შპს ,,პალიტრა TV“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2016 11:49
მიღების თარიღი აგვისტო 04, 2016
შპს ,,პალიტრა TV“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
მხარე:
ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდი“
წარმომადგენლები: გ. ბოჩიკაშვილი და მ. პატარიძე
მოწინააღმდეგე მხარე:
შპს „პალიტრა TV“
წარმომადგენელი:
ა. სამსონია
დავის საგანი: მაუწყებლის მიერ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრის განხილვის დროს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურული წესების დაუცველობა
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარი (№შ-6/7471-16; 22.07.2016), რომლითაც ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდი“ ასაჩივრებს შპს „პალიტრა TV“-ის მიერ, თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრის განხილვისას პროცედურულ დარღვევებს. ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ განცხადებით, მან რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 2016 წლის 7 აპრილს საჩივრით მიმართა კომისიას შპს ,,პალიტრა TV”-ის აღნიშნულ ორგანიზაციათა საჩივრის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის დარღვევით განხილვის გამო. ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ კომისიამ მიმდინარე წლის 18 აპრილს განსახილველად არ მიიღო ზემოთ მითითებულ ორგნიზაციათა საჩივარი იმ საფუძვლით, რომ თვითრეგულირების საპელაციო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიის მიერ მაუწყებლის ქცევის კანონიერებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა, საფრთხეს უქმნის მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას.
ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ განცხადებით, შპს ,,პალიტრა TV“-ის თვითრეგულირების მექანიზმის სააპელაციო კომისიამ სადავო საკითხი განიხილა 2016 წლის 27 აპრილს, თუმცა, მხარეებისთვის გადაწყვეტილება ან გადაწყვეტილების ვადის გაზრდის თაობაზე ინფორმაცია ამ დრომდე არ უცნობებია.
ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდი“ თავის საჩივარში უთითებს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა სააპელაციო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.
მოთხოვნა:
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს ,,პალიტრა TV“-ის მიერ ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პროცედურული წესების დარღვევის საკითხის კომისიის მიერ შესწავლა, როგორც აპელაციის ეტაპზე, ასევე თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივრის საწყის ეტაპზე განხილვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადნენ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები გ. ბოჩიკაშვილი და მ. პატარიძე, ასევე, შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენელი ა. სამსონია. ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა გ. ბოჩიკაშვილმა დაადასტურა ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნა. მხარეებმა კომისიის სხდომაზე დაადასტურეს, რომ წინამდებარე საკითხის განხილვა წარმოადგენდა კომისიის კომპეტენციას.
კომისიის სხდომაზე შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენელმა ითხოვა საკითხის განხილვის დანიშვნა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ხოლო ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა ითხოვეს საკითხის განხილვის დანიშვნა თვის ბოლოს. მხარეებმა დაადასტურეს, რომ მათთვის მისაღები იყო ზეპირი მოსმენის გამართვა 2016 წლის პირველ სექტემბერს.
წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს (შენიშვნა: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (10.10.2009 N1/3/421,422) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები ,,გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა" იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით);
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია;
- „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
- კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი;
- „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის სააპელაციო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა სააპელაციო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს;
- „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჩივრის განხილვისას მაუწყებელმა (სააპელაციო ორგანომ) უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის დასწრება, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდი“ ასაჩივრებს შპს „პალიტრა TV“-ის მიერ, თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვისას პროცედურულ დარღვევებს, ხოლო შპს ,,პალიტრა TV”-ი წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 11.02.2013, მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა) და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მას, როგორც მაუწყებელს ავალდებულებს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას, ხოლო „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რა პროცედურების დაცვითაც მაუწყებელი ვალდებულია განახორციელოს რეაგირება თვითრეგულირების ფარგლებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით და დავის საგანს წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით მაუწყებელზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა, კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, შესაბამისად, უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო ზეპირი მოსმენის თარიღად, მხარეთა თხოვნის გათვალისწინებით, განისაზღვროს 2016 წლის პირველი სექტემბერი.
II. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის,კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,პალიტრა TV“-ის წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის პირველ სექტემბერს, 15:00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
ბ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
