შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და „შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” მაუწყებლობის №B17 და №B18 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 8 მაისის №311/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2016 10:51
მიღების თარიღი ივლისი 28, 2016
შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და „შპს ტელერადიოკომპანია ”ევრიკას” მაუწყებლობის №B17 და №B18 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 8 მაისის №311/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №№7/5236-16, 6/5258-16, 07.06.2016წ.) მიმართა შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიამ“ მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს №B18 ლიცენზიის ქვესახეობად საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (გასართობი/შემეცნებითი) რადიომაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოთხოვნა ძირითადად განპირობებულია ფინანსური სიძნელეებით. კომპანიას ამ ეტაპზე არ გააჩნია არანაირი შემოსავალი. მომავალშიც მწირ შემოსავალს მხოლოდ რეკლამიდან ელოდება, რაც არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ გაკეთდეს საინფორმაციო და პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემები. გარდა ამისა, კომპანიის მიერ ჩატარებულმა მსმენელის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქ. თბილისსა და მის შემოგარენში უფრო აქტუალურია გასართობი და შემეცნებითი ხასიათის გადაცემები და ხარისხიანი მუსიკა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ევრიკა ტელერადიოკომპანია” ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B18 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2013 წლის 8 მაისის №311/6 და 2015 წლის 24 დეკემბრის №813/22 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 100,3 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №437/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიას” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 8 მაისის №311/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 28 ივლისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად - ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/5461-16, 14/06/2016) თანახმად, “ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისი მდებარეობს N259 სამაუწყებლო ზონაში. „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 10 მარტის N160/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, N259 სამაუწყებლო ზონაში რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
1. სათემო რადიომაუწყებლობა;
2. საერთო რადიომაუწყებლობა;
3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა;
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დღეს მოქმედი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შესაბამისად ქ. თბილისში (ზონა N259) საერთო რადიომაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა, დეპარტამენტის აზრით ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხს, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2016 წლის 28 ივლისს 15:00 საათზე. სხდომას არ ესწრებოდა შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიის” უფლებამოსილი წარმომადგენელი. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა კერძო მაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის კერძო მაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიის”კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B18 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2013 წლის 8 მაისის №311/6 გადაწყვეტილებაში და:
ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი/შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა“;
ბ) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჟ) ქვეპუნქტი:
„ჟ) უზრუნველყოს ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
ვ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ევრიკა ტელერადიოკომპანიისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
