წვდომის მენიუ

შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 572 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2016 11:04

მიღების თარიღი აგვისტო 18, 2016

შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივლისის Nშ-10/7702-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშისათვის“ (შემდგომში შპს „ოდიში“) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის (ვ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის (N10/7702-16, 29.07.2016) თანახმად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს „ოდიშის“  2016 წლის 10 და 11 ივლისის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,ოდიში“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებს  შემდეგ მხატვრულ ფილმებს: „Dad’s army”, „National Security”, „Darkness Falls”, „Birkebeinerne”, „The last song”, „La Corrispondenza”. 

ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ კომისიამ 2016 წლის  14 ივლისს №04/2661-16 წერილით მიმართა შპს ,,ოდიშს“ და მოსთხოვა მას ზემოაღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში 2016 წლის 19 ივლისს შემოვიდა შპს ,,ოდიშის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/7145-16; 19.07.2016), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,ოდიში“  ადასტურებს ზემოაღნიშნული მხატრული ფილმების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსებას, საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმეტაციის გარეშე. 

კომისის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 18 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ოდიშს“ (N03/3049-16, 11.08.2016) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2016 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ოდიშის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა,  რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას ჩაბარდა 2016 წლის 15 აგვისტოს, რასაც შეტყობინებაზე ნ. ფაღავას (კომპანიის წარმომადგენელი) ხელმოწერა ადასტურებს.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.  კომისიას მიაჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  შპს   ,,ოდიშის“    დაუსწრებლად.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016  წლის 29 ივლისის  №10/7702 -16 სამსახურებრივი ბარათი;

2.   სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი – 1 CD;

3.    კომისიის 2015 წლის 14 ივლისის  №04/2661 – 16  წერილი, მისი  შპს „ოდიშისათვის“ გაგზავნისა და აღნიშნული წერილის კომპანიისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

4.      შპს ,,ოდიშის“ 2016  წლის 19 ივლისის საპასუხო წერილი   (კომისიაში რეგისტრაციის №6/7145-16; 16.07.2016);

6.      კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ოდიშის“ შესახებ მონაცემები;

7.       შპს ,,ოდიშის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის  მიერ მიცემული ახსნა-განმარტება  2016 წლის 18 აგვისტოს კომისიის სხდომაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს ,,ოდიში“  წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის ნომერი: BR-29; ავტორიზაციის თარიღი: 14/07/2015; მაუწყებლობის  სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი: ცივრული (ზუგდიდი) მულტიპლექსი));

2.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს „ოდიშის“  2016  წლის 10 და 11  ივლისის  სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი;

4. 2016  წლის 10 და 11 ივლისის  მდგომარეობით  შპს „ოდიში“  საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებდა შემდეგ მხატრულ ფილმებს: „Dad’s army”, „National Security”, „Darkness Falls”, „Birkebeinerne”, „The last song”, „La Corrispondenza” ;

5.  კომისიამ 2016  წლის 14 ივლისს  №04/2661-16  წერილით  შპს ,,ოდიშს“ მოსთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული მხატრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

6.  შპს „ოდიშს“ არც 2016  წლის 10  და 11 ივლისის  მდგომარეობით, არც გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის  არ გააჩნდა და კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი მხატვრული ფილმების: „Dad’s army”, „National Security”, „Darkness Falls”, „Birkebeinerne”, „The last song”, „La Corrispondenza” საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.);

7.  შპს ,,ოდიშს“ , ავტორიზაციის გავლისას (14/07/2015) განემარტა, რომ იგი, როგორც ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

8.  შპს ,,ოდიშის“  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო  ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
  3.  „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით)   მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  4. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
  5. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან  საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
  7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
  8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  10. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
  11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
  12. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ოდიშის“ მიერ  მხატვრული ფილმების: „Dad’s army”, „National Security”, „Darkness Falls”, „Birkebeinerne”, „The last song”, „La Corrispondenza”  შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე გადაცემით,  შპს ,,ოდიშის“  მიერ დაირღვა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტები, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  „ისმო-ს“  საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ოდიშის“ მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას,  კომპანია  წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, შპს „ოდიშს“ უნდა განემარტოს, რომ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მას დაეკისრება ჯარიმა.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,   ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა) და ვ) ქვეპუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს ,,ოდიშს“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლებისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების  დარღვევის გამო;

2.   შპს ,,ოდიშს“ მიეთითოს, რომ იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო პროდუქციის არამართლზომიერი გავრცელება;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ოდიშისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ოდიშისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ავტორიზებული პირისათვის ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ოდიშისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (გ. კვერენჩხილაძე);

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                            ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                          გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები