შპს ,,ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2016 11:12
მიღების თარიღი ივლისი 19, 2016
შპს ,,ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისია) აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მიერ, საერთაშორისო შემომავალი სატელეფონო ზარების კონტროლის მიზნით, 2016 წლის მარტში და აპრილში, განხორციელდა საერთაშორისო სატესტო სატელეფონო ზარები წინასწარი გადახდის საერთაშორისო სატელეფონო ბარათის მეშვეობით, რის შედეგად დაფიქსირდა, რომ 2016 წლის 31 მარტს, 11:47:35 სთ-ზე, სატელეფონო ნომერზე - 995 431 271366 განხორციელებული საერთაშორისო სატელეფონო ზარი დასრულდა შეცვლილი „ა“ ნომრით - 995 32 2130414. შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციაში(CDR) აღნიშნული საერთაშორისო ზარი მითითებულია როგორც ადგილობრივი. დეტალური ინფორმაციის(CDR) შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული სატელეფონო ნომრიდან 2015 წლის ნოემბრიდან ხორციელდებოდა მხოლოდ გამავალი სატელეფონო ზარები, რომლებიც სრულდებოდა მხოლოდ შპს ,,ახალი ქსელების“ ქსელში, ხოლო 2016 წლის აპრილში და მაისში დასრულდა მხოლოდ ქ.ქუთაისისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შპს „ახალი ქსელების“ ქსელში. ასევე გამოვლინდა კიდევ 199 სატელეფონო ნომერი (სატელეფონო ინდექსი - 213), საიდანაც ამავე პერიოდში ხორციელდებოდა მხოლოდ გამავალი სატელეფონო ზარები, რომლებიც სრულდებოდა მხოლოდ შპს ,,ახალ ქსელების“ ქსელში, ხოლო 2016 წლის აპრილში და მაისში - მხოლოდ ქ.ქუთაისისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შპს ,,ახალ ქსელებში“. აღნიშნული 200 სააბონენტო ნომრიდან (სატელეფონო ინდექსი - 213), რომელიც, შპს ,,ახალ ქსელებსა“ და შპს ,,ტრანს ლოჯისტიკის“ შორის 2015 წლის 17 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემული აქვს შპს „ტრანს ლოჯისტიკს“, შპს „ახალი ქსელების“ მიმართულებით განხორციელებულმა და დასრულებულმა სატელეფონო ზარების რაოდენობამ (წთ) შეადგინა: 2015 ნოემბერი - 1557 წთ; 2015 დეკემბერი - 88 848 წთ; 2016 იანვარი - 193 350 წთ, 2016 თებერვალი - 177 644 წთ, 2016 მარტი - 216 351 წთ, 2016 აპრილი - 195 118 წთ, 2016 მაისი - 229 903 წთ. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მოსაზრებით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს „ახალი ქსელების“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევას - ავტორიზებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა, ვინაიდან შპს „ახალი ქსელების“ აბონენტის, შპს „ტრანს ლოჯისტიკის“ მიერ ხდებოდა საერთაშორისო სატელეფონო ზარებზე რეალური ,,ა” ნომრის შეცვლა ადგილობრივი ნომრით და კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციის გვერდის ავლით საერთაშორისო სატელეფონო ზარების დასრულება შპს ,,ახალი ქსელების” ქსელში. ყოველივე აღნიშნულზე, 2016 წლის 23 ივნისს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მიერ შედგა მოხსენებითი ბარათი №შ-10/5988-16 და შემოწმების აქტი №2.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5988-16 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელსაც თან ერთვის: 2016 წლის 23 ივნისის შემოწმების აქტი №2; მონიტორინგის პროგრამიდან ამონაბეჭდი განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ; შპს „ახალი ქსელების“ წერილი (№2/2/198; 25.04.2016); შპს „ახალი ქსელებსა“ და შპს „ტრანს ლოჯისტიკს“ შორის 2015 წლის 17 ნოემბერს დადებული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება; შპს ,,ტრანს ლოჯისტიკის“ სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრების სია და წინასწარი გადახდის ბარათის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 29 ივნისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 7 ივლისს. აღნიშნულის თაობაზე, შპს ,,ახალ ქსელებს“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება და ეთხოვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ახსნა-განმარტების 2016 წლის 5 ივლისამდე კომისიაში წარმოდგენა. ამასთან ერთად, ვინაიდან, საერთაშორისო შემომავალი სატელეფონო ზარების კონტროლის მიზნით განხორციელებული საერთაშორისო ზარი დასრულდა როგორც ადგილობრივი ზარი შპს ,,ახალი ქსელების“ მომხმარებლის - შპს ,,ტრანს ლოჯისტიკის“ სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრის გამოყენებით, კომისიამ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტების მისაცემად, მოწმის სტატუსით, კომისიის სხდომაზე დაიბარა შპს ,,ტრანს ლოჯისტიკის“ დირექტორი, რის შესახებ მას გაეგზავნა უწყება ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად და ეცნობა კომისიის სხდომის დღის, დროისა და ადგილის თაობაზე.
შპს ,,ახალი ქსელებმა“ წარმოდგენილ წერილობით (№2/2/302/ხ.ი. 6.07.2016; №2/2/317/ხ.ი. 11.07.2016) განმარტებებში და კომისიის სხდომებზე (7.07.2016; 19.07.2016) გამოთქმულ მოსაზრებებში დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება ,,ახალი ქსელების“ მხრიდან განზრახ ან გაუფრთხილებლობით მისი ქსელით ან მის მიერ გაცემული სანომრე რესურსით არასანქცირებული სარგებლობა ან ქსელის ინტეგრირებულობისა და დაცულობის დარღვევა. შპს ,,ტრანს ლოჯისტიკი“, შპს ,,ახალ ქსელებთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ლეგალურად იყენებდა შპს ,,ახალი ქსელების“ ქსელს და მის ქსელში ზარი დასრულდა ლეგიტიმურად. შპს ,,ახალი ქსელების“ განმარტებით, როდესაც სს ,,სილქნეტმა“ აბონენტებთან საერთაშორისო ზარი დაასრულა შეცვლილი ,,ა“ ნომრით, კომისიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება (№401/16; 9.07.2015), რომ არ უმსჯელია სს ,,სილქნეტის“ მიერ იმ ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც წარდგენილი აქვს შპს ,,ახალ ქსელებს“. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,სილქნეტს“ მიეცა უფლება ავტორიზებულ პირებთან ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, სს ,,სილქნეტის“ ქსელში საერთაშორისო ზარების ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხით შესვლის უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაში. შესაბამისად, კომისიამ უფლება უნდა მისცეს შპს ,,ახალ ქსელებს“ მომსახურება შეუჩეროს მომხმარებელს. შპს ,,ახალი ქსელების“ განმარტებით, კომპანიის ქსელის დაცულობა უზრუნველყოფილია მე-5 თაობის ,,სოფტსვიჩების“ მეშვეობით, რაც აერთიანებს კლასიკური ,,ფროდის“ სისტემის რამდენიმე დონეს, რითაც შესაძლებელია ქსელში არასანქცირებული დაშვების აღმოჩენა და დაბლოკვა, თუ აბონენტიდან ან ოპერატორიდან შემოვიდა არასწორი, დამახინჯებული, არასრული ,,ა“ ან ,,ბ“ ნომერი, ასევე, ტრანზიტულ ან ტანდემურ ზარებზე მოვიდა იმ ოპერატორის ან აბონენტის ნომერი, რომელსაც არ აქვს უფლება ისარგებლოს მისი ქსელით. ასეთის შემთხვევაში, ხდება ზარის იდენტიფიცირება და დაბლოკვა. შპს ,,ახალი ქსელების“ განმარტებით, მას არ მიეცა საშუალება დროულად რეაგირება მოეხდინა ფაქტზე, ვინაიდან კომისიის მიერ 31 მარტს განხორციელებული სატესტო ზარის შესახებ ოფიციალურად ეცნობა 2016 წლის 29 ივნისს. შპს ,,ახალი ქსელების“ განმარტებით, კომისიის მიერ საერთაშორისო ზარის შეცვლილი ,,ა“ ნომრით დასრულება გამოვლენილია 2016 წლის 31 მარტს განხორციელებული სატესტო ზარების შედეგად, რაც ასევე დაფიქსირებული იყო 2016 წლის 10 აპრილში შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილ CDR-ში. შესაბამისად, მ/წ 10 ივნისს გავიდა სასკ-ის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების ორთვიანი ვადა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ახალ ქსელებს“ მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს შპს ,,ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება და ადმინისტრაციული წარმოების მასალები გადაეცეს ფინანსურ სამსახურს გამოსაძიებლად.
2016 წლის 7 და 19 ივლისის კომისიის სხდომებზე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტმა ც.უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ჩატარებული საერთაშორისო სატესტო ზარების განხორციელების შედეგად გამოვლინდა, რომ 2016 წლის 9 ივნისს, 10:55 სთ-ზე, სატელეფონო ნომერზე - 995 431 241366 განხორციელებული საერთაშორისო სატელეფონო ზარი შპს ,,ახალი ქსელების“ ქსელში დასრულდა შეცვლილი ,,ა“ ნომრით 2130415 როგორც ადგილობრივი. აღნიშნული ზარი, შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციაში (CDR) მითითებულია როგორც ადგილობრივი ზარი.
2016 წლის 7 ივლისის კომისიის სხდომაზე, 2016 წლის 30 ივნისს უწყების ჩაბარების მიუხედავად (გზავნილის კოდი:AP01000979055), არ გამოცხადდა მოწმის სტატუსით ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებული შპს ,,ტრანს ლოჯისტიკის“ დირექტორი და არც ახსნა-განმარტება წარმოადგინა კომისიაში. შესაბამისად, კომისიას შესაძლებლობა არ მიეცა გამოეკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ: რატომ და როგორ მოხდა შპს ,,ტრანს ლოჯისტიკის“ სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრით საერთაშორისო ზარის წამომწყები ,,ა“ ნომრის შეცვლა მისი ნომრით; რით იყო გამოწვეული მის სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრებიდან განხორციელებული გამავალი ზარების მკვეთრი ზრდა; რით იყო გამოწვეული, რომ აღნიშნული სააბონენტო ნომრებიდან ხორციელდებოდა მხოლოდ გამავალი ზარები, რომლებიც სრულდებოდა მხოლოდ შპს ,,ახალი ქსელების“ ქსელში, ხოლო მ/წ მარტში და აპრილში მხოლოდ ქ.ქუთაისისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შპს ,,ახალი ქსელების“ ქსელში; რატომ არ ხორციელდებოდა აღნიშნულ ნომრებზე შემავალი ზარი და რატომ ირთვებოდა სპეციფიკური სიგნალი და ა.შ.
კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5988-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით: 2016 წლის 23 ივნისის შემოწმების აქტი №2; მონიტორინგის პროგრამიდან ამონაბეჭდი განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ; შპს „ახალი ქსელების“ წერილი (№2/2/198; 25.04.2016); შპს „ახალი ქსელებსა“ და შპს „ტრანს ლოჯისტიკს“ შორის 2015 წლის 17 ნოემბერს დადებული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება; შპს ,,ტრანს ლოჯისტიკის“ სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრების სია; წინასწარი გადახდის ბარათის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. კომისიის 2009 წლის 7 აპრილის №142/1 გადაწყვეტილება ,,შპს ,,ახალი ქსელებისათვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“;
3. შპს ,,ახალი ქსელების“ 2016 წლის 6 ივლისის №2/2/302/ხ.ი. და 2016 წლის 11 ივლისის №2/2/317/ხ.ი. წერილები;
4. შპს ,,ახალი ქსელების“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც.უჯმაჯურიძის 2016 წლის 7 და 19 ივლისის კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
6. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც.უჯმაჯურიძის 2016 წლის 11 ივლისის №შ-10/6666-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით;
7. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,ახალი ქსელების“ შესახებ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. საერთაშორისო შემომავალი სატელეფონო ზარების კონტროლის მიზნით, წინასწარი გადახდის საერთაშორისო სატელეფონო ბარათის მეშვეობით, განხორციელდა საერთაშორისო შემომავალი სატესტო ზარი, რის შედეგად დაფიქსირდა, რომ 2016 წლის 31 მარტს, 11:47:35 სთ-ზე, სატელეფონო ნომერზე - 995 431 271366 (ქ.ქუთაისის ადგილობრივი სატელეფონო ნომერი) განხორციელებული საერთაშორისო სატელეფონო ზარი დასრულდა როგორც ადგილობრივი ზარი შეცვლილი „ა“ ნომრით - 995 32 2130414 (ქ.თბილისის ადგილობრივი სატელეფონო ნომერი);
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5988-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით.
2. კომისიის 2009 წლის 7 აპრილის №142/1 გადაწყვეტილებით, სააბონენტო ნუმერაციის რესურსი - 213 XX XX ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურებისათვის გადაცემული აქვს შპს ,,ახალ ქსელებს“ 2019 წლის 20 თებერვლამდე;
მტკიცებულება: კომისიის 2009 წლის 7 აპრილის №142/1 გადაწყვეტილება ,,შპს ,,ახალი ქსელებისათვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ.
3. შპს „ახალი ქსელები“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 10.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება - WiFi; მაუწყებლობის ტრანზიტი; გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა - CDMA; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება);
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან 2016 წლის 7 ივლისის მდგომარეობით.
4. შპს ,,ახალ ქსელებსა“ და შპს „ტრანს ლოჯისტიკს“ შორის 2015 წლის 17 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ახალი ქსელები“ SIP ტექნოლოგიის გამოყენებით საკომუნიკაციო მომსახურებას უწევს შპს „ტრანს ლოჯისტიკს“ შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ მისთვის გადაცემულ 200 სატელეფონო ნომერზე - 213 00XX; 213 01XX; 213 03XX; 213 04XX; 213 05XX;
მტკიცებულება: შპს ,,ახალ ქსელებსა“ და შპს „ტრანს ლოჯისტიკს“ შორის 2015 წლის 17 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება; შპს „ახალი ქსელების“ წერილი (№2/2/198; 25.04.2016)
5. შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციაში(CDR), 2016 წლის 31 მარტს, სატელეფონო ნომერზე - 995 431 271366 განხორციელებული საერთაშორისო სატელეფონო სატესტო ზარი დაფიქსირებულია ადგილობრივ ზარად;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5988-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით.
6. შპს ,,ტრანს ლოჯისტიკის“ სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრიდან - 2130414, 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ივნისამდე განხორციელდა მხოლოდ გამავალი სატელეფონო ზარები, რომლებიც დასრულდა მხოლოდ შპს ,,ახალი ქსელების“ ქსელში, ხოლო, 2016 წლის აპრილში და მაისში დასრულდა მხოლოდ ქ.ქუთაისისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შპს „ახალი ქსელების“ ქსელში; აღნიშნულ ნომერზე არ ხორციელდება შემავალი ზარი - ირთვება სპეციფიკური სიგნალი;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5988-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით.
7. შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ შპს ,,ტრანს ლოჯისტიკისთვის“ სარგებლობაში გადაცემული სხვა 199 სატელეფონო ნომრიდან: 2130052, 2130378, 2130435, 2130486, 2130053, 2130379, 2130436, 2130487, 2130054, 2130380, 2130437, 2130488, 2130057, 2130381, 2130438, 2130489, 2130058, 2130382, 2130439, 2130490, 2130059, 2130384, 2130440, 2130491, 2130065, 2130385, 2130441, 2130492, 2130067, 2130386, 2130442, 2130493, 2130068, 2130387, 2130443, 2130494, 2130069, 2130388, 2130445, 2130495, 2130070, 2130389, 2130446, 2130496, 2130105, 2130390, 2130447, 2130497, 2130108, 2130391, 2130448, 2130498, 2130302, 2130392, 2130449, 2130499, 2130305, 2130394, 2130450, 2130532, 2130306, 2130395, 2130451, 2130533, 2130307, 2130396, 2130452, 2130540, 2130308, 2130397, 2130453, 2130548, 2130309, 2130398, 2130454, 2130549, 2130311, 2130399, 2130455, 2130550, 2130314, 2130400, 2130456, 2130551, 2130315, 2130401, 2130457, 2130552, 2130317, 2130402, 2130458, 2130553, 2130318, 2130406, 2130459, 2130554, 2130323, 2130407, 2130460, 2130556, 2130325, 2130408, 2130461, 2130557, 2130332, 2130409, 2130462, 2130558, 2130334, 2130410, 2130463, 2130559, 2130335, 2130412, 2130464, 2130560, 2130336, 2130414, 2130465, 2130561, 2130337, 2130415, 2130466, 2130562, 2130338, 2130416, 2130467, 2130563, 2130339, 2130417, 2130468, 2130564, 2130345, 2130418, 2130469, 2130566, 2130355, 2130419, 2130470, 2130567, 2130356, 2130420, 2130471, 2130568, 2130357, 2130421, 2130472, 2130569, 2130358, 2130422, 2130473, 2130570, 2130364, 2130423, 2130474, 2130571, 2130365, 2130424, 2130475, 2130572, 2130366, 2130425, 2130476, 2130573, 2130368, 2130426, 2130477, 2130574, 2130369, 2130427, 2130478, 2130575, 2130370, 2130428, 2130479, 2130576, 2130371, 2130429, 2130480, 2130577, 2130372, 2130430, 2130481, 2130578, 2130374, 2130431, 2130482, 2130579, 2130375, 2130432, 2130483, 2130580, 2130376, 2130433, 2130484, 2130581, 2130377, 2130434, 2130485, 2130582, 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ივნისამდე, ასევე განხორციელებულია მხოლოდ გამავალი სატელეფონო ზარები, რომლებიც დასრულდა მხოლოდ შპს ,,ახალი ქსელების“ ქსელში, ხოლო 2016 წლის აპრილში და მაისში დასრულდა მხოლოდ ქ.ქუთაისისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შპს „ახალი ქსელების“ ქსელში; ამ ნომრებზეც არ ხორციელდება შემავალი ზარი - ირთვება სპეციფიკური სიგნალი;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5988-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით.
8. შპს „ტრანს ლოჯისტიკის“ სარგებლობაში არსებული 200 სატელეფონო ნომრებიდან შპს „ახალი ქსელების“ ქსელში დასრულებულმა სატელეფონო ზარების რაოდენობამ (წთ) 2015 წლის ნოემბერში შეადგინა 1557 წთ; 2015 წლის დეკემბერში - 88 848 წთ; 2016 წლის იანვარში - 193 350 წთ; 2016 წლის თებერვალში - 177 644 წთ; 2016 წლის მარტში - 216 351 წთ; 2016 წლის აპრილში - 195 118 წთ; 2016 წლის მაისში - 229 903 წთ; 2016 წლის ივნისი - 271738 წთ. სულ: 1284104 წთ.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5988-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით.
9. 2016 წლის 9 ივნისს, 10:55 სთ-ზე, სატელეფონო ნომერზე - 995 431 241366 განხორციელებული საერთაშორისო სატელეფონო ზარი შპს ,,ახალი ქსელების“ ქსელში, შპს ,,ახალი ქსელების“ მომხმარებლის - შპს ,,ტრანს ლოჯისტიკის“ სარგებლობაში არსებული შპს ,,ახალი ქსელების“ ნუმერაციის რესურის მეშვეობით, დასრულდა შეცვლილი ,,ა“ ნომრით - 995 32 2130415, როგორც ადგილობრივი. აღნიშნული ზარი შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციაში (CDR) მითითებულია როგორც ადგილობრივი ზარი;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის №შ-10/6666-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით.
10. შპს ,,ახალ ქსელებსა“ და შპს „ტრანს ლოჯისტიკს“ შორის 2015 წლის 17 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების დანართი 1-ის შესაბამისად, ადგილობრივი სატელეფონო ზარები შპს ,,ახალი ქსელების“ შიდა ქსელში არის უფასო;
მტკიცებულება: შპს ,,ახალ ქსელებსა“ და შპს „ტრანს ლოჯისტიკს“ შორის 2015 წლის 17 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების დანართი 1.
11. შპს ,,ახალ ქსელების“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ ნუმერაციის რესურსისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, შპს ,,ახალი ქსელების“ ქსელში საერთაშორისო სატელეფონო ზარი, მოქმედი რეგულაციების დარღვევით, დასრულდა როგორც ადგილობრივი ზარი (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 1). შესაბამისად, შპს ,,ახალმა ქსელებმა“ ვერ უზრუნველყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტებითა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თ) ქვეპუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულებები - შეინარჩუნოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის დაცულობა და არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ახალი ქსელების“ განცხადებას იმის შესახებ, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ ადგილი არ ჰქონდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევას.
მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ ნუმერაციის რესურისა და ქსელის გამოყენებით, შპს ,,ახალი ქსელების“ მომხმარებლის - შპს ,,ტრანს ლოჯისტიკიდან“ შპს „ახალი ქსელების“ ქსელში დასრულებული სატელეფონო ზარების რაოდენობა (წთ) მკვეთრად გაიზარდა, ასევე სატელეფონო ნომრებიდან ფიქსირდებოდა მხოლოდ გამავალი ზარები, რომლებიც სრულდებოდა მხოლოდ შპს ,,ახალი ქსელების“ ქსელში, ხოლო მ/წ აპრილში და მაისში მხოლოდ ქ.ქუთაისისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შპს ,,ახალ ქსელებში“ (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტ. 6, 7 და 8), ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არსებობს საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობისა და საერთაშორისო ზარების შეცვლილი ,,ა“ ნომრით დასრულების ალბათობა, შპს ,,ახალ ქსელებს“ არ მიუღია ზომები აღნიშნულის გამორკვევის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით. უფრო მეტიც, მას შემდგომ, რაც შპს ,,ახალი ქსელებისათვის“ ცნობილი გახდა, რომ ადგილი აქვს შპს ,,ახალი ქსელების“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საერთაშორისო ზარის დასრულებას შეცვლილი ,,ა“ ნომრით (რაც ხელმეორედ დადასტურდა კომისიის აპარატის უფლებამოსილი პირების მიერ 2016 წლის 9 ივნისს განხორციელებული საერთაშორისო სატელეფონო სატესტო ზარებით), შპს ,,ახალ ქსელებს“ არ მიუღია შესაბამისი ზომები აღნიშნულის აღკვეთისა და პრევენციის, მათ შორის, ქსელის დაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული შპს ,,ახალი ქსელების“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, მოქმედი რეგულაციების დარღვევით, საერთაშორისო ზარის შეცვლილი ,,ა“ ნომრით მის ქსელში დასრულება და საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად წარმოჩენა (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 9).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. აღნიშნული ნორმის მიზანია არ მოხდეს ავტორიზებული პირის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. ამ მიზნის მისაღწევად, კანონმდებელმა ავტორიზებულ პირს განუსაზღვრა ვალდებულება - უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის დაცულობა და არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. კანონის მიზნიდან გამომდინარე, აღნიშნული ვალდებულება ასევე მოიცავს ავტორიზებული პირის ვალდებულებას - დაიცვას თავისი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები სხვა პირების, მათ შორის თავისი აბონენტების, უკანონო შეღწევისაგან და არ დაუშვას მათ მიერ მისი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. ნორმის სხვაგვარი განმარტების შემთხვევაში, ის წინააღმდეგობაში მოვა კანონის მიზანთან, ვერ იქნება უზრუნველყოფილი კონკრეტული ურთიერთობის სწორი, სამართლიანი გადაწყვეტა და ვერ იქნება კანონის მიზანი მიღწეული. ამასთან, ნორმის სხვაგვარი განმარტება, მთელ რიგ შემთხვევებში (მაგ. ავტორიზებული პირი სარგებელს ღებულობს მისი ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობისაგან; ავტორიზებული პირი თავს შეიკავებს ქსელის დაცულობის მიზნით ხარჯების გაწევისაგან და ა.შ.), ხელს შეუწყობს ავტორიზებული პირის უმოქმედობას ამ მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ავტორიზებული პირების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებულ სარგებლობას (მაგ. საერთაშორისო ზარის, როგორც ადგილობრივი ზარის დასრულებას) და სახელმწიფოსთვის და კომპანიებისთვის ზიანის მიყენებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია, ავტორიზებული პირის მიმართვის საფუძველზე, იძლევა თანხმობას ავტორიზებულ პირებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე და არა ავტორიზებული პირის მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდების შეჩერებაზე. მომსახურების მიმწოდებლისა და მომსახურების მიმღებს შორის ურთიერთობა, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგულირდება მათ შორის დადებული მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით, სადაც, სხვა პირობებთან ერთად, ასახული უნდა იყოს მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები. შესაბამისად, კომისია ვერ გაიზირებს შპს ,,ახალი ქსელების“ განმარტებას იმის თაობაზე, რომ კომისიის თანხმობის გარეშე შპს ,,ახალი ქსელები“ მომსახურების მიწოდებას ვერ შეუწყვეტდა მომხმარებელს.
კომისია ვერ გაიზირებს შპს ,,ახალი ქსელების“ განმარტებას იმის თაობაზე, რომ მ/წ 10 ივნისს გავიდა სასკ-ის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების ორთვიანი ვადა, ვინაიდან კომისიის მიერ საერთაშორისო ზარის შეცვლილი ,,ა“ ნომრით დასრულება გამოვლინდა 2016 წლის 31 მარტს განხორციელებული სატესტო ზარების შედეგად, რაც ასევე დაფიქსირებული იყო 2016 წლის 10 აპრილს შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარდგენილ სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციაში - CDR.
2016 წლის 31 მარტს, სატელეფონო ნომერზე - 995 431 271366 განხორციელებული სატესტო საერთაშორისო სატელეფონო ზარი დასრულდა როგორც ადგილობრივი ზარი შეცვლილი „ა“ ნომრით - 995 32 2130414; შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში მ/წ 10 ივნისს წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის(CDR) შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული საერთაშორისო სატელეფონო სატესტო ზარი დაფიქსირებულია როგორც ადგილობრივი ზარი. იმის გასარკვევად, თუ საიდან და ვის მიერ მოხდა შპს ,,ახალ ქსელების“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულება შეცვლილი ,,ა“ ნომრით, 2016 წლის 12 აპრილს, კომისიის მიერ შპს ,,ახალი ქსელებისაგან“ გამოთხოვნილ (წერილი №01/1167) იქნა შესაბამისი ინფორმაცია, რომლის საპასუხოდ, შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ, 2016 წლის 25 აპრილს, კომისიაში წარმოდგენილი წერილისა(კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3896-16) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის (ხელშეკრულება დანართით; 213XXXX - ნუმერაციის რესურსის ჩამონათვალი) შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ სატელეფონო ნომერზე - 2130414, შპს ,,ახალი ქსელები“, შპს ,,ახალ ქსელებსა“ და შპს „ტრანს ლოჯისტიკს“ შორის 2015 წლის 17 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ადგილობრივ საკომუნიკაციო მომსახურებას უწევს შპს ,,ტრანს ლოჯისტიკს“; ასევე გაირკვა, რომ შპს ,,ახალი ქსელები“, კიდევ 199 სატელეფონო ნომერზე - 213 00XX; 213 01XX; 213 03XX; 213 04XX; 213 05XX, ადგილობრივ საკომუნიკაციო მომსახურებას უწევს შპს ,,ტრანს ლოჯისტიკს“; ხელშეკრულებაზე დანართი 1-ის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ადგილობრივი სატელეფონო ზარები შპს ,,ახალი ქსელების“ შიდა ქსელში არის უფასო. ასევე შესწავლილ და დადგენილ იქნა აღნიშნული სატელეფონო ნომრებიდან შპს „ახალი ქსელების“ ქსელში დასრულებული ზარების რაოდენობა (წთ); ასევე გაირკვა, რომ აღნიშნული ნომრებიდან ხორციელდება მხოლოდ გამავალი ზარები, რომლებიც სრულდება მხოლოდ შპს ,,ახალი ქსელების“ ქსელში; აღნიშნულ სატელეფონო ნომრებზე დაკავშირებისას ირთვება სპეციფიკური სიგნალი და ა.შ. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, უტყუარად იქნა გამოვლენილი შპს ,,ახალი ქსელების“ ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა, რაზედაც 2016 წლის 23 ივნისს შედგა მოხსენებითი ბარათი და შემოწმების აქტი. შესაბამისად, არ არის გასული სასკ-ის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების ორთვიანი ვადა.
კომისია განმარტავს, რომ კომისიის 2015 წლის 9 ივლისის №401/16 გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,სილქნეტს“ მიეცა თანხმობა ურთიერთჩართვის შეჩერებაზე შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან ან სხვა კომპანიიდან ტრანზიტულად (სხვა კომპანიის გავლით) შემომავალი ტრაფიკის დასრულებაზე შეზღუდვის მიზნით, სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით საერთაშორისო ზარების ლოკალური ტრაფიკისათვის გამოყოფილი არხით შესვლის ფაქტის უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაში, მიღებულ იქნა სს ,,სილქნეტის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული და შესწავლილი მტკიცებულებების საფუძველზე. სს ,,სილქნეტი“ საჩივარში მიუთითებდა, რომ 2014 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2015 წლის იანვრის თვეებში, სს ,,სილქნეტის“ მიერ საერთაშორისო სატესტო ზარების განხორციელების შედეგად, გამოვლინდა შპს ,,ახალი ქსელებიდან“ სს ,,სილქნეტის“ მიმართულებით საერთაშორისო ზარების შესვლა ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხის მეშვეობით, შეცვლილი ,,ა“ ნომრით და ითხოვდა აღნიშნული საკითხიის შესწავლას და ასეთის დადგენის შემთხვევაში, შპს ,,ახალ ქსელებისათვის“ შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ,,ჯტს“-დან შემომავალი ტრაფიკის სს ,,სილქნეტის“ ქსელში დასრულების შეზღუდვის დაკისრებას (იხ. კომისიის 2015 წლის 9 ივლისის №401/16 გადაწყვეტილება http://gncc.ge/ge/legal-acts/commission/solutions/2015-401-16.page.). შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ახალი ქსელების“ განმარტებას იმის თაობაზე, რომ ადგილი აქვს საქმის გარემოებათა იდენტურობას (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები).
ამავე დროს, ზემოაღნიშნული ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილება, რომლითაც საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით, დადგინდა ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ტარიფი - 0,09 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 1 წუთზე[1]. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო ზარის საქართველოში ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებისათვის აქციზის გადასახადი შეადგენს ერთ წუთზე 8 თეთრს[2], მას შემდეგ, რაც შპს ,,ახალი ქსელები“ საკომუნიკაციო მომსახურებას უწევს შპს ,,ტრანს ლოჯისტიკს“, შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესაბამისად, შემცირებულია შპს ,,ახალ ქსელებში“ დასრულებული საერთაშორისო ტრაფიკის რაოდენობა[3] და სახეზეა მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტები 6 და 7)[4], კომისიას მიაჩნია, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს ,,ახალი ქსელების“ ნუმერაციის რესურსისა და ქსელის გამოყენებით, შპს ,,ტრანს ლოჯისტიკის“ სარგებლობაში არსებული დანარჩენი 199 სატელეფონო ნომრების მეშვეობითაც საერთაშორისო ზარების ლოკალური ტრაფიკისთვის გამოყოფილი არხის მეშვეობით დასრულებას, რაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოადგენს კანონდარღვევას, შესაბამისად, განხორციელებული ტრაფიკის ოდენობიდან გამომდინარე (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 8), შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სახელმწიფოსთვის (აქციზის გადასახადი - 102728 ლარი) და კომპანიისთვის (115569.36 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) ქონებრივი ზიანის მიყენებას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ადმინისტრაციული წარმოების მასალები გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ახალმა ქსელებმა“ ვერ უზრუნველყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტებითა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თ) ქვეპუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულებები - შეინარჩუნოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის დაცულობა და არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალები უნდა გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწყების თაობაზე.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; ე) ქვეპუნქტის თანახმად, შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას ქსელის ინტეგრაცია და შეუვალობა, არ დაუშვას ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს ,,ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის გამო;
2. ადმინისტრაციული წარმოების მასალები გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ახალი ქსელებისათვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების დამოწმებული ასლების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნა ;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ახალი ქსელებისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს ,,ახალი ქსელებისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
