შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მობიტელს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2016 11:28
მიღების თარიღი ივლისი 19, 2016
შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მობიტელს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/6576-16; 08.07.2016) შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ. წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, ბოლო ერთი წლის მანძილზე ხშირია შემთხვევები, როდესაც შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში პორტირებული ნომრები ვერ იღებენ შემომავალ ზარს შპს ,,მობიტელის“ ქსელიდან. შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით, მიუხედავად არაერთი წერილობითი მიმართვისა, შესაბამისი ზომების მიღების თაობაზე, პორტირებული ნომრების ნაწილს დღემდე აქვს პრობლემა შპს ,,მობიტელიდან“ შემავალი ზარების მიღებაზე, რის გამოც, შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტებს მომსახურება მიწოდებათ ხარვეზებით, რაც არ არის გამოწვეული შპს ,,მაგთიკომის“ ბრალით. შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, ზემოაღნიშნულის გამო ილახება შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტების ინტერესები და მნიშვნელოვანი ზიანი ადგება შპს ,,მაგთიკომის“ იმიჯს.
მოთხოვნა:
კომისიის მიერ შპს ,,მობიტელისთვის“ არსებული პრობლემების აღმოფხვრის დავალდებულება, ისე, რომ მომავალშიც არ განმეორდეს საჩივარში მითითებული ხარვეზები, რათა აბონენტებმა სრულყოფილად მიიღონ შპს ,,მობიტელიდან“ შემავალი ზარები.
შპს „მაგთიკომის“ საჩივარს თან ერთვის შპს ,,მობიტელისადმი“ გაგზავნილი 2015 წლის 5 აგვისტოს, 2015 წლის 26 ოქტომბრის, 2016 წლის 13 მაისის და 2016 წლის 5 ივლისის წერილები, ფიზიკურ პირ ნ. დეკანოიძის 2016 წლის პირველი ივლისის ელექტრონული წერილის ამონაბეჭდი კომპანია G&A GROUP-ის კორპორატიულ ნომრებზე შპს ,,მობიტელის“ ქსელიდან სატელეფონო ზარების მიუღებლობასთან დაკავშირებით და CD დისკი, რომელშიც, შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით, მოცემულია იმ სატელეფონო ნომრების ჩამონათვალი, რომლებზეც კვლავ არსებობს საჩივარში მითითებული პრობლემები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ განცხადების (18.05.2016; №შ-6/4515-16) საფუძველზე, რომელიც ეხებოდა შპს „მაგთიკომის“ ქსელში პორტირებულ მომხმარებლებთან შპს ,,მობიტელის“ ქსელიდან სატელეფონო ხმოვანი კავშირის ხარვეზით მიწოდებას, კომისიამ 2016 წლის 24 მაისის №01/1517-16 წერილით შპს ,,მობიტელისგან“ მოითხოვა ზემოაღნიშნული ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრა. შპს ,,მობიტელის“ საპასუხო წერილით (№შ-6/5191-16; 06.06.2016) კომისიას ეცნობა, რომ აღნიშნული პრობლემა გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით, სისტემა ვერ ახერხებს ავტომატურ რეჟიმში მუშაობას და აუცილებელია ადამიანური რესურსის აქტიური ჩარევა. ამავე წერილში, შპს ,,მობიტელმა“ აღნიშნა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მუშაობდა დაჩქარებულ რეჟიმში და მისი ვარაუდით პრობლემა აღმოფხვრილი უნდა ყოფილიყო 2016 წლის პირველი ივლისისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მაგთიკომის“ საჩივრის საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მობიტელს“ შორის არსებულ დავაზე. არსებული დავის განხილვასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2016 წლის 19 ივლისს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (№03/2648-16; 12.07.2016; №03/2649-16; 12.07.2016;) ეცნობა შპს ,,მაგთიკომს“ და შპს ,,მობიტელს“ და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები და მტკიცებულებები წარმოედგინათ კომისიაში მოსამზადებელ სხდომამდე.
კომისიის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლები ი. შარაბიძე და ნ.დავითაშვილი და შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენლები ი. ესართია და ი. აფრიდონიძე.
კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელმა ი. ესართიამ აღნიშნა, რომ შპს ,,მობიტელს“ ჰქონდა მიმოწერა მიმწოდებელთან არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით. მისი განმარტებით, მიმწოდებლის მიერ მიღებული გარკვეული ზომების მიუხედავად, ხარვეზი არ გასწორდა და მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის აღმოფხვრაზე. შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნული წარმოადგენდა შპს ,,მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. მან ასევე აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში სხვა ოპერატორთა ქსელში პორტირებულ ნომრებზე სატელეფონი ზარის განუხორციელებლობის პრობლემის 680 შემთხვევას ჰქონდა ადგილი და სხვა ოპერატორებსაც აქვთ იგივე პრობლემა, როცა იზრდება პორტირების ტემპი.
შპს ,,მაგთიკომის“ და შპს ,,მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადებების, მხარეთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სატელეფონო ზარის წამომწყებ, ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირს ეკისრება პორტირებულ სააბონენტო ნომერზე სატელეფონო ზარის დამისამართების ვალდებულება;
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,მაგთიკომი“ და შპს ,,მობიტელი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა შპს ,,მობიტელის“ მიერ ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაიწყოს დავის განხილვა შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,მობიტელს“ შორის. კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვის დღედ და დროდ უნდა განისაზღვროს 2016 წლის 28 ივლისი, 15:00 საათი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,მობიტელს“ შორის არსებული დავის განხილვა დაინიშნოს 2016 წლის 28 ივლისს, 15:00 საათზე;
- დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2016 წლის 19 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
