წვდომის მენიუ

მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 470 / 10

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2016 11:10

მიღების თარიღი ივლისი 14, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 5 მაისის N293/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი მარნეულის მუნიციპალიტეტში (სიხშირეზე 96.9მჰც) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2016 წლის 5 მაისის N293/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 6 ივნისის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 9 ივნისის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2016 წლის 8 ივლისი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 14 ივლისი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 4,252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის 2016 წლის 5 მაისის N293/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმამ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/5166-16, 03.06.2016წ).

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 9 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” დირექტორი კამილა მამედოვა ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის    41-ე მუხლითა და კომისიის 2016 წლის 5 მაისის N293/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ: საკონკურსო განაცხადში დასაზუსტებელი იყო მაუწყებლობის ენები.

კომისიის 2016 წლის 9 ივნისის №358/10 გადაწყვეტილების შესაბამისად ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2016 წლის 16 ივნისის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2016 წლის 15 ივნისს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია (წერილი №6/5490-16).

ზეპირი მოსმენა მარნეულის მუნიციპალიტეტში (სიხშირეზე 96.9მჰც) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2016 წლის 8 ივლისს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” დირექტორი კამილა მამედოვა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ1) ქვეპუნქტის შესაბამისად, სათემო მაუწყებლობა არის კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას.

 ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/221-16, 12.01.2016), სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. დასკვნის შესაბამისად, ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებულია პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავენ მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის უნდა ემსახურებოდეს.

ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად სათემო რადიოს პროგრამირების პოლიტიკა დაეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სამაუწყებლო ბადის შემუშავებისას:

● თემის წევრთა თანამონაწილეობა პროგრამებში;

● სათემო სიახლეების პრიორიტეტული გაშუქება;

● ფაქტებისა და მოვლენების ბალანსირებული გაშუქება;

● რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების ასახვა;

● ადგილობრივი არჩევნების გარემოს ჩამოყალიბება დისკუსიების, დებატების, ინტერაქტიული საუბრების გამოყენებით;

● საგანმანათლებლო მაუწყებლობის განვითარება.

 

სათემო რადიო მარნეულის თანამშრომლებმა სამაუწყებლო ბადის შედგენისას გაითვალისწინეს როგორც ზემოთ აღნიშნული პრინციპები, ისე ადგილობრივი რეალობა- მარნეულის თემის ცხოვრების რითმი და დინამიკა. მაუწყებლობა იწარმოებს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, ახალი ამბები მომზადდება ამ ორ ენაზე. ხოლო მოხალისეების მიერ ინიცირებული საავტორო გადაცემები შესაძლებელია იყოს სომხურ, რუსულ ან სხვა ენაზე რომელზეც მარნეულის თემის წარმომადგენლები ისურვებენ გააკეთონ საკუთარი საავტორო გადაცემა. თუ სომხურენოვან ან რუსულენოვან თემის წარმომადგენლებს გაუჩნდებათ სურვილი გაიგონ ახალი ამბები ამ ორ ენაზე. საკუთარი რესურსების გამოყენებით მათ ეს შესაძლებლობა მიეცემათ.

დილის პროგრამა: პროგრამის გახსნა, მუსიკალური ტიხრები, ადგილობრივი ანონსები და მოკლე განცხადებები. ასევე, დილის პროგრამაში იქნება: დრო, ამინდი, ვალუტის კურსი, დღის რადიო-ეთერის თემების დაანონსება, დღის მოვლენების ანონსი, წინა დღის ინფორმაციების გამეორება.

საავტორო გადაცემა “ჩვენ ვმოგზაურობთ“ - ჟურნალისტის საავტორო გადაცემა მოგზაურობაზე. ფორმატი „ინტერვიუ“. სტუმრები მოყვებიან საკუთარ გამოცდილებას, ემოციებს, შთაბეჭდილებებს ქვეყნებიდან სადაც იყვნენ ნამყოფი.

საავტრო გადაცემა "ქალები" - რადიოს მოხალისეს საავტორო გადაცემა. ფორმატი „ინტერვიუ“. სტუმრები მარნეულში მცხოვრები ქალბატონები: სხვადასხვა პროფესიის. ისაუბრობენ თემებზე, რომლებიც აქტუალურია მარნეულის საზოგადოებაში.

მუსიკალური გადაცემა "ჩვენი დრო" [აზერ] - რადიოს ჟურნალისტის საავტორო გადაცემა. მუსიკალური ფორმატი. ინტერვიუ ახალგაზრდა მუსიკოსებთან ქვემო ქართლიდან. როგორ მუშაობენ საკუთარი თავის პოპულარიზაციაზე, რა მუსიკას უსმენენ. როგორ წერენ საკუთარ მუსიკას. სამომავლო გეგმები.

გადაცემა „ახალგაზრდების ხმა“ [ქართ] -  რადიოს ჟურნალისტის საავტორო გადაცემა.  ფორმატი - თოქ-შოუ. ახალგაზრდა მარნეულელები ისაუბრობენ მარნეულში არსებულ რეალობაზე, წარმატებებზე პრობლემებზე, გადაწყვეტის გზებზე. გადაცემაში იქნება მოქალაქეების ზარები სტუდიაში -მსმენელების ჩართვა.

12 საათიანი საინფორმაციო პროგრამა: ადგილობრივი სიახლეები, ჟურნალისტების მიერ მომზადებული თემები, ლოკალური მოვლენები, ანონსები, მუსიკალური ტიხრები, სოციალური და სხვა ტიპის რეკლამა. 10 წუთი - ქართულ ენაზე, 10 წუთი - აზერბაიჯანულ ენაზე.

დაიჯესტი: საქართველოს მასშტაბის მოვლენების დაიჯესტი. სანდო, ეთიკური, მედიაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის მიმოხილვა, რომელიც აქტუალურია მარნეულის თემისთვის.
შეიცავს: მუსიკალურ ტიხრებს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების ანონსებს.
ინფორმაციის გამოყენება მოხდება მხოლოდ გავლენიანი და სანდო მედია-საშუალებებზე დაყრდნობით, გადაცემის ბოლოში და დასაწყისში სარეკლამო ტიხრებით. 15 წუთი ქართულად, 25 წუთი აზერბაიჯანულად (მაუწყებლობის დაწყებიდან პირველი 3 თვე, შემდგომ დრო განაწილდება თანაბრად და იქნება 20/20 წუთი თითოეულ ენაზე).

15 საათიანიდღის მეორე ნახევარი [ქართ]: ადგილობრივი სიახლეები, ჟურნალისტების მიერ მომზადებული თემები, რეპორტაჟები ლოკალური მოვლენებზე, საქართველოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები,  ანონსები, მუსიკალური ტიხრები, დღის თემა- სტუმარი სტუდიაში,  სოციალური და სხვა ტიპის რეკლამა.

„მუსიკა ჩვენ ცხოვრებაში“. რადიოს მოხალისეს რუსულენოვანი საავტორო გადაცემა. მუსიკალურ ჯგუფებზე, მომღერლებზე, კომპოზიტორებზე. მუსიკალური კომპოზიციები.

„დღის მეორე ნახევარი“ [აზერ] - ყოველკვირეული გადაცემა 16 საათზე - ადგილობრივი სიახლეები, ჟურნალისტების მიერ მომზადებული თემები, რეპორტაჟები ლოკალური მოვლენებზე, საქართველოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები,  ანონსები, მუსიკალური ტიხრები, დღის თემა- სტუმარი სტუდიაში,  სოციალური და სხვა ტიპის რეკლამა.

საავტორო „პოეზიის საღამოები“ - რადიო მოხალისეს საავტორო გადაცემა პოეზიაზე. საკუთარი თემატურად დაყოფილი  ლექსების წაკითხვა. სხვა პოეტებთან, მწერლებთან განხილვა.

“Dünəndən bugünə (წარსულიდან დღევანდელ დღემდე) [აზერ] - რადიოს ჟურნალისტის საავტორო გადაცემა. როგორ ვითარდებოდა მარნეული. ადამიანური ისტორიები წარსულიდან. შედარება დღევანდელ დღესთან. სტუმრები- მარნეულის მკვიდრები.

საავტორო „რეგიონ +“ [აზერ] - რადიოს ჟურნალისტის საავტორო გადაცემა რეგიონში მომხდარ სიახლეებზე. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მარნეულელები სტუმრად რეგიონის განვითარების გზებზე ისაუბრობენ. ფორმატი- ინტერვიუ, ერთი- ორი სტუმარი.

საავტორო  "სტუდენტები“ [აზერ]" რადიოს ჟურნალისტის საავტორო გადაცემა. თემები: განათლება: სკოლა, უნივერსიტეტი, კოლეჯები. სტუმრები: აბიტურიენტები, კურსდამთავრებულები, პირველკურსელები. სტუდენტური ცხოვრების განხილვა. გადაცემაში იქნება: გამოკითხვა (Vox-Pop), ინტერვიუ სპეციალისტთან, განხილვა სტუდიაში სტუმრებთან ერთად.

"ცნობიერება" [აზერ][ქართ] - პარასკევის დღის მთავარი თემა. ვრცელი რეპორტაჟი აქტუალურ, მარნეულელებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.  გადაცემა შეიცავს სიუჟეტს, ხალხის გამკითხვას, ინტერვიუს, ექსპერტთა აზრს.

ხონჩა [აზერ]: კლასიკური VoxPop, მომზადებული ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში [სადგური, სავაჭრო ცენტრი, სასწავლებელი და ა.შ.]. წარმოადგენს მოკლე, მაქსიმუმ 25 წამიან ინტერვიუს, როდესაც მოქალაქები კონკრეტულ, ცალკე აღებულ თემაზე საუბრობენ. "ხონჩა" შეიცავს მუსიკალურ ტიხრებს, ანონსებს თავად რადიოსადგურის გადაცემის თემებზე. არანაირი ფორმით არ შეიცავს რეკლმას [როგორც კომერციულს, ასევე სოც.რეკლამას]. გადაცემის ფორმატში სტუდიაში მოხდება სტუმრების მოწვევა და საკუთარი აზრის დაფიქსირება სხვადასხვა მოვლენებზე.

საავტორო „რჩეულები“ [აზერ]: რადიოს ჟურნალისტის საავტორო გადაცემა მარნეულელ ახალგაზრდებზე, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში მიაღწიეს წარმატებას. ინტერვიუს სახით რადიოს ეთერში მოყვებიან საკუთარი წარმატების ფორმულას და გაუზიარებენ გამოცდილებას.

საავტორო „პოლიფონია“ [ქართ]: რადიოს ჟურნალისტის საავტორო გადაცემა „პოლიფონია“ მარნეულელი ხელოვანები:მწერლები, პოეტები, მომღერლები, მხატვრები. მარნეულელი ხელოვანი ადამიანების უცნობი ისტორიები.

საინფორმაციო გამოშვება Xəbərlər [აზერ][ქართ] - ადგილობრივი სიახლეები, ჟურნალისტების მიერ მომზადებული თემები, ლოკალური მოვლენები, ანონსები, მუსიკალური ტიხრები აზერბაიჯანულ ენაზე. აღნიშნული გადაცემა იქნება ქართული საინფორმაციოების თარგმანის რეპლიკაც.

კვირის შემაჯამებელი „დღის მეორე ნახევარი“ [აზერ][ქართ]: -  წარმოადგენს საინფორმაციო პროგრამის ანალოგს, დაფუძნებულს ადგილობრივ სიახლეებზე, მაგრამ გადაცემაში გაჟღერდება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი თემები გასული კვირის მანძილზე და მათი ღრმა ანალიზი.

          კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2016 წლის 14 ივლისს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა                                   ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” უფლებამოსილი წარმომადგენელი კამილა მამედოვა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამსახურებრივი ბარათი №10/6416-16, 04.07.2016) საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ1) პუნქტის მოთხოვნებს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის, შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

საკონკურსო სხდომაზე ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა კამილა მამედოვამ სალიცენზიო გადასახდელის 4,252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

          ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლისა და კომისიის 2016 წლის 5 მაისის N293/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა”;

2.  უზრუნველყოს ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმამ” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის  20%-ს - 850.50 (რვაასორმოცდაათი და 50) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300063062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს  ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 2,976.75 (ორი ათას ცხრაასსამოცდათექვსმეტი და 75) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმამ”  წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის” ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                                მერაბ ქათამაძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები