შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2016 11:17
მიღების თარიღი ივლისი 19, 2016
შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ
I.საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, კომისიაში გამართული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „ჯეოსელს“ შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ გაფორმებული აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რასთან დაკავშირებით, აღნიშნული კომპანიების მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიაში, კანონით დადგენილი წესით. კომისიის 2016 წლის 30 ივნისის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის დავალების შესაბამისად, კომისიაში 2016 წლის 4 ივლისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებით ეცნობა ჯეოსელს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესაბამისად, დგინდება შემდეგი დარღვევები:
- შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება;
- სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს კომპანია ავსებდა არასრულად, კერძოდ არ წარმოადგენდა ინფორმაციას შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ ურთიერთჩართვის თაობაზე;
- შპს „ჯეოსელმა“ არ წარმოადგინა კომისიის მიერ 2012 წლის 23 აგვისტოს N08/2129-12 წერილით გამოთხოვილი ინფორმაცია სრულად, კერძოდ, მის მიერ დროის ინტერვალში საერთაშორისო ზარების ჯამური მოცულობის (შემდგომში – ტრაფიკი) თაობაზე წარმოდგენილ CDR-ებში არ იყო დატანილი ინფორმაცია შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსის“ ტრაფიკის თაობაზე.
შპს „ჯეოსელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი კომისიის მიერ განხილული იქნა კომისიის 2016 წლის 7 და 19 ივლისის სხდომებზე.
კომისიის 2016 წლის 7 და 19 ივლისის სხდომებზე შპს „ჯეოსელს“ წარმოადგენდა კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი ლევან გიორგაძე, რომლის განმარტებით, შპს „ჯეოსელის“ მიერ შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ ურთიერთჩართვის თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოუდგენლობა, კერძოდ, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შესაბამისი ველების შეუვსებლობა და ტრაფიკის თაობაზე წარმოდგენილ CDR-ებში შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ ურთიერთჩართვის ამსახველი ტრაფიკის გამოტოვება განპირობებული იყო შპს „ჯეოსელის“ ერთ-ერთი თანამშრომლის ადამიანური შეცდომით. მისი განმარტებით შპს „ჯეოსელი“ კომისიაში ძველი ფორმებით (საუბარია 2012 წელს გაუქმებულ ფორმებზე) აგზავნიდა ინფორმაციას კომისიის ერთ-ერთი თანამშრომლის ელექტრონულ მისამართზე, რომელშიც ასევე შედიოდა ინფორმაცია შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ ურთიერთჩართვაზე; რაც შეეხება შპს „ჯეოსელსა“ და შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენს“ შორის 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარმოუდგენლობას, ლ. გიორგაძის განცხადებით, შპს „ჯეოსელმა“ აღნიშნული ვალდებულების შესრულება დააკისრა შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსს“, რომელმაც ხსენებული ვალდებულება არ შეასრულა.
შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ ასევე განმარტა, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები საკითხის განხილვის დღისათვის აღმოფხვრილია, ამასთანავე, აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენიდან გასულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ორთვიანი ხანდაზმულობის ვადა და კომპანიას სანქცია არ უნდა დაეკისროს.
II.კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 13.04.16 Nშ-10/3382-16 მოხსენებითი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 30.06.16 Nშ-10/6199-16 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის 2012 წლის 23.08.12 N08/2129-12 წერილი, რომლის თანახმად, ყველა სატელეფონო ოპერატორს დაევალა CD-ზე დატანილი ტრაფიკის თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;
- კომისიის 2016 წლის 25 მაისის N03/1541-16 წერილი შპს „ჯეოსელს“;
- შპს „ჯეოსელსა“ და შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენს“ შორის 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება;
- შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში 2016 წლის 03 ივნისს Nშ-6/5157-16 წარმოდგენილი წერილი, რომელსაც დართული ჰქონდა შპს „ჯეოსელსა“ და შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენს“ შორის 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება;
- შპს „ჯეოსელის“ 2016 წლის 18 ივლისს კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია (კომისიაში რეგისტრაციის: N6/7093-16, 18.07.2016) შპს „ჯეოსელსა“ და სხვა ავტორიზებულ პირთა შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში მითითებული E1-ის ოდენობები.
III.კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს ,,ჯეოსელი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 09.03.2006. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება);
- შპს „ჯეოსელი“, კომისიის 2010 წლის 17 ივნისის N240/9 გადაწყვეტილების საფუძველზე, წარმოადგენს მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს;
- შპს „ჯეოსელი“ 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით, კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 და 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებებით დამტკიცებულ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს ავსებდა არასრულად, კერძოდ არ წარმოადგენდა ინფორმაციას შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ ურთიერთჩართვის თაობაზე, აღნიშნული დარღვევა შპს „ჯეოსელმა“ აღმოფხვრა 2016 წლის აპრილის თვეში, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში კორექტირების გზით, მას შემდეგ, რაც კომისიის მონიტორინგის ჯგუფმა განახორციელა სატესტო ზარები და აღმოაჩინა შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსის“ მიერ შპს „ჯეოსელის“ ქსელში განხორციელებული ტრაფიკი;
- შპს „ჯეოსელი“ 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის აპრილამდე არ წარმოადგენდა კომისიის მიერ 2012 წლის 23 აგვისტოს N08/2129-12 წერილით მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად, კერძოდ, მის მიერ ტრაფიკის თაობაზე წარმოდგენილ CDR-ებში არ იყო დატანილი ინფორმაცია შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსის“ ტრაფიკის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია შპს „ჯეოსელმა“ კომისიაში წარმოადგინა 2016 წლის 14 აპრილს;
- შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, კომისიაში გამართული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიის მიერ გამოვლინდა, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და შპს „ჯეოსელს“ დაუყოვნებლივ, 2015 წლის 25 მაისს გაეგზავნა წერილი (N03/1541-16), აღნიშნული ხელშეკრულების წარმოდგენის მოთხოვნით. შპს „ჯეოსელმა“ ხელშეკრულება კომისიაში წარმოადგინა 2016 წლის 3 ივნისს.
- 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსის“ მიერ შპს „ჯეოსელში“ დასრულებული ზარების საერთო ხანგრძლივობამ შეადგინა 12 352 852 წუთი;
- შპს „ჯეოსელსა“ და შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, მხარეები ურთიერთჩართვას უზრუნველყოფენ თბილისში 16 ცალი E1-ის მეშვეობით, რაც განსაკუთრებით დიდი მოცულობის ტრაფიკის გასატარებლად საჭირო ტექნიკურ პირობას წარმოადგენს.
- შპს „ჯეოსელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის მანძილზე ანალოგიური დარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
- „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 ივნისის N240/9 გადაწყვეტილების 4.3. პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ჯეოსელს“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაეკისრა საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების პირობების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტაზე) მსურველი ავტორიზებული პირის მხრიდან აქცეპტის მიღების თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ყველა სამართლიანი და გონივრული ზომის მიღება, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად შეთანხმება, აქცეპტანტ ავტორიზებულ პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ორმხივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენა;
- „კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებითა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით დამტკიცდა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, რომელთა შევსება სავალდებულოა ყველა ავტორიზებული პირისთვის.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
შპს „ჯეოსელის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების არასრულად წარმოდგენით, კომპანიის მიერ დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ასევე კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 და 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებები.
შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ CDR-ებში, ტრაფიკის თაობაზე ინფორმაციის არასრულად ასახვით, კომპანიის მიერ დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
შპს „ჯეოსელის“ მიერ შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს „ჯეოსელის“ მიერ დარღვეული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი და კომისიის 2010 წლის 17 ივნისის N240/9 გადაწყვეტილების 4.3. პუნქტის გ) ქვეპუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ დარღვევის აღმოფხვრა არ წარმოადგენს კომპანიის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების უპირობო საფუძველს, მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში, როგორიც არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ, მისთვის კანონით და კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობა, კერძოდ, ავტორიზებულ პირ შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების კომისიაში წარმოუდგენლობა, რაც გამოიყენება ბაზრის ანალიზისა და რეგულირებისთვის.
კომისიის 2016 წლის 19 ივლისის კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრის მერაბ ქათამაძის განმარტებით, იგი მხარს უჭერს შპს „ჯეოსელის“ სანქცირებას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების კომისიაში წარმოუდგენლობა, კომისიისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის 25 მაისს, მაშინ, როდესაც გაიგზავნა წერილი შპს „ჯეოსელთან“ და დაევალა შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენა; შესაბამისად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „ჯეოსელისთვის“ წერილის გაგზავნის თარიღიდან 2 თვიანი ვადა არ არის გასული, იგი მიიჩნევს, რომ კომპანიას უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო.
შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, კომისიაში გამართული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიისთვის ცნობილი გახდა შემდეგი გარემოებები:
- კომისიაში წარმოდგენილ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში, შპს „ჯეოსელის“ მიერ თითქმის ერთი წლის მანძილზე არ ივსებოდა ინფორმაცია შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ ურთიერთჩართვის თაობაზე, რომელთანაც კომპანიას დაუფიქსირდა დიდი მოცულობის ტრაფიკი;
- კომისიაში წარმოდგენილი CDR-ები, რომლებსაც კომპანიები ყოველთვიურად აწვდიან კომისიას და უთითებენ ინფორმაციას ტრაფიკის თაობაზე, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი იყო არასრულად, კერძოდ, შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსის“ ტრაფიკთან დაკავშირებული ინფორმაციის გარეშე.
- შპს „ჯეოსელსა“ და შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსს“ შორის 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, მხარეები ურთიერთჩართვას უზრუნველყოფენ თბილისში 16 ცალი E1-ის მეშვეობით, რაც გულისხმობს დიდი მოცულობის ტრაფიკის გატარების ტექნიკურ შესაძლებლობას და შეუსაბამოა ახლადშექმნილ მცირე კომპანიასთან (როგორიც არის შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსი“) ურთიერთობის დასაწყებად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შპს “ჯეოსელის” ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებისგან განსხვავებით, ანგარიშსწორების სხვაგვარ, შედარებით გართულებულ პირობებს (დასასრულებელი ტრაფიკის სავარაუდო პროგნოზის წარმოდგენა, ყოველთვიური ფინანსური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა (ავანსი, საბანკო გარანტია)) უწესებს იმ ავტორიზებულ პირებს, რომლებიც არ არიან ცნობილნი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად.
- მას შემდგომ, რაც კომისიისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ამ ორი კომპანიის ურთიერთჩართვის თაობაზე, ურთიერთჩართვა შეწყდა.
ზემოაღნიშნული გარემოებების მოკვლევა და კვალიფიკაცია სცილდება კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალები გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში.
V.სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 95-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს გაფრთხილება შპს „ჯეოსელს“, შპს „ჯოდო ტელეკომუნიქეიშენსთან“ 2015 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარმოუდგენლობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის და კომისიის 2010 წლის 17 ივნისის 240/9 გადაწყვეტილების 4.3. პუნქტის გ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
2. ადმინისტრაციული წარმოების მასალები გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების დამოწმებული ასლების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6), ერთი თვის ვადაში, შპს „ჯეოსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
