წვდომის მენიუ

შპს „CTV-ჯორჯიას” ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

ნომერი: 501 / 3

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2016 10:50

მიღების თარიღი ივლისი 21, 2016

შპს CTV-ჯორჯიას ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციის დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები. ამავე გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შპს „CTV-ჯორჯიას” მიმართ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უკვე გამოყენებულ იქნა გაფრთხილება და ჯარიმა. კერძოდ, კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის N522/18 გადაწყვეტილებით შპს „CTV-ჯორჯიას” მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო; ასევე კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის N790/18 გადაწყვეტილებით შპს „CTV-ჯორჯიას” დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და კომისიის 2015 წლის 1 სექტემბრის N522/18 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო;

კომისია აღნიშნავს, რომ როგორც ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 20 იანვრის სამსახურებრივი ბარათიდან (10/532-16, 20/01/2016) ირკვევა შპს „CTV- ჯორჯიას” არ აღმოუფხვრია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში მითითებული დარღვევები. 2016 წლის 14 ივლისის მდგომარეობით შპს „CTV-ჯორჯიას” არ წარმოუდგენია 2012 წლის ივნისის თვიდან  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, აგრეთვე ავტორიზაციის გავლიდან დღემდე სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „CTV-ჯორჯია” ფლობას ავტორიზაციას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შემდეგ მომსახურებებზე:

A.F.1

 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

საკითხის განხილვა გაიმართა 2016 წლის 14 ივლისის სხდომაზე. საკითხის განხილვას არ ესწრებოდა კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ შეტყობინება, საკითხის განხილვის ჩანიშვნის შესახებ, რომელიც კომპანიას გაეგზავნა 2016 წლის 8 ივლისს (№06/2606-16) იმ მისამართზე, რაც მითითებულია კომისიის უწყებრივ რეესტრში ვერ ჩაბარდა. კომისიამ, 2016 წლის 14 ივლისის სხდომაზე  მიიღო გადაწყვეტილება საკითხის განხილვის 2016 წლის 21 ივლისისთვის გადადების თაობაზე, ხოლო კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალა ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების, მისი  ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ  ხელახალი შეტყობინების მომზადება, მისი გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ასევე გაგზავნა  შპს „CTV-ჯორჯიასთვის” კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ მისამართზე.

2016 წლის 21 ივლისს გამართულ კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს „CTV-ჯორჯიას” უფლებამოსილი წარმომადგენელი. თუმცა შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების, მისი  ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ  2016 წლის 15 ივლისს კომისიის ოფიცალურ ვებ-გვერდზე  საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული. კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ  უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  შპს „CTV-ჯორჯიას” დაუსწრებლად.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-191 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების  და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეუჩერდეს ავტორიზაცია შპს „CTV-ჯორჯიას” (ს/კ205131524) დარღვევის აღმოფხვრამდე;

2. განემარტოს შპს „CTV-ჯორჯიას”, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან;

3. განემარტოს შპს „CTV-ჯორჯიას”, რომ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) შპს „CTV-ჯორჯიასთვის” ამ გადაწყვეტილების ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                   გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                   მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები