსიკა
22:00 – 23:00 – რუბრიკები („სასარგებლო რჩევები თემის წევრებისგან“, „ბედნიერება ჩემთვის“, „ჩემი მუსიკა“, „პირველად ისტორიაში“, „თემის ხმა“)
23:00 – 00:00 – გადაცემა „ფბ სტატუსები“
სოციუმი - გადაცემის ავტორი და წამყვანი იქნება ნათია ომაძე; გადაცემის თემები ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის მნიშვნელობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გარშემო იტრიალებს. გადაცემის მიზანია, ხელი შეუწყოს თემის წევრების მიერ საკუთარი სოციალური პასუხისმგბელობის გააზრებას.
ესტაფეტა - გადაცემის ავტორი და წამყვანი იქნება გიორგი ოგანესიანი; გადაცემა სპორტულ სიახლეებთან ერთად, მსმენელს იმ ადგილობრივ სპორტსმენებს გააცნობს, ვინც უკვე წარმატებულია ან ამჟამად ემზადება წარმატებისთვის.
საუბრები - გადაცემა მომზადდება „მოზაიკის“ გუნდის მიერ; გადაცემა თემისთვის მნიშნელოვანი და აქტუალური პრობლემების მიმოხილვისა და თემის წევრების ჩართულობით, მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო გზების ძიებას დაეთმობა.
თვითმმართველობის დრო - გადაცემის ავტორი და წამყვანი იქნება ლადო ბიჭაშვილი; გადაცემის თემა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია; გადაცემის მიზანია, ბიძგი მისცეს თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ საჯარო მსჯელობების/განხილვების დაწყებას.
ინტერვალი - გადაცემის ავტორი და წამყვანი იქნება ლიკა შამუგია; გადაცემა კულტურის სფეროში მომხდარ სიახლეებზე მსჯელობას დაეთმობა; მისი მიზანია, თემის წევრებში პოპულარიზაცია გაუწიოს ხელოვნების სხვადასხვა დარგებს: კინოს, თეატრს, მუსიკას, მხატვრობას და ა.შ.
კინო-ბიბლიოთეკა - გადაცემის ავტორი და წამყვანი იქნება ანა გოგოსაშვილი; გადაცემის მიზანია, კინოთი და ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანებს მისცეს საშუალება ამა თუ იმ რეჟისორის/მსახიობის/მწერლის/პოეტის შესახებ საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები გაუზიაროს თემის სხვა წევრებს, მისცეს მათ რეკომენდაციები და ამ გზით, ხელი შეუწყოს თემში კრიტიკული/ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.
ცხოვრება კოტეჯში - გადაცემის ავტორი და წამყვანი იქნება იზა ოქროპირიძე; გადაცემის თემა იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებსა და პრობლემებს შეეხება. გადაცემის მიზანია, დიალოგში, უშუალოდ, იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობით, ხელი შეუწყოს მათი პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი მოთხოვნების ფართო აუდიტორიამდე, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე, მიტანას.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2016 წლის 14 ივლისს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის” დირექტორი გვანცა დოლუაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამსახურებრივი ბარათი №10/6416-16, 04.07.2016) საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ1) პუნქტის მოთხოვნებს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის, შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
საკონკურსო სხდომაზე ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის” დირექტორმა გვანცა დოლუაშვილმა სალიცენზიო გადასახდელის 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2016 წლის 5 მაისის N292/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გორის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკა”;
2. უზრუნველყოს ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკამ” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 1,215.00 (ერთი ათას ორასთხუთმეტი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300833062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 4,252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკამ” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკასთვის” ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
