რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2016 10:58
მიღების თარიღი ივლისი 28, 2016
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/6813-16, 14.07.2016) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანიამ ვერ მოიძია ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (982,084.50 ლარი) გადასახდელად საჭირო თანხები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილებით გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2026 წლის 2 ივნისამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 71.0. მჰც ± 3 მჰც, დანიშნულება - ავტორიზაციით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობა;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვრა 982,084.50 ლარის ოდენობით. კომპანიას თანხა უნდა გადაეხადა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 ივლისამდე;
163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 აგვისტომდე;
163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 სექტემბრამდე;
163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 ოქტომბრამდე;
163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 ნოემბრამდე;
163 680.75 ლარი - 2016 წლის 2 დეკემბრამდე.
კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ მიერ არ განხორციელებულია 2016 წლის 2 ივლისამდე გადასახდელი თანხის (163 680.75 ლარი) ჩარიცხვა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში. ამავე დროს კომპანიის მიერ სწორედ მითითებული თანხის გადაუხდელობის გამო მოთხოვნილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F13 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №348/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 25 აგვისტოს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნებისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
