წვდომის მენიუ

„თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის № 716/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 557 / 19

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2016 10:39

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2016

თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის 716/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი  მიმართულებები, რომლის საფუძველზეც შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული  „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციები“. ხსენებული რეკომენდაციებით განისაზღვრა ადგილობრივი საეთერო მაუწყებლებისთვის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის/მულტიპლექსპლატფორმის ფორმირებისთვის საჭირო სიხშირული რესურსის მინიჭების საკითხები და ქსელების აგების ვადები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონით (ძალაში შევიდა 2014 წლის 27 თებერვალს, საერეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341), ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, კომისიამ, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, უნდა იხელმძღვანელოს „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 გაკარგულებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის (ძალაში შევიდა 2014 წლის 27 თებერვალს, საერეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341) საფუძველზე კომისიამ 2014 წლის 25 დეკემბერს მიიღო №716/13 გადაწყვეტილება „თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“.

2016 წლის 18 მაისს, საქართველოს მთავრობის №862 განკარგულებით მოწონებულ იქნა ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციების II ეტაპი, რომლითაც, არსებული მდგომარეობისა და ადგილობრივი მაუწყებლების თხოვნის გათვალისწინებით, მაუწყებლებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის/მულტიპლექსპლატფორმის უზრუნველსაყოფად, თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელელვიზიო ქსელის/მულტიპლექსპლათფორმის სრულად ფორმირების ვადად განესაზღვრათ, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული  სამოქმედო გეგმისა და კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №716/13 გადაწყვეტილებისგან განსხვავებული ვადა, არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისისა, ხოლო საკუთარი სამაუწყებლო კონტენტის გავრცელება მათ მიერ ფორმირებული მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით უზრუნველყონ არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივნისისა. იმავდროულად, განისაზღვრა კომისიის უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გააუქმოს ადგილობრივი მაუწყებლისთვის, ხოლო ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების შემთხვევაში ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანებისთვის  ან/და ადგილობრივ მაუწყებელთა გაერთიანების იმ მაუწყებლისთვის, რომელიც ვერ ასრულებს ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რადიოსიხშირებული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება. ადგილობრივ მაუწყებელთათვის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით დაწესებული ვალდებულებები აისახა კომისიის 2016 წლის 19 ივნისის №383/19 გადაწყვეტილებაშიც.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2016 წლის 01 თებერვლის წერილით შპს „ტელერადიოკომპანია პიკ“-მა მიმართა კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1019-16 02.02.16), სადაც აფიქსირებს, რომ იგი დროებით აჩერებს მაუწყებლობას. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს 2016 წლის 18 მაისს საქართველოს მთავრობის №862 განკარგულებით მოწონებული ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების II ეტაპის, ნაწილი 1-ის, მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტით და კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №716/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რაც დასტურდება კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებში დაცული ინფორმაციითაც.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია „თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის № 716/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადგილობრივი მაუწყებლების ნუსხიდან შპს „ტელერადიოკომპანია პიკ“-ის ამოღება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. „თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისათვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №716/13 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203844723),  შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203842823), ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 404385465) და შპს „ტელეკომპანია თბილისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202063818) რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად  2015 წლის 17 ივნისიდან 10 წლის ვადით;“

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის  ადგილობრივი მაუწყებლებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე), კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი) და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                   გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                   მ. ქათამაძე

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები