წვდომის მენიუ

შპს „ტვ სპექტრისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 571 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2016 18:25

მიღების თარიღი აგვისტო 18, 2016

შპს „ტვ სპექტრისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/7403-16; 22.07.2016)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ სპექტრისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „ტვ სპექტრის“  მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (№შ-10/7403-16; 22.07.2016)  ირკვევა, რომ 2016 წლის 21 ივნისს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ტვ სპექტრის“  შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტები №35. შემოწმება ჩატარდა ქ. ხაშურში, კოსტავას ქ. N6,  შპს „ტვ სპექტრის“  ოფისში, კომპანიის მოლარე-ოპერატორის ვალიდა ასათიანის თანადასწრებით .

შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს  „ტვ სპექტრი“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „სილკ უნივერსალი“, „Мульт“, „აჭარა“,“GDS“, „ობიექტივი“, “Охота и рыбалка“, „მაესტრო“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „Шансон“, „კომედი არხი“, „იმედი“, „TV პირველი“, „ერთსულოვნება“, „დია“, „მარაო“, “TV 1000 megahit”, „ტაბულა“, „TV MAll“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“.  

შპს „ტვ სპექტრს“  2016 წლის 22 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:  „სილკ უნივერსალი“, „Мульт“, „აჭარა“, “GDS“, “Охота и рыбалка“, „Шансон“, „კომედი არხი“, „იმედი“, „ერთსულოვნება“, „დია“, „მარაო“,“TV 1000 megahit”, „ტაბულა“, „TV MAll“. შესაბამისად, შპს „ტვ სპექტრის“  მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს  „ტვ სპექტრის“  მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (22.07.2016; Nშ-10/7403-16) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 29 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ სპექტრისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 4 აგვისტოს 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტვ სპექტრს“ ეცნობა შეტყობინებით (29.07.2016; №03/2881-16), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად (გზავნილის კოდი: AP01000879765). მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის 2016 წლის 29 ივლისის N03/2821-16 შეტყობინება შპს „ტვ სპექტრს“ არ ჩაბარდა (კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ მისამართზე: ხაშური, თამარ მეფის ქ. N1) რის გამოც შეტყობინება ხელახლა გადაიგზავნა კომპანიის იურიდიულ მისამართზე (ხაშური, კოსტავას ქ. N6), რაც ჩაბარდა 2016 წლის 4 აგვისტოს (ჩაიბარა: შპს „ტვ სპექტრის“ წარმომადგენელმა ვალიდა ასათიანმა).

კომისიის 2016 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე შპს „ტვ სპექტრის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

კომისია აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვის გადადება, ვინადიან მხარისათვის შეტყობინების ჩაბარება გონივრულ ვადაში ვერ განხორციელდა. შესაბამისად, შპს „ტვ სპექტრისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო  2016 წლის 11 აგვისტოს, 15 საათზე.

შპს „ტვ სპექტრისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადებისა და საკითხის განხილვის თარიღის შესახებ შპს „ტვ სპექტრს“ ეცნობა კომისიის 2016 წლის 5 აგვისტოს N03/3005-16 შეტყობინებით.   კომისიის 2016 წლის 5 აგვისტოს N03/3005-16 შეტყობინება,  შპს „ტვ სპექტრს“ ჩაბარდა 2016 წლის 8 აგვისტოს (გზავნილის კოდი: AP01001199064; ჩაბარების თარიღი: 08.08.2016; ჩაიბარა: შპს „ტვ სპექტრის“ მოლარემ - ვალიდა ასათიანმა).

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „ტვ სპექტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა რიგი სამაუწებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, კერძოდ: შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სანებართვო წერილები (N1313-16; 9.08.2016; მოქმედების ვადა - უვადო) სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“-ის,  „კომედი არხის“ და „მარაოსი“ შპს „ტვ სპექტრის“ საკაბელო ქსელით გავრცელების უფლების მიცემის შესახებ (კომისიაში რეგისტრაციის:N6/8207-16, 10.08.2016);  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“  და  შპს „ტელეკომპანია დიას“  სანებართვო წერილი გაფორმებული 2016 წლის 8 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის: N6/8098-16, 8.08.2016); შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი სამაუწყებლო არხების: „Охота и Рыбалка“  და  „Шансон“  საკაბელო ქსელით გავრცელების თაობაზე  გაფორმებული 2016 წლის 1 იანვარს (კომისიაში რეგისტრაციის:N6/8098-16, 8.08.2016), შპს „ჯი-დი-ეს“-ის სანებართვო წერილი გაფორმებული 2015 წლის 28 ოქტომბერს (კომისიაში რეგისტრაციის: N6/8098-16, 8.08.2016) და საქართველოს საპატრიარქო ტელევიზიის „ერთსულოვნების“ სანებართვო წერილი გაფორმებული 2016 წლის 10 აგვისტოს (კომისიაში რეგისტრაციის: N6/8207-16, 10.08.2016).

კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტვ სპექტრის“  მოლარე ოპერატორი ვალიდა ასათიანი, რომელმაც მოითხოვა საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება.  კომისიამ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და შპს „ტვ სპექტრის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დანიშნა 2016 წლის 18 აგვისტოს,  რის შესახებაც შპს „ტვ სპექტრი“  გაფრთხილდა კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2016 წლის 18 აგვისტოს. კომისიის სხდომაზე  გამოცხადდა კომპანიის  დირექტორი პ. ციცქიშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევა და განმარტა, რომ შპს „ტვ სპექტრის“ მიერ ხორციელდება სხდომაზე დასახელებული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი. 

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 22 ივლისის  №შ-10/7403-16 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 21 ივნისის შემოწმების აქტი №35;

3. შემოწმების დამსწრე მოწმის ვალიდა ასათიანის პირადობის მოწმობის ასლი;

4.  შპს „ტვ სპექტრის“ შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი - 1 (CD);

5. შპს „ტვ სპექტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ;

6. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის  N 04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „ტვ სპექტრისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 010003903691); 

7. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან  და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ტვ სპექტრის“ შესახებ;

8. შპს „ტვ სპექტრის“  წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთბული კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე;

9. შპს „ტვ სპექტრის“ დირექტორის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „ტვ სპექტრი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 25.01.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);

2. 2016 წლის 21 ივნისს, 11:35 საათზე განხორციელდა შპს „ტვ სპექტრის“  შემოწმება ქ. ხაშურში, მისამართზე: კოსტავას ქ. N6 შპს „ტვ სპექტრის“  ოფისში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდა  შპს „ტვ სპექტრის“ მოლარე-ოპერატორი ვალიდა ასათიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №35. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე –ვალიდა ასათიანი;

4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2016 წლის 21 ივნისს შპს „ტვ სპექტრი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „სილკ უნივერსალი“, „Мульт“, „აჭარა“,“GDS“, „ობიექტივი“,“Охота и рыбалка“, „მაესტრო“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „Шансон“, „კომედი არხი“, „იმედი“, „TV პირველი“, „ერთსულოვნება“, „დია“, „მარაო“,“TV 1000 megahit”, „ტაბულა“, „TV MAll“, “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“.   

5. შემოწმების სისწორე დადასტურდა 2016 წლის 21 ივნისის N35 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით -1 (CD);

6.  2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „ტვ სპექტრს“ ჩაბარდა 16.01.2013.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „ტვ სპექტრს“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ; ასევე, ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;

7. გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, შპს „ტვ სპექტრს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „სილკ უნივერსალი“, „Мульт“,  „იმედი“, “TV 1000 megahit”, „ტაბულა“, „TV MAll“. შესაბამისად, შპს  „ტვ სპექტრის“  მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად;

8.  შპს „ტვ სპექტრმა“  2016 წლის 8 და 10 აგვისტოს  კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხის მართლზომიერი ჩვენების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები („ჯი-დი-ეს“-ის,  „რუსთავი 2“,  „კომედი არხი“,  „მარაო“,  „აჭარა“,   „ტელეკომპანია დია“,  „ერთსულოვნება“, “Охота и рыбалка“ და „Шансон“);

9. შპს „ტვ სპექტრის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  5.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არისნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
  7.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

9.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

11. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების:  „სილკ უნივერსალი“, „Мульт“, „აჭარა“,  „კომედი არხი“, „იმედი“, „ერთსულოვნება“, „დია“, „მარაო“, “TV 1000 megahit”, „ტაბულა“, „TV MAll“-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ტვ სპექტრის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, ხოლო სამაუწყებლო არხების: „Охота и Рыбалка“, „Шансон“ და „GDS“  საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით შესაბამისი ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენის გარეშე შპს „ტვ სპექტრის“ მიერ დარღვეული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს „ტვ სპექტრის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, შპს „ტვ სპექტრის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ტვ სპექტრს“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „სილკ უნივერსალი“, „Мульт“,  „იმედი“, “TV 1000 megahit”, „ტაბულა“, „TV MAll“-ის არამართლზომიერი ტრანზიტი.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს „ტვ სპექტრს“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.   შპს „ტვ სპექტრმა“ უზრუნველყოს სამაუწებლო არხების: „სილკ უნივერსალი“, „Мульт“,  „იმედი“, „TV 1000 megahit”, „ტაბულა“, „TV MAll“-ის საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვ სპექტრისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ტვ სპექტრისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ სპექტრისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს „ტვ სპექტრისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე);

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

       

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ვახტანგ აბაშიძე

 

კომისიის წევრი                                                                                  ელისო ასანიძე

 

კომისიის წევრი                                                                                  გიორგი ფრუიძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები