შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2016 11:13
მიღების თარიღი ივლისი 19, 2016
შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისია) აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მიერ, საერთაშორისო შემომავალი სატელეფონო ზარების კონტროლის მიზნით, 2016 წლის მარტში და აპრილში, განხორციელდა სატესტო საერთაშორისო სატელეფონო ზარები წინასწარი გადახდის საერთაშორისო სატელეფონო ბარათის მეშვეობით, რის შედეგად გამოვლინდა, რომ 2016 წლის 7 აპრილს, 11:38,11:38 და 11:40 სთ-ზე, სატელეფონო ნომერზე - 995 341 281001 განხორციელებული სამი საერთაშორისო სატელეფონო ზარიდან ორი დასრულდა შეცვლილი „ა“ ნომრით - 995 995 431 298080. აღნიშნული სატელეფონო ნომრით სარგებლობის ნებართვა, კომისიის 2012 წლის 7 სექტემბრის №584/24 გადაწყვეტილებით, გადაეცა შპს ,,მეტაკომს“, ხოლო შემდგომ, მომხმარებლის - შპს ,,ინტერ ტრანსის“ 2015 წლის 27 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, პორტირების გზით, გადავიდა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მფლობელობაში. 2015 წლის 2 დეკემბერს, შპს ,,ინტერ ტრანსა“ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის დაიდო საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციაში(CDR) ზემოაღნიშნული სატესტო საერთაშორისო ზარები მითითებულია როგორც ადგილობრივი ზარები. დეტალური ინფორმაციის(CDR) შემოწმების შედეგად ასევე გამოირკვა, რომ ზემოაღნიშნული სატელეფონო ნომრიდან შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართულებით განხორციელებული და დასრულებული სატელეფონო ზარების რაოდენობა (წთ) შეადგენს: 2016 იანვარი - 10 წთ, 2016 თებერვალი - 34979 წთ, 2016 მარტი - 50909 წთ, 2016 აპრილი - 46847 წთ, 2016 მაისი - 41197 წთ. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მოსაზრებით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევას - ავტორიზებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა, ვინაიდან შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მომხმარებლის - შპს „ინტერ ტრანსის“ მიერ მოხდა საერთაშორისო სატელეფონო ზარებზე რეალური ,,ა” ნომრის შეცვლა ადგილობრივი ნომრით და კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციის გვერდის ავლით საერთაშორისო სატელეფონო ზარების დასრულება შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” ქსელში. ყოველივე აღნიშნულზე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მიერ 2016 წლის 23 ივნისს შედგა მოხსენებითი ბარათი №შ-10/5989-16 და შემოწმების აქტი №3.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5989-16 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელსაც თან ერთვის: 2016 წლის 23 ივნისის №3 შემოწმების აქტი; მონიტორინგის პროგრამიდან ამონაბეჭდი განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წერილი (№2.3/341/ნშმკ; 22.06.2016); შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „ინტერ ტრანს“ შორის 2015 წლის 2 დეკემბერს დადებული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება; შპს „ინტერ ტრანსის“ 2015 წლის 27 ნოემბრის განცხადება პორტირების შესახებ; შპს „ინტერ ტრანსის“ 2015 წლის 8 დეკემბრის განცხადება SIP ტექნოლოგიის გამოყენებით მომსახურების მიწოდების თაობაზე; წინასწარი გადახდის ბარათის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 29 ივნისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 7 ივლისს. აღნიშნულის შესახებ, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება და ეთხოვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ახსნა-განმარტების 2016 წლის 5 ივლისამდე კომისიაში წარმოდგენა. ამავე დროს, ვინაიდან, საერთაშორისო შემომავალი სატელეფონო ზარების კონტროლის მიზნით განხორციელებული საერთაშორისო ზარი დასრულდა როგორც ადგილობრივი ზარი შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მომხმარებლის - შპს ,,ინტერ ტრანსის“ სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრის გამოყენებით, კომისიამ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტების მისაცემად, მოწმის სტატუსით, კომისიის სხდომაზე დაიბარა შპს ,,ინტერ ტრანსის“ დირექტორი, რის შესახებ მას გაეგზავნა უწყება ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად და ეცნობა კომისიის სხდომის დღის, დროისა და ადგილის თაობაზე.
შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ წარმოდგენილ წერილობითი (№2.3/282/ნშმა. 5.07.2016; №2.3/397/ნშმა. 18.07.2016) განმარტებებში და კომისიის სხდომებზე (7.07.2016; 19.07.16) დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ვინაიდან კომპანიის მიერ უზრუნველყოფილია მისი ქსელის დაცულობა და ადგილი არ აქვს მისი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებულ სარგებლობას. კომისიისთვის ცნობილია დამრღვევი პირი - შპს ,,ინტერ ტრანსი“ და თუ კომისიას სურს, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ მომსახურება შეუწყვიტოს შპს ,,ინტერ ტრანსს“, კომისიამ დასაბუთებული მოთხოვნით უნდა მიმართოს მას ამის თაობაზე. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განმარტებით, კომპანია ქსელის დაცვას ახდენს პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც იძლევა საშუალებას აღმოაჩინოს ქსელში არასანქცირებული დაშვება და მოახდინოს მისი დაბლოკვა, თუ აბონენტიდან ან ოპერატორიდან შემოვიდა არასწორი, დამახინჯებული, არასრული ,,ა“ ან ,,ბ“ ნომერი, ასევე, ტრანზიტულ ან ტანდემურ ზარებზე მოვიდა იმ ოპერატორის ან აბონენტის ნომერი, რომელსაც არ აქვს უფლება ისარგებლოს მისი ქსელით. ასეთის შემთხვევაში, ხდება ზარის იდენტიფიცირება და დაბლოკვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
2016 წლის 7 ივლისის კომისიის სხდომაზე, 2016 წლის 6 ივლისს უწყების ჩაბარების (გზავნილის კოდი: AP01000979021), მიუხედავად, არ გამოცხადდა მოწმის სტატუსით ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებული შპს ,,ინტერ ტრანსის“ დირექტორი და არც ახსნა-განმარტება წარმოადგინა კომისიაში. შესაბამისად, კომისიას შესაძლებლობა არ მიეცა გამოეკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, როგორ მოხდა შპს ,,ინტერ ტრანსის“ სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრით ზარის წამომწყები ,,ა“ ნომრის ჩანაცვლება; რით იყო გამოწვეული 2016 წლის თებერვლიდან ტრაფიკის მკვეთრი ზრდა; რით იყო გამოწვეული, რომ აღნიშნული სააბონენტო ნომრებიდან განხორციელებული გამავალი ზარები სრულდებდნენ მხოლოდ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ქსელში და ა.შ.
კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5989-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით: 2016 წლის 23 ივნისის შემოწმების №3 აქტი; მონიტორინგის პროგრამიდან ამონაბეჭდი განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წერილი (№2.3/341/ნშმკ; 15.06.2016); შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „ინტერ ტრანს“ შორის 2015 წლის 2 დეკემბერს დადებული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება; შპს „ინტერ ტრანსის“ 2015 წლის 27 ნოემბრის განცხადება პორტირებისა და 2015 წლის 8 დეკემბრის განცხადება SIP ტექნოლოგიის გამოყენებით მომსახურების მიწოდების თაობაზე; წინასწარი გადახდის ბარათის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2016 წლის 5 ივლისის №2.3/282/ნშმა და 18 ივლისის №2.3/397/ნშმა წერილები;
3. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
4. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც.უჯმაჯურიძის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება;
5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც.უჯმაჯურიძის 2016 წლის 11 ივლისის №შ-10/6666-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით;
6. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შესახებ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. საერთაშორისო შემომავალი სატელეფონო ზარების კონტროლის მიზნით, წინასწარი გადახდის საერთაშორისო სატელეფონო ბარათის მეშვეობით, განხორციელდა სატესტო საერთაშორისო შემომავალი ზარები, რის შედეგად გამოვლინდა, რომ 2016 წლის 7 აპრილს, 11:38,11:38 და 11:40 სთ-ზე, სატელეფონო ნომერზე - 995 341 281001 განხორციელებული სამი საერთაშორისო სატელეფონო ზარიდან ორი ზარი დასრულდა შეცვლილი „ა“ ნომრით - 995 995 431 298080 (ქ.რუსთავის ადგილობრივი სატელეფონო ნომერი);
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5989-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით.
2. კომისიის 2012 წლის 7 სექტემბრის №584/24 გადაწყვეტილებით, ნუმერაციის რესურსი - 298080 სარგებლობის ნებართვით გადაეცა შპს ,,მეტაკომს“, ხოლო შემდგომ, მომხმარებლის - შპს ,,ინტერ ტრანსის“ 2015 წლის 27 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, დაპორტირდა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციაში“. 2015 წლის 2 დეკემბერს შპს ,,ინტერ ტრანსსა“ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის დაიდო საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5989-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით. კომისიის 2012 წლის 7 სექტემბრის №584/24 გადაწყვეტილება.
3. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 15.02.2010. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება ინტერნეტ მომსახურება;
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან 2016 წლის 7 ივლისის მდგომარეობით.
4. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „ინტერ ტრანს“ შორის 2015 წლის 2 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებისა და შპს ,,ინტერ ტრანსის“ 2015 წლის 8 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ SIP ტექნოლოგიის გამოყენებით საკომუნიკაციო მომსახურებას უწევს შპს „ინტერ ტრანსს“ სატელეფონო ნომერზე - 298080 (ქ.რუსთავის ადგილობრივი სატელეფონო ნომერი);
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5989-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალებით.
5. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციაში(CDR), 2016 წლის 7 აპრილს, სატელეფონო ნომერზე - 995 341 281001 განხორციელებული სატესტო საერთაშორისო სატელეფონო ზარები დაფიქსირებულია როგორც ადგილობრივი ზარები;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5989-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით.
6. შპს ,,ინტერ ტრანსის“ სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრიდან - 298080 განხორციელებული გამავალი სატელეფონო ზარები დასრულდა მხოლოდ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ქსელში;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5989-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით.
7. შპს „ინტერ ტრანსის“ მიერ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართულებით განხორციელებული და დასრულებული სატელეფონო ზარების რაოდენობა (წთ) შეადგენს: 2016 წლის იანვარი - 10 წთ, 2016 წლის თებერვალი - 34979 წთ, 2016 წლის მარტი - 50909 წთ, 2016 წლის აპრილი - 46847 წთ, 2016 წლის მაისი - 41197 წთ; 2016 წლის ივნისი - 64501 წთ. სულ: 238433 წთ.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5989-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავრი სპეციალისტის ახსნა-განმარტება.
8. შპს „ინტერ ტრანსის“ მიერ შპს ,,მეტაკომის“ მიმართულებით განხორციელებული და დასრულებული სატელეფონო ზარების რაოდენობა (წთ) შეადგენს: 2015 წლის ივნისი - 45 წთ, 2015 წლის ივლისი - 18 წთ, 2015 წლის აგვისტო - 15 წთ, 2015 წლის სექტემბერი - 19 წთ, 2015 წლის ოქტომბერი - 12 წთ; 2015 წლის დეკემბერი - 8 წთ;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების 2016 წლის 23 ივნისის №შ-10/5989-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით.
9. 2016 წლის 10 ივნისს, 10:52 სთ-ზე, სატელეფონო ნომერზე - 995 431 270011 განხორციელებული სატესტო საერთაშორისო სატელეფონო ზარი შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მომხმარებლის - შპს ,,ინტერ ტრანსის“ სარგებლობაში არსებული შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ნუმერაციის რესურის მეშვეობით დასრულდა შეცვლილი ,,ა“ ნომრით - 995 32 298080. აღნიშნული ზარი შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატელეფონო ზარების შესახებ დეტალურ ინფორმაციაში(CDR) მითითებულია როგორც ადგილობრივი ზარი;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის №შ-10/6666-16 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით.
10. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ნუმერაციის რესურსისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ქსელში საერთაშორისო სატელეფონო ზარი, მოქმედი რეგულაციების დარღვევით, დასრულდა როგორც ადგილობრივი ზარი (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტები 1 და 9). შესაბამისად, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ ვერ უზრუნველყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტებითა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თ) ქვეპუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულებები - შეინარჩუნოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის დაცულობა და ინტეგრაცია; არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ადგილი არ ჰქონდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევას.
მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ნუმერაციის რესურისა და ქსელის გამოყენებით, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მომხმარებლის - შპს ,,ინტერ ტრანსიდან“ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ქსელში დასრულებული სატელეფონო ზარების რაოდენობა (წთ) მკვეთრად გაიზარდა (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 7), ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არსებობს საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობისა და საერთაშორისო ზარების შეცვლილი ,,ა“ ნომრით დასრულების ალბათობა, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ არ მიუღია ზომები აღნიშნულის გამორკვევის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით. უფრო მეტიც, მას შემდგომ, რაც შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ცნობილი გახდა, რომ ადგილი აქვს მისი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საერთაშორისო ზარის დასრულებას შეცვლილი ,,ა“ ნომრით (რაც ხელმეორედ დადასტურდა კომისიის აპარატის უფლებამოსილი პირების მიერ 2016 წლის 10 ივნისს განხორციელებული საერთაშორისო სატელეფონო სატესტო ზარებით), შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ არ მიუღია შესაბამისი ზომები აღნიშნულის აღკვეთისა და პრევენციის, მათ შორის, ქსელის დაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, მოქმედი რეგულაციების დარღვევით, საერთაშორისო ზარის შეცვლილი ,,ა“ ნომრით დასრულება და საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად წარმოჩენა (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 9).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. აღნიშნული ნორმის მიზანია არ მოხდეს ავტორიზებული პირის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. ამ მიზნის მისაღწევად, კანონმდებელმა ავტორიზებულ პირს განუსაზღვრა ვალდებულება - უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის დაცულობა და არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. კანონის მიზნიდან გამომდინარე, აღნიშნული ვალდებულება ასევე მოიცავს ავტორიზებული პირის ვალდებულებას - დაიცვას თავისი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები სხვა პირების, მათ შორის თავისი აბონენტების, უკანონო შეღწევისაგან და არ დაუშვას მათ მიერ მისი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. ნორმის სხვაგვარი განმარტების შემთხვევაში, ის წინააღმდეგობაში მოვა კანონის მიზანთან, ვერ იქნება უზრუნველყოფილი კონკრეტული ურთიერთობის სწორი, სამართლიანი გადაწყვეტა და ვერ იქნება კანონის მიზანი მიღწეული. ამასთან, ნორმის სხვაგვარი განმარტება, მთელ რიგ შემთხვევებში (მაგ. ავტორიზებული პირი სარგებელს ღებულობს მისი ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობისაგან; ავტორიზებული პირი თავს შეიკავებს ქსელის დაცულობის მიზნით ხარჯების გაწევისაგან და ა.შ.), ხელს შეუწყობს ავტორიზებული პირის უმოქმედობას ამ მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ავტორიზებული პირების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებულ სარგებლობას (მაგ. საერთაშორისო ზარის, როგორც ადგილობრივი ზარის დასრულებას) და სახელმწიფოსთვის და კომპანიებისთვის ზიანის მიყენებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია, ავტორიზებული პირის მიმართვის საფუძველზე, იძლევა თანხმობას ავტორიზებულ პირებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე და არა ავტორიზებული პირის მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდების შეჩერებაზე. მომსახურების მიმწოდებლისა და მომსახურების მიმღებს შორის ურთიერთობა, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგულირდება მათ შორის დადებული მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით, სადაც, სხვა პირობებთან ერთად, ასახული უნდა იყოს მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები. შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ კომისიის დასაბუთებული მოთხოვნის გარეშე, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მომსახურების მიწოდებას ვერ შეუწყვეტდა შპს ,,ინტერ ტრანსს“, რომელმაც, მისივე განმარტებით, საერთაშორისო ზარი დაასრულა შეცვლილი ,,ა“ ნომრით.
ამავე დროს, ზემოაღნიშნული ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილება, რომლითაც საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით, დადგინდა ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ტარიფი - 0,09 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 1 წუთზე[1]. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო ზარის საქართველოში ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებისათვის აქციზის გადასახადი შეადგენს ერთ წუთზე 8 თეთრს[2], ხოლო შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში მითითებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საკომუნიკაციო მომსახურებას უწევს შპს ,,ინტერ ტრანსს“, შემცირებულია შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ქსელში დასრულებული საერთაშორისო ტრაფიკის რაოდენობა[3], კომისიას მიაჩნია, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ნუმერაციის რესურსისა და ქსელის გამოყენებით, შპს ,,ინტერ ტრანსის“ სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრით საერთაშორისო ზარების შეცვლილი ,,ა“ ნომრით დასრულებას, შესაბამისად, საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარებად წარმოჩენას, რაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოადგენს კანონდარღვევას, შესაბამისად, განხორციელებული ტრაფიკის ოდენობიდან გამომდინარე (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 7), შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სახელმწიფოსთვის (აქციზის გადასახადი - 19074 ლარი) და კომპანიისთვის (21458.97 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) ქონებრივი ზიანის მიყენებას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ადმინისტრაციული წარმოების მასალები გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ ვერ უზრუნველყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტებითა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თ) ქვეპუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულებები - შეინარჩუნოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის დაცულობა და არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალები უნდა გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწყების თაობაზე.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; ე) ქვეპუნქტის თანახმად, შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას ქსელის ინტეგრაცია და შეუვალობა, არ დაუშვას ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის გამო;
2. ადმინისტრაციული წარმოების მასალები გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების დამოწმებული ასლების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
