საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადებების ფორმებში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 15, 2016 17:34
მიღების თარიღი აგვისტო 11, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადებების ფორმებში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”, რომლის შესაბამისად ტელემაუწყებლობისათვის გაუქმდა ლიცენზირების რეჟიმი. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიამ 2015 წლის 16 ივნისის №352/19 გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილებათა განხორციელება კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მაუწყებლობის ავტორიზაციის განცხადებების ფორმებში.
კომისის მიერ დამტკიცებულ ავტორიზაციის განცხადების ფორმებში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირებისთვის განისაზღვრა დამატებითი ვალდებულება, კერძოდ განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება ტელევიზიის მფლობელებთან და ფინანსურ სახსრებთან დაკავშირებთ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის ივნისიდან დღემდე განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საჭიროა კომისიამ დაადგინოს ავტორიზაციის მსურველის მიერ საავტორიზაციოდ წარმოსადგენი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციისთვის მინიმალური, რეალურად აღქმადი კრიტერიუმები. აღნიშნული დაეხმარება ავტორიზაციის მსურველ პირს სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენაში და ამავე დროს დაცული იქნება ავტორიზაციის შეტყობინებითი სამართლებრივი ბუნება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დამტკიცდეს ავტორიზაციის მსურველი პირის მიერ საავტორიზაციოდ წარმოსადგენი „განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის“ წარმოსადგენი ფორმა (თან ერთვის);
2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილებით დამტკიცებული:
ა) დანართი №1-ის თანდართული დოკუმენტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის ასლი;
ბ) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის გადაწყვეტილებით);
გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ (ინფორმაციის წარმოსადგენი ფორმა - დანართი №4);
დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
ე) ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია (ქონებრივი დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით)“.
ბ) დანართი №2-ის თანდართული დოკუმენტაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის გადაწყვეტილებით);
გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ (ინფორმაციის წარმოსადგენი ფორმა - დანართი №4);
დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
ე) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (ქონებრივი დეკლარაციის ფორმები დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით)“.
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
