წვდომის მენიუ

შპს „არქადა-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 57 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 12:33

მიღების თარიღი იანვარი 28, 2016

შპს „არქადა-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 18 დეკემბერს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის Nშ-10/10020-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით (დანართი: 1. შპს „არქადა ნეტის“ შესახებ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან; 2. კომისიის 2015 წლის  30 ნოემბრის N05/2877-15 წერილის ასლი; 3. კომისიის 2015 წლის 30 ნოემბრის N05/2877-15 წერილის შპს „არქადა ნეტისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი შპს „არქადა ნეტ“ არ წარმოადგენს შემდეგ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს: 2015 წლის თებერვლიდან ფორმა 1.1 (შემოსავლები); ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) და ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 2014 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და ფორმა 1.3 (ინვესტივიები); 2015 წლის კვარტალური ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში). ამასთან, მიუხედავად კომისიის 2015 წლის 30 ნოემბრის N05/2877-15 წერილობითი შეტყობინებისა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 5 იანვრის Nშ-10/45-16 სამსახურებრივი ბარათით გამოთხოვილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო  დეპარტამენტისგან ინფორმაცია, კერძოდ, ავტორიზაციის დღიდან - 2014 წლის 31 ივლისიდან დღემდე შპს „არქადა ნეტს“ წარმოდგენილი აქვს თუ არა რეგულირების ყოველწლიური  საფასურის გაანგარიშებების ფორმები და ამავე პერიოდზე გააჩნია თუ არა რეგულირების საფასურის დავალიანება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2016 წლის 5 იანვრის Nშ-10/45-16 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 8 იანვრის Nშ-10/125-16 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „არქადა ნეტს“ ავტორიზაციის დღიდან (ავტორიზაციის თარიღი: 31.07.2014) არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 30 ნოემბრის N05/2877-15  შეტყობინებით შპს „არქადა ნეტს“, მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ასევე, შპს „არქადა-ნეტი“ კომისიის 2015 წლის 30 ნოემბრის N05/2877-15 შეტყობინებით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის Nშ-10/10020-15 მოხსენებითი ბარათის და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 8 იანვრის Nშ-10/125-16 სამსახურებრივი ბარათის  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016  წლის 20 იანვარს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „არქადა-ნეტისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შპს „არქადა-ნეტს“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობა 2016 წლის 21 იანვრის  N03/210-16 შეტყობინებით და მოწვეულ იქნა 2015 წლის 28 იანვრის სხდომაზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შპს „არქადა-ნეტს“ ჩაბარდა 2016 წლის 21 იანვარს. (გზავნილის კოდი: 070000015718; ჩაბარების თარიღი: 21.01.2016; ჩაიბარა: რობერტ მანველიანმა).

კომისიის 2016 წლის 28 იანვრის სხდომაზე შპს „არქადა-ნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

 კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიის 2016 წლის 21 იანვარის  N03/210-16 შეტყობინება შპს „არქადა-ნეტს“ ჩაბარდა, მისი წარმომადგენელი  კომისიის 2016 წლის 28 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „არქადა-ნეტს“ შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2016 წლის 21 იანვარს და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს „არქადა-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 18 დეკემბრის Nშ-10/10020-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით - 4 ფურც. (შპს „არქადა-ნეტის“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი  რეესტრიდან; კომისიის 2015 წლის 30 ნოემბრის N05/2877-15 წერილის ასლი; კომისიის 2015 წლის 30 ნოემბრის N05/2877-15 წერილის შპს „არქადა-ნეტისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  2. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2016 წლის 5 იანვრის Nშ-10/45-16 სამსახურებრივი ბარათი;
  3. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 8 იანვრის Nშ-10/125-16 სამსახურებრივი ბარათი;
  4. შპს „არქადა-ნეტის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „არქადა-ნეტ“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 31.07.2014; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi );

2. 2015 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „არქადა-ნეტს“, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით კომისიაში წარმოსადგენი აქვს: 2015 წლის თებერვლიდან ფორმა 1.1 (შემოსავლები); ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) და ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 2014 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და ფორმა 1.3 (ინვესტივიები); 2015 წლის კვარტალური ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში);

3. შპს „არქადა-ნეტს“, კომისიაში 2015 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, რომლის წარმოდგენის ვალდებულება გათვალისწინებულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით. ასევე კომისიის 2015 წლის 30 ნოემბრის N05/2877-15 წერილით შპს „არქადა-ნეტს“ მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ასევე, შპს „არქადა-ნეტი“ კომისიის 2015 წლის 30 ნოემბრის N05/2877-15 წერილით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს; კომისიის 2015 წლის 30 ნოემბრის N05/2877-15 წერილი შპს „არქადა-ნეტს“ ჩაბარდა 2015 წლის 3 დეკემბერს (გზავნილის კოდი: 040032087204; გაგზავნის თარიღი: 30.11.2015; გზავნილის ჩაბარების თარიღი: 3.12.2015; ჩაიბარა: რ. მანველიანმა);

4. შპს „არქადა-ნეტს“ ავტორიზაციის დღიდან (ავტორიზაციის თარიღი: 31.07.2014) კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და შესაბამისად, რეგულირების საფასურის წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.

5. შპს „არქადა-ნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები. ამავე გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები  ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი № 1 და დანართი № 2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „არქადა-ნეტის“ მიერ ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევას, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „არქადა-ნეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „არქადა-ნეტს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს გაფრთხილება, ხოლო სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, უნდა დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (2015 წლის თებერვლიდან ფორმა 1.1 (შემოსავლები); ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) და ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 2014 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და ფორმა 1.3 (ინვესტივიები); 2015 წლის კვარტალური ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში)) შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ასევე, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენა და მათ შესაბამისად კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის ჩარიცხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პიველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ასევე, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფთხილება შპს „არქადა-ნეტს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „არქადა-ნეტმა“ 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების, კერძოდ:  2015 წლის თებერვლიდან ფორმა 1.1 (შემოსავლები); ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) და ფორმა 5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 2014 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და ფორმა 1.3 (ინვესტივიები); 2015 წლის კვარტალური ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში) შევსება და კომისიაში წარმოდგენა;

3. უზრუნველყოს შპს „არქადა-ნეტმა“ 10 სამუშაო დღის ვადაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „არქადა-ნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5.    დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „არქადა-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

6.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „არქადა-ნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.    გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „არქადა-ნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);

9.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები