წვდომის მენიუ

შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,მობიტელს“ შორის დავის განხილვის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: 542 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2016 11:46

მიღების თარიღი აგვისტო 04, 2016

შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,მობიტელს“ შორის დავის განხილვის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

მხარე:

შპს „მაგთიკომი“

წარმომადგენლები: დ. ძიძიგური და ი. შარაბიძე

 

მოწინააღმდეგე მხარე:

შპს „მობიტელი“

წარმომადგენელი: ი. ესართია

დავის საგანი: შპს „მაგთიკომის“ ქსელში პორტირებულ სატელეფონო ნომრებზე შპს „მობიტელის“ ქსელიდან სატელეფონო ზარების განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შპს „მობიტელის“ მიერ აღმოუფხვრელობაზე რეაგირება

I.  საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/6576-16; 08.07.2016) შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ. წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, ბოლო ერთი წლის მანძილზე ხშირია შემთხვევები, როდესაც შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში პორტირებული ნომრები ვერ იღებენ შემომავალ ზარს შპს ,,მობიტელის“ ქსელიდან. შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით, მიუხედავად არაერთი წერილობითი მიმართვისა, შესაბამისი ზომების მიღების თაობაზე, პორტირებული ნომრების ნაწილს დღემდე აქვს პრობლემა შპს ,,მობიტელიდან“ შემავალი ზარების მიღებაზე, რის გამოც, შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტებს  მომსახურება მიწოდებათ ხარვეზებით, რაც არ არის გამოწვეული შპს ,,მაგთიკომის“ ბრალით. შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, ზემოაღნიშნულის გამო ილახება შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტების ინტერესები და მნიშვნელოვანი ზიანი ადგება შპს ,,მაგთიკომის“ იმიჯს.

მოთხოვნა:

კომისიის მიერ შპს ,,მობიტელისთვის“ არსებული პრობლემების აღმოფხვრის დავალდებულება, ისე, რომ მომავალშიც არ განმეორდეს საჩივარში მითითებული ხარვეზები, რათა აბონენტებმა სრულყოფილად მიიღონ შპს ,,მობიტელიდან“ შემავალი ზარები.

შპს „მაგთიკომის“ საჩივარს თან ერთვის შპს ,,მობიტელისადმი“ გაგზავნილი 2015 წლის 5 აგვისტოს, 2015 წლის  26 ოქტომბრის, 2016 წლის 13 მაისის და 2016 წლის 5 ივლისის წერილები, ფიზიკურ პირ ნ. დეკანოიძის 2016 წლის პირველი ივლისის ელექტრონული წერილის ამონაბეჭდი კომპანია G&A GROUP-ის კორპორატიულ ნომრებზე შპს ,,მობიტელის“ ქსელიდან სატელეფონო ზარების მიუღებლობასთან დაკავშირებით და CD დისკი, რომელშიც, შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით, მოცემულია იმ სატელეფონო ნომრების ჩამონათვალი, რომლებზეც კვლავ არსებობს საჩივარში მითითებული პრობლემები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ განცხადების (18.05.2016; №შ-6/4515-16) საფუძველზე, რომელიც ეხებოდა შპს „მაგთიკომის“ ქსელში პორტირებულ მომხმარებლებთან შპს ,,მობიტელის“ ქსელიდან სატელეფონო ხმოვანი კავშირის ხარვეზით მიწოდებას, კომისიამ 2016 წლის 24 მაისის №01/1517-16 წერილით შპს ,,მობიტელისგან“ მოითხოვა ზემოაღნიშნული ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრა. შპს ,,მობიტელის“ საპასუხო წერილით (№შ-6/5191-16; 06.06.2016) კომისიას ეცნობა, რომ აღნიშნული პრობლემა გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით,  სისტემა ვერ ახერხებს ავტომატურ რეჟიმში მუშაობას და აუცილებელია ადამიანური რესურსის აქტიური ჩარევა. ამავე წერილში, შპს ,,მობიტელმა“ აღნიშნა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მუშაობდა დაჩქარებულ რეჟიმში და მისი  ვარაუდით პრობლემა აღმოფხვრილი უნდა ყოფილიყო 2016 წლის პირველი ივლისისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მაგთიკომის“ საჩივრის საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მობიტელს“ შორის არსებულ დავაზე.  არსებული დავის განხილვასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2016 წლის 19 ივლისს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (№03/2648-16; 12.07.2016; №03/2649-16; 12.07.2016;) ეცნობა შპს ,,მაგთიკომს“ და შპს ,,მობიტელს“ და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები და მტკიცებულებები წარმოედგინათ კომისიაში მოსამზადებელ სხდომამდე.

კომისიის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლები ი. შარაბიძე და ნ. დავითაშვილი და შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენლები ი. ესართია და ი. აფრიდონიძე.

კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელმა ი. ესართიამ აღნიშნა, რომ შპს ,,მობიტელს“ ჰქონდა მიმოწერა მიმწოდებელთან არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით. მისი განმარტებით, მიმწოდებლის მიერ მიღებული გარკვეული ზომების მიუხედავად, ხარვეზი არ გასწორდა და მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის აღმოფხვრაზე. შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნული წარმოადგენდა შპს ,,მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. მან ასევე აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში სხვა ოპერატორთა ქსელში პორტირებულ ნომრებზე სატელეფონი ზარის განუხორციელებლობის პრობლემის 680 შემთხვევას ჰქონდა ადგილი და სხვა ოპერატორებსაც აქვთ იგივე პრობლემა, როცა იზრდება პორტირების ტემპი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  ვინაიდან შპს ,,მაგთიკომი“ და შპს ,,მობიტელი“  წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ შორის არსებობს დავა შპს ,,მობიტელის“ მიერ ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში და კომისიაში უნდა დაწყებულიყო  დავის განხილვა შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,მობიტელს“ შორის.  შესაბამისად, 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით (№487/16), კომისიამ მხარეთა შორის დავის განხილვის დღედ განსაზღვრა 2016 წლის 28 ივლისი, რის თაობაზეც მხარეები კომისიის სხდომაზევე გაფრთხილდნენ.

კომისიის 2016 წლის 28 ივლისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,მაგთიკომისა“ და შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენლები.  შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელმა ი. ესართიამ აღნიშნა, რომ დიდი რაოდენობის სატელეფონო ნომრების პორტირების დროს კომპანიის პროგრამა ბევრ ნომერს ერთდროულად ვერ ამუშავებდა და ყველა პორტირებულ ნომერს დამისამართების კოდს არ ანიჭებდა, რის გამოც საჭირო იყო პროგრამაში შესვლა და კოდის მინიჭება. მან, ასევე განაცხადა, რომ შპს ,,მობიტელმა“ განაახლა პროგრამა ჯერ კიდევ კომისიის მოსამზადებელ სხდომამდე და ხარვეზი უკვე გამოსწორებულია. მისი განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში არცერთ ოპერატორთან არ დაფიქსირებულა მსგავსი პრობლემა, რის გამოც, მისი აზრით, მხარეთა შორის დავის საგანი არ არსებობდა.

შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ,,მაგთიკომის“ საჩივარში მითითებულ ნომრებზე ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრა, თუმცა, განაცხადა, რომ პრობლემა საბოლოოდ მოგვარებული არ იყო. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მცირე რაოდენობის ნომრების პორტირების დროს ხარვეზი სწორდებოდა შეტყობინების მიღების დღესვე, ხოლო ავტომატურ რეჟიმში ხარვეზის აღმოფხვრა ვერ ხერხდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მობიტელის“ მიერ ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის ფაქტის უტყუარად დადგენის მიზნით და ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს იგეგმებოდა დიდი რაოდენობის სატელეფონო ნომრების პორტირება, კომისიამ დაავალა კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე) საკითხის შესწავლა და წინამდებარე დავის განხილვა გააგრძელა 2016 წლის 4 აგვისტოს.

კომისიის 2016 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პროგრამული ხარვეზები აღმოფხვრილი იყო სრულად. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც. უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ შემოწმდა 2016 წლის პირველ აგვისტოს შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში პორტირებული სატელეფონო ნომრების ერთი მესამედი, რომლებზეც შეფერხების გარეშე გავიდა სატელეფონო ზარი შპს ,,მობიტელის“ სატელეფონო ნომრიდან, ხოლო ნომრების დარჩენილი ნაწილი არ შემოწმდა შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან პრობლების აღმოფხვრის ფაქტის დადასტურების გამო.  შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში დაპორტიდა დაახლოებით 350 ნომერი და აღნიშნულ ნომრებზე რაიმე შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებმა დაადასტურეს, რომ არ იყვნენ წინააღმდეგი წინამდებარე დავაზე შეწყვეტილიყო ადმინისტრაციული წარმოება.

II. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე;

გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე დავის განხილვის მომენტისთვის შპს ,,მობიტელს“ აღმოფხვრილი აქვს შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში პორტირებულ სატელეფონო ნომრებზე ზარის განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზები სრულად და შპს ,,მაგთიკომს“ აღნიშნულის გათვალისწინებით მოცემულ შემთხვევაში არ აქვს პრეტენზია შპს ,,მობიტელის“ მიმართ,  კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,მობიტელს“ შორის დავის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შეწყდეს შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,მობიტელს“ შორის დავის განხილვის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  6. წინამდებარე გადაწყვეტილების (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვახტანგ აბაშიძე                                             

კომისიის წევრი                                                                         ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                         გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                         მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები