წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 472 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2016 10:40

მიღების თარიღი ივლისი 14, 2016

სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რ-ნის სასამართლოს მიერ, რეგ. №2/8-24; ს.კ. № 201955090) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/5424-16, 13.06.16) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ხაშურის, კასპის, ჭიათურის, საჩხერის, ვანის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, გორის, ქარელის, თერჯოლის, ბაღდათის, სამტრედიის, ახალგორისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია  ნავთობის ტრანსპორტირების დროს თანამშრომლებს შორის ოპერატიული კავშირისთვის  და  გამოყენებული იქნება მხოლოდ სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის”   მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს” წარმოდგენილი აქვს  1996 წლის 8 მარტს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული  ხელშეკრულება მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ, რომლის მე-5 მუხლის  5.1 და 5.3 პუნქტების შესაბამისად,  სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი”, როგორც  საექსპორტო მილსადენის პროექტის  კონტრაქტორი  განთავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის, მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საქართველოს მთავრობასთან 1996 წლის 8 მარტის გაფორმებული ხელშეკრულების  მე-5 მუხლის  5.1 და 5.3 პუნქტებისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. მიეცეს სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1352  ნებართვა  და მიენიჭოს 418.250მჰც და 421.375მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ხაშურის, კასპის, ჭიათურის, საჩხერის, ვანის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, გორის, ქარელის, თერჯოლის, ბაღდათის, სამტრედიის, ახალგორისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
  2. სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
  3. აღირიცხოს სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
  4. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით, დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს   მონიტორინგის განხორციელება;
  5. დაევალოს სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის”  ჩაბარებისთანავე; 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6)  სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის”  ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;   

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                  ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   მ. ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები