წვდომის მენიუ

შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის განხილვის თაობაზე

ნომერი: 521 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 30, 2016 13:07

მიღების თარიღი ივლისი 28, 2016

შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის განხილვის თაობაზე

მხარეები:

საჩივრის ავტორი: ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

წარმომადგენელი: ვ. მამულია

მოწინააღმდეგე მხარე: შპს „სტუდია მაესტრო“

წარმომადგენელი: ნ. ქურდოვანიძე

დავის საგანი: სარეკლამო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით მაუწყებლის ეთერში  განთავსება

I.დავის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 23 ივნისს ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (შემდგომში „საია“) კომისიას მიმართა საჩივრით (Nშ-6/5969-16) შპს „სტუდია მაესტროსთან“, სოციალური რეკლამის განთავსების თაობაზე, დავის განხილვის მოთხოვნით. აღნიშნული საჩივრის თანახმად, საიამ  წერილობით მიმართა (08.06.2016 Nგ-06/108-16) შპს „სტუდია მაესტროს“ სოციალური რეკლამის განთავსების თხოვნით; საიას საჩივრის თანახმად, რეკლამა შეეხება მოქალაქეების ინფორმირებას ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემატიკასთან დაკავშირებით. შპს „სტუდია მაესტრომ“ უარი განაცხადა საიას რეკლამის განთავსებაზე და აცნობა შემდეგი: „სამწუხაროდ შპს „სტუდია მაესტრო“-ს და „საიას“ შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე იძულებულები ვართ თქვენს თხოვნაზე უარი განგიცხადოთ“. საიამ მიიჩნია, რომ სოციალური რეკლამის განთავსებაზე მაუწყებლის უარი   ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

საიას საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული აქვს:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით  წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.
  2. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი, რომლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია, როგორც  მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
  3. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტი, ითვალისწინებს, რომ მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მაუწყებელს აკისრია გარკვეული ვალდებულებები საზოგადოების წინაშე, მათ შორის ერთ-ერთ ასეთ ვალდებულებას წარმოადგენს სოციალური რეკლამის ეთერში განთავსება. სოციალური რეკლამა ემსახურება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მიუღებელია მისი განთავსების შეზღუდვა მაუწყებლის მიერ.

საიას მოთხოვნები:

  1. შესწავლილ იქნას შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი;
  2. კომისიამ განუმარტოს შპს „სტუდია მაესტროს“ სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულება და წესი;
  3. დაევალოს შპს „სტუდია მაესტროს“ ეთერში გაუშვან საიას მიერ 2016 წლის 8 ივნისის კორესპონდენციით წარდგენილი სოციალური რეკლამა;
  4. შპს „სტუდია მაესტროს“, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

საიას საჩივრის (23.06.2016  Nშ-6/5969-16) განხილვის მიზნით, ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართა 2016 წლის 21 ივლისს.

ზეპირ მოსმენამდე მხარეებმა კომისიაში წარმოადგინეს წერილობითი პოზიციები. საიას დამატებითი ახსნა-განმარტების (18.07.2016 Nშ-6/6991-16) თანახმად, ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოში ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს. გავრცელებულია, როგორც ქორწინების, ასევე ნიშნობის იძულების პრაქტიკაც. პრობლემის მთავარ გამოწვევას საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე და არაეფექტური რეაგირება წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემის სიმწვავეზე საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველიც თავის 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში - ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასაწორობის შესახებ. საიას ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ სადაო ვიდეო რგოლი შეეხება, სწორედ, აღნიშნულ პრობლემას და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემასთან დაკავშირებით. ამდენად, შინაარსობრივად საიას მიერ დამზადებული რეკლამა აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს, ხოლო მისი ეთერში განთავსება  მაუწყებლის ვალდებულებას წარმოადგენს.

შპს „სტუდია მაესტროს“ წერილში (19.07.2016 Nშ-6/1727-16) აღნიშნულია, რომ საიას მიერ წარდგენილ სარეკლამო რგოლში არ არის იდენტიფიცირებადი, თუ რას ემსახურება სარეკლამო რგოლის განთავსება, ან რატომ უნდა ჩაითვალოს ეს ვიდეო რგოლი სოციალურ რეკლამად. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ვიდეო რგოლის მთავარი გზავნილი საზოგადოებისადმი მიწოდებულია სარეკლამო რგოლის დასრულების შემდგომ წარწერის სახით, რომელიც იმდენად მცირე ქრონომეტრაჟით არის ნაჩვენები, რომ აუდიტორია მის წაკითხვას და აღქმას ვერ ასწრებს.

შპს „სტუდია მაესტროს“ წერილობითი პოზიციის თანახმად, გაუგებარია თუ რა არის  საიას სარეკლამო რგოლის მიზანი, ფემიციდთან ბრძოლა თუ არასრულწლოვანთა ქორწინების პრევენცია; ასევე აღნიშნულია, რომ სარეკლამო რგოლში მხოლოდ ქალთა უფლებებია დაცული და ამ თვალსაზრისით დისკრიმინაციული ხასიათისაა, რის გამო, აღნიშნული სარეკლამო რგოლი არ შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ  რეკლამად.

2016 წლის 21 ივლისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ საიას წარმომადგენელი ნ. ქურდოვანიძე და შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი ვ. მამულია.

საიას წარმომადგენელმა ნ. ქურდოვანიძემ კომისიაში გამართულ ზეპირ მოსმენაზე მხარი დაუჭირა საიას საჩივარს და განაცხადა, რომ საიას მიერ წარდგენილი  სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა კრიტერიუმს.

შპს „სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელმა ვ. მამულიამ, მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილი შპს „სტუდია მაესტროს“ წერილობით პოზიციას და ზეპირი მოსმენისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა მაუწყებლის მოსაზრება, რომ საიას მიერ შპს „სტუდია მაესტროში“ წარდგენილი სარეკლამო რგოლი არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას.

შპს „სტუდია მაესტროს“ წერილობით პოზიციაში დაფიქსირებულია მაუწყებლის მზადყოფნა, კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საიას სარეკლამო რგოლის სოციალურ რეკლამად განთავსებასთან დაკავშირებით.

II. გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია;
  3. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია, როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
  4. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი  პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტის შესაბამისად სოციალური რეკლამა განმარტებულია როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
  5. „რეკლამის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სოციალურ რეკლამაში არ უნდა იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები),აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს.
  6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.
  7. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

კომისია აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა ქორწინება, რომ უარყოფითად მოქმედებს არასრულწლოვანთა მომავალზე და განვითარებაზე აღიარებულია სახელმწიფოს მხრიდან, რამაც ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაში (საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 16.12.2015 N4649-რს, სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.018034), რომლის თანახმად, გაუქმდა 16 წლის ასაკში მშობლის (მზრუნველის) თანხმობით ქორწინება, ხოლო 2017 წლიდან აიკრძალება 18 წელს მიუღწეველი პირის ქორწინება ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. სამოქალაქო კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს გამონაკლისს - 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინებას მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება.

კომისიას მიაჩნია, რომ საიას მიერ 2016 წლის 8 ივნისს შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ეთერში განთავსების მიზნით წარდგენილი სარეკლამო რგოლი ეხება ქართული  საზოგადოებისათვის ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხს და აკმაყოფილებს „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კერძოდ, სარეკლამო რგოლი, შინაარსის გათვალისწინებით, მიმართულია ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ, არ შეიცავს კომერციული ან პოლიტიკური რეკლამისათვის დამახასიათებელ ნიშნებს და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტრომ“, საიას მიერ 2016 წლის 8 ივნისს წარდგენილი სოციალური რეკლამის განუთავსებლობით, დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს „სტუდია მაესტროს“ მხრიდან მსგავსი სახის დარღვევის პირველი შემთხვევაა და შპს „სტუდია მაესტრო“ გამოთქვამს მზადყოფნას კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საიას სარეკლამო რგოლი, საკუთარ სამაუწყებლო ეთერში, სოციალური რეკლამის სტატუსით განათავსოს, კომისიამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და მიიჩნია, რომ  შპს „სტუდია მაესტროს“ გაფრთხილება არ უნდა დაეკისროს.

 III.სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, მე-171 და 21-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (ვ. აბაშიძე, კ. ბექაური, მ. ქათამაძე)

გადაწყვიტა:

  1. დაკმაყოფილდეს საიას მოთხოვნა და განემარტოს შპს „სტუდია მაესტროს“, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარის მიერ შპს „სტუდია მაესტროსთან“ ეთერში განთავსების მიზნით წარდგენილ იქნება ვიდეო რგოლი სოციალური რეკლამის სტატუსით, შპს „სტუდია მაესტრო“ ვალდებულია სამართლებრივი კუთხით შეისწავლოს აღნიშნული ვიდეო რგოლი აკმაყოფილებს თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კერძოდ, სარეკლამო რგოლი ხომ არ წარმოადგენს კომერციულ, ან წინასაარჩევნო რეკლამას, მიმართულია თუ არა იგი საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ ხომ არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას, სარეკლამო რგოლში ხომ არ არის მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს. თუ აღნიშნულის შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მაუწყებლისთვის წარდგენილი სარეკლამო რგოლი არ წარმოადგენს კომერციულ ან წინასაარჩევნო რეკლამას, აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7  პუნქტითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შინაარსობრივად მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ, შპს „სტუდია მაესტრო“ ვალდებულია იმოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
  2. დაკმაყოფილდეს საიას მოთხოვნა და დაევალოს შპს „სტუდია მაესტროს“ საიას მიერ 2016 წლის 8 ივნისს წარდგენილი  სოციალური რეკლამის   სამაუწყებლო ეთერში განთავსება;
  3. არ დაკმაყოფილდეს საიას მოთხოვნა შპს „სტუდია მაესტროსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის (წერილობითი გაფთხილება) დაკისრების ნაწილში;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საიასათვის და შპს „სტუდია მაესტროსათვის“ გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ი. ხარებავა);
  5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსათვის“ და საიასათვის ჩაბარებისთანავე;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის წევრ გიორგი ფრუიძის განსხვავებული აზრი: გიორგი ფრუიძემ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს გადაწყვეტილების ყველა პუნქტს, გარდა იმ პუნქტისა, რომლის თანახმად, შპს „სტუდია მაესტროს“ არ დაეკისრა წერილობითი გაფრთხილება. გიორგი ფრუიძის განმარტებით, შპს „სტუდია მაესტრომ“  დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება.

კომისიის თავმჯდომარე                                          ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                        კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                        გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                        მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები